მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ერმინინგელდი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე ერმინინგელდი იყო გუთთა მეფის შვილი, იგი სევილიელმა ეპისკოპოსმა ლეანდრემ არიანელთა მწვალებლობიდან მართლმადიდებლობაზე მოაქცია.

ერმინინგელდის მამა ჯიუტად იდგა არიანელობაზე. იგი ყოველმხრივ ეცადა შვილი კვლავ არიანელობაზე გადაედრიკა. სარწმუნოებრივ ნიადაგზე მამა-შვილს შორის ატეხილი ბრძოლის დროს ერმინინგელდი შეიპყრეს და ბორკილასხმული ვიწრო და ბნელ საკანში გამოამწყვდიეს.

აღდგომის წინა დღეს პყრობილი მეფისწულის საზიარებლად არიანელი ეპისკოპოსი გაგზავნეს, მაგრამ უფლის რჩეულმა არ მიიღო ერეტიკოსი. გამძვინვარებულმა არიანელებმა ნეტარს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 586 წელს, 13-14 აპრილს.

ძის სარწმუნოების სიმტკიცითა და სიმამაცით გაოცებულმა მამამ შეინანა თავისი საქციელი, მაგრამ მართლმადიდებლობის მიღება ვერ გადაწყვიტა და ეპისკოპოს ლეანდრეს უბრძანა, მისი მემკვიდრე რეკარედი მაინც მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

გამეფების შემდეგ რეკარედმა მთელს ქვეყანაში განამტკიცა მართლმადიდებლობა.