მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

პავლე აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება

პავლე აღმსარებელი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობელად აირჩიეს პატრიარქ ალექსანდრეს (340 წ.) შემდეგ, როცა კვლავ იფეთქა არიანელთა ერესმა. კრებას, რომელსაც ახალი პატრიარქი უნდა აერჩია, მრავალი არიანელი ესწრებოდა. ისინი მღვდელმთავარ პავლეს კანდიდატურის წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ხმების უმრავლესობა მართლმადიდებლებმა მოიპოვეს.

იმპერატორი კონსტანციუსი (337-361 წწ.), რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა, არიანელი იყო. პატრიარქის არჩევნების დროს იგი კონსტანტინოპოლში არ იმყოფებოდა. როცა ჩავიდა, მან მოიწვია ახალი კრება, რომელმაც მღვდელმთავარი პავლე ხარისხაყრილად გამოაცხადა. უფლის რჩეული დედაქალაქიდან განდევნეს, მის ნაცვლად კი არიანელი ევსები ნიკომიდიელი აღასაყდრეს.

პატრიარქმა პავლემ რომს მიაშურა, სადაც თავშესაფარი ჰპოვეს ევსებისგან განდევნილმა სხვა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმაც. ევსები დიდხანს არ დარჩენილა საპატრიარქო ტახტზე. მისი გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. სამწყსო სიყვარულით შეეგება ნეტარს, მაგრამ კონსტანციუსის დევნამ იგი აიძულა, კვლავ რომში დაბრუნებულიყო.

იმპერატორმა კონსტანტმა (337-350 წწ.) თავის აღმოსავლელ თანამმართველ კონსტანციუსს პავლე საპატრიარქო კათედრაზე დააბრუნებინა, მაგრამ მალე, სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების დროს, მართლმადიდებელთა ქომაგი იმპერატორი კონსტანტი მოღალატურად მოკლეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარი პავლე კვლავ განდევნეს დედაქალაქიდან და სომხეთის ქალაქ კუკუზოში გადაასახლეს, სადაც იგი მოწამეობრივად აღესრულა: 350 წელს, როცა პატრიარქი საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა, არიანელები ტაძარში შეიჭრნენ და წმიდანი ომოფორით მოახრჩვეს.

381 წელს იმპერატორმა თეოდოს დიდმა (379-395 წწ.) ნეტარი აღმსარებლის უხრწნელი ნაწილები პატივით გადააბრძანა კონსტანტინოპოლში. 1326 წელს სიწმიდე ვენეციაში გადაასვენეს.