მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდანი ათნი ბევრნი (ასი ათასი) მოწამენი
#წმინდათა ცხოვრება

საქართველოს კეთილმსახური მეფის, წმიდა თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგა.

ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს: „ქვეყანა საქართველოისა მიეცა განსარყვნელად ამის ძალითა, რამეთუ დაუტევეს მეფეთა და მთავართა სამართალი, მოწყალება, სიყვარული, სიწრფოება, სიმართლე, და ამის წილ მოიპოვეს ამპარტავნება, ზაკვა, შური, სიძვანი, უწესობანი“. ღმერთმა სჯულის დამვიწყებელ ერს სასტიკი სასჯელი მოუვლინა.

ჩინგიზ-ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულითურთ აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა.

რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა. მეწინავე რაზმს, რომელსაც მოწამე შალვა ახალციხელი (ხსენება 17 ივნისს) და მისი ძმა ივანე სარდლობდნენ, ქართველთა ლაშქრის მთავარსარდალმა ივანე ათაბაგმა მაშველი არ გაუგზავნა. ათაბაგმა „შურითა ჰყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა“, - წერს „ქართლის ცხოვრების“ მემატიანე. ივანე მოკლეს, შალვა კი ტყვედ ჩაიგდეს და ერთი წლის შემდეგ წამებით ამოხადეს სული.

გავიდა ხანი. ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა: „აწ მნებავს, რათა შევერთნდეთ მტკიცითა ფიცითა და ვბრძოლოთ მტერთა (მონღოლებს), რამეთუ მეფე თქვენი დედაკაცი არს და მყოთ ქმარ მისა და მეფე თქუენ ზედა და ვძლიოთ ყოველთა მტერთა ჩუენთა. უკეთუ ესე არა ჰყოთ, მოოხრდეს სამეფო თქუენი“.

ჯალალედინის უტიფარმა განზრახვამ გააოცა მეფე და დარბაზი. რუსუდანმა ავაგს შეუთვალა: „არცა თუ სმენად საქმისა მაგისა, არამედ სრულიად განყენებად“. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის გულისწყრომა და უარი აცნობა ჯალალედინს.

სულთანმა ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა. ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.

„ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?“ - კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ უსაშინლეს სისხლიან დღეზე, - „ჩვილნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცვდიან და რომელსამე ტვინი დაეთხიის“... - სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი.

ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკლავდნენ. „ყვირილთა და ძახილთა და ვაებათა საზარელთა ხმათაგან იძვროდა ქალაქი ყოველი“. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.

ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომელის“ დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გამოასვენეს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“. ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა“ ელოდა.

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს.

ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“ მათ სამშობლოში.