| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე, აღმსარებელნი, იერუსალიმში დაიბადნენ, ქრისტიანულ ოჯახში. თეოდორე უფროსი იყო. იგი ბავშვობიდანვე გაურბოდა ყმაწვილურ გართობა-მხიაერულებას და და საეკლესიო მსახურებაზე დასწრება უყვარდა. უმცროს ძმასთან, თეოფანესთან (ხსენება 11 ოქტომბერს) ერთად წმიდანი ხუცესს მიაბარეს აღსაზრდელად საბა განწმენდილის ლავრაში. შემდგომში ძმები ბერად აღკვეცეს, რამდენიმე ხანში კი მღვდელ-მონაზვნებად აკურთხეს. მას შემდეგ, რაც ხატმბრძოლმა ლეონ V სომეხმა (813-820 წწ.) კეთილმსახური მეფე მიხეილ I (811-813 წწ.) ტახტიდან ჩამოაგდო და ხატმბრძოლთა მწვალებლობის მფარველობა დაიწყო, იერუსალიმის პატრიარქმა წმიდანები კონსტანტინოპოლში გაგზავნა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად. ბიზანტიის დედაქალაქში ჩასულმა თეოდორემ და თეოფანემ სიტყვიერ პაექრობაში დაამარცხეს უსჯულო ლეონ V. ამით განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ძმები, შემდეგ კი ორივე გადაასახლა. ღვთის ნებით უსჯულო ლეონი მალევე აღესრულა თავისი კარისკაცების ხელით. ახალმა იმპერატორმა, მიხეილ II-მ (820-829 წწ.), რომელიც სრულიად გულგრილი იყო სასულიერო საკითხისადმი, სარწმუნოებისათვის პყრობილი ყველა ტუსაღი, მათ შორის თეოდორე და თეოფანეც, გაათავისუფლა. 829 წელს ტახტზე ავიდა მწვალებელი თეოფილე (829-842 წწ.), რომელმაც კვლავ განაახლა ხატთაყვანისმცემელთა დევნა. წმიდა ძმები ისევ გადაასახლეს. რამდენიმე ხანში თეოდორე და თეოფანე უკან გამოიწვიეს. ამჯერად ისინი სასტიკად გვემეს: გახურებული ნემსებით სახეებზე ამოაკაწრეს თითქოსდა მათი განსაქიქებელი წარწერები - 12 სალექსო სტრიქონი, რომელშიც აღმსარებლები „ცრურწმენის ჭურჭლებად“ იყვნენ მოხენიებულნი. წამების წინ ქალაქის ეპარქმა თეოდორეს სთხოვა, ერთადერთხელ ზიარებულიყო ხატმბრძოლებთან ერთად და ამისათვის თავისუფლები მინიჭება აღუთქვა, მაგრამ ნეტარმა მოწამემ უპასუხა: „ეს იმას ნიშნავს რომ მითხრათ: ჩვენ მხოლოდ თავს მოგჭრით, შემდეგ კი წადი საითაც გენებოს“. წამების შემდგომ წმიდა ძმები დაბა აპამეის საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც წმიდა თეოდორე გარდაიცვალა დაახლოებით 840 წელს. წმიდა თეოფანე ხატმბრძოლთა ერესის დაგმობას და სრულ დამარცხებას შეესწრო და ნიკეის ეპისკოპოსის ხარისხში აღესრულა. ღირს თეოფანეს ეკუთვნის მრავალი თხზულება მართლმადიდებლობის დასაცავად. ღირსმოწამე თეოდორეს წმიდა ნაწილები პატივით გადაასვენეს ქალაქ ქალკედონში, სადაც მათგან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა. |