მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის ბოლო წლები ემთხვევა წმიდა დემეტრე თავდადებულის (ხსენება 12 მარტს) ძის, ვახტანგის მეფობის დროს (1301-1308 წლებში).

წმიდა ნიკოლოზი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰიმნოგრაფი და გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე იყო. სამწუხაროდ, მისი ბიოგრაფიიდან და მისი შემოქმედებიდან ჩვენამდე ძალიან ცოტა რამაა მოღწეული.

ანტონ კათოლიკოსი წერს, რომ ნიკოლოზი იყო „ავქსონი კანონთ, მრავალ აკოლოთიანთ“ და ასახელებს მის ერთ-ერთ თხზულებას: „ამან უზომოდ წვიმისა გარდამოსვლის დასაყენები შექმნა აკოლოთია, მხურვალსავედრი ღვთისადმი ერისაგან, მაღალგადმოთქმით“. ეს აკოლოთია გვხვდება ქართულ კურთხევანში.

წმიდა ნიკოლოზი ქართულ სასულიერო ლიტერატურას მთარგმნელობითი  მოღვაწეობითაც ამდიდრებდა, ვარაუდობენ, რომ როგორც ლიტუგისტს, მას უნდა ეკუთვნოდეს ის წესები, კერძოდ, „განგება წყლის კურთხევისა“, რომელიც 1306-1316 წლებშია ნათარგმნი ბერძნულიდან ქართულად.

პლატონ იოსელიანი წერს, რომ მან წმიდა ნიკოლოზის სხვა აკოლოთიანიც ნახა ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერებში.

წმიდა მამა 1308 წელს აღესრულა მშვიდობით.