მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ზინობი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე ზინობი - ეგეის ეპისკოპოსი, და მისი და ზინობია, მართლმორწმუნე მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს. და-ძმამ მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გლახაკებს დაურიგეს.

წმიდა ცხოვრებისათვის ზინობი ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული. ნეტარი მღვდელმთავარი დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართთა შორის და ღვთისაგან ბოძებული ნიჭით უსასყიდლოდ კურნავდა სნეულებს.

როცა იმპერატორმა დიოკლიტიანემ (284-305 წწ.) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ზინობი შეიპყრეს და მმართველ ლისიუსის სამსჯავროზე წარადგინეს.

უსჯულო ხელისუფალმა მღვდელმთავარს მიმართა: „სიტყვას არ გავაგრძელებ - გთავაზობ: სიცოცხლეს - თუ ჩვენს ღმერთებს თაყვანს სცემ და სიკვდილს - თუ არ სცემ თაყვანს“.

ნეტარმა მიუგო: „ეს წარმავალი სიცოცხლე ქრისტეს გარეშე სიცოცხლე კი არა, სიკვდილია; მიჯობს, დროებითი სატანჯველები დავითმინო ჩემი შემოქმედისათვის და შემდგომ განუშორებლად მასთან ვგიებდე, ვიდრე უარვყო იგი წამიერი სიცოცხლის ფასად და ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველებს ვეზიარო“.

ლისიუსის ბრძანებით მღვდელმთავარი ჯვარზე გააკრეს. ეპისკოპოსის დამ, ზინობიამ, ამხილა მტარვალთა სისასტიკე და ახოვნად აღიარა ქრისტე. ამისათვის უღმრთოებმა მასაც მრავალგვარი სატანჯველები დაატეხეს თავს. მოწამეებს ბოლოს თავები მოჰკვეთეს.

ხუცესმა ერმოგენმა უფლის რჩეულთა ცხედრები მიწას მიაბარა. ეს მოხდა 285 წელს.