მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა "მსწრაფლშემსმენელი" (X)
#წმინდათა ცხოვრება

2005 წლის 12 მაისს საბერძნეთიდან, ათონის წმიდა მთიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ ასლი ჩამობრძანდა. აღნიშნული ხატის დედანი დოქიარის მონასტერშია დასვენებული, იგი სავარაუდოდ X საუკუნეში დაიწერა. XVII საუკუნეში დოქიარის მონასტერში ასეთ სასწაული მოხდა: მონასტრის ტრაპეზარი ნილოსი ანთებული კვარით ხშირად ჩაუვლიდა ხოლმე ამ ხატს, რის გამოც იგი იჭვარტლებოდა. ერთხელაც ტრაპეზარს ხმა მოესმა, რომელიც აფრთხილებდა, არ ჩაედინა ამგვარი დაუდევრობა, მაგრამ ბერმა ამ ხმას ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან ეგონა, მონასტრის ერთ-ერთი ძმა აფრთხილებდა. ტრაპეზარი ხატისადმი დაუდევარ მოპყრობას განაგრძობდა, ამიტომ ღვთისგან სასჯელი მიიღო: თვალისჩინი დაკარგა. ამ სასწაულის შემდეგ ბერი უდიდეს სინანულში ჩავარდა და მხურვალე ლოცვით სთხოვდა უფალს პატიებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მას მართლაც თვალი აუხილა. დედა ღვთისმშობელმა ბერს ასევე აუწყა, რომ ამიერიდან ეს ხატი „მსწრაფლშემსმენელად“ იწოდება, ვინაიდან იგი მსწრაფლ შეისმენს მონანული მორწმუნის ვედრებას და აღუსრულებს მას ღვთისთვის სათნო თხოვნას.