| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი აბრამ დაყუდებული და ნეტარი მარიამისა
#წმინდათა ცხოვრება ღირსი აბრამ დაყუდებული, ასურელი მოღვაწე, IV საუკუნეში ცხოვრობდა. წმიდანი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მაგრამ ერთ უკაცრიელ ქოხში დაეყუდა და მკაცრ მარხვასა და ლოცვებში ატარებდა დღეებს. როცა მშობლები გარდაეცვალა, უფლის რჩეულმა მისი კუთვნილი მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა. რამდენიმე ხნის შემდეგ ედესის ეპისკოპოსისა და სამღვდელოების თხოვნით მან ხუცესის წოდება მიიღო და ერთ-ერთ წარმართულ სოფელში დაიწყო მოღვაწეობა. სამი წელი დაუცხრომლად იღწვოდა წმიდა მამა კერპთმსახურთა განსანათლებლად, მოთმინებით იტანდა მათგან ყოველგვარ ლანძღვა-გინებასა და გვემას: ერთხელ უღმერთოებმა სასიკვდილოდ ნაცემი მოღვაწე მახლობელ ტყეში უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ, ღვთის წყალობით გადარჩა. ყოვლადსახიერმა უფალმა მოწყალებით მოხედა თავის ერთგულ მსახურს - წარმართებმა ირწმუნეს ქრისტე და ნეტარი აბრაამის ხელით მოინათლნენ. ამის შემდეგ წმიდა მამა კვლავ ძველ სამოღვაწეო ადგილს დაუბრუნდა. უსაზღვრო იყო წმიდანის თავშეკავება - მის მთელ ქონებას შეადგენდა: ქიტონი და ჯვალო, რომელიც ემოსა, ჯამი, რომლითაც საზრდელს ღებულობდა და ჭილობი, რომელზეც ეძინა. წმიდანი სულ უფრო და უფრო მაღლდებოდა სულიერი სრულყოფის საფეხურებზე. მისი ახოვნებით სირცხვილეულ-ქმნილი ბოროტი ცდილობდა, ამპარტავნების ვნებით დაეთრგუნა ღვთის სათნომყოფელის სული. ერთხელ, შუაღამით, როცა ღირსი აბრაამი თავის სენაკში ლოცულობდა, უეცრად იქაურობა ნათლით გაბრწყინდა და გაისმა: „ნეტარ ხარ შენ, ნეტარ ხარ, როგორც არავინ კაცთა შორის“. წმიდანმა გულისხმაყო მტრის მანქანება და თქვა: „მე, ცოდვილი კაცი ვარ, მაგრამ ჩემი უფლის შეწევნასა და მადლს ვსასოებ და შენი არა მეშინია“. დაუცხრომელი ღვაწლისთვის მას უფალმა კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. უკვე მოხუცი ღირსი აბრაამი მიცვალებამდე 15 წლით ადრე მეორეჯერ, ამჟამად მცირე ხნით, გამოვიდა დაყუდებიდან - წრფელ გზას გადამცდარი თავისი ძმისწულის, მარიამის გადასარჩენად. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მოსაგრე ცხოვრების შემდეგ 70 წელს მიღწეული უფლის რჩეული მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 360 წელს. უამრავი ხალხი შეკრიბა მის დაკრძალვაზე. „კაცად-კაცადი მიეახლებოდა მოსწრაფებითა წმიდათა მათ ხორცთა მისთა, და მოიტაცებდეს სამოსლისა მისისაგან ფესუსა და რავდენთა სნეულთა შეახებდეს ფესუსა მას, განიკურნებოდეს“. აბრაამ დაყუდებულის ცხოვრების შესახებ ცნობები შემოგვინახა მისმა თანამედროვემ და სულიერმა მეგობარმა, ღირსმა ეფრემ ასურმა (ხსენება 28 იანვარს). ღირსი მარიამი, აბრაამ დაყუდებულის ძმისწული, შვიდი წლის იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა და აღსაზრდელად ბიძას ჩააბარეს. წმიდა მამამ ბრძანა: „ყოფაი მისი გარეშესა მას სახლსა“. სენაკის მცირე სარკმლიდან შეასწავლა ღირსმა აბრაამმა მარიამს „დავითნი და სხუანი წიგნნი“. უბიწო ასული ბიძასთან ერთად მარხულობდა, მღვიძარებდა, გალობდა და „ისწრაფდა აღსრულებად ყოველთა სათნოებათა“. აბრაამმა ძმისწულის მთელი ქონება ობლებსა და გლახაკებს განუყო და ცრემლით ევედრებოდა უფალს, „რაათა არა შეიკრას გონებაი მისი რომელითამე ქუეყანისა საქმითა და ზრუნვითა“. „აღბორგდა ეშმაკი მის ზედა“. ნეტარის სიყვარულით აღძრულმა, ერთმა ყმაწვილმა შეძლო წმიდა ქალწულის ცდუნება - მარიამმა გააღო სარკმელი, დატოვა ოთახი და „შეიგინა მის თანა მღვერითა მათ ურჯულოებისაითა“. ცოდვის აღსრულების შემდეგ გონს მოსული ასული სასოწარკვეთილებამ მოიცვა, სახლში დაბრუნება ვერ გაბედა, სხვა ქალაქს მიაშურა და გარყვნილ ცხოვრებას მიეცა. ძმისწულის დაკარგვა რომ შეიტყო, აბრაამი მწარედ ატირდა და გულმოდგინედ ევედრა უფალს, დაეცვა იგი „პირისაგან ვეშაპისა“. ორი წლის შემდეგ აბრაამმა მარიამის ადგილსამყოფელიც გაიგო, გამოვიდა ქოხიდან, ერისკაცის სამოსელი შეიმოსა და ქალაქს მიაშურა. საროსკიპოში შესულმა წმიდანმა მოითხოვა მარიამი „ქალი ქმნულ-კეთილი“. „მოუწოდე მას, რათა დღეს ვიხარო მის თანა, რამეთუ ფრიადისა ჰამბავისა მისისათვის ვეტრფიალე მას“. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ „პირი მისი აღივსო ცრემლითა“, მაგრამ თავი შეიკავა, „რაითა არა ცნას და ივლტოდეს“. მაშინ ნეტარმა მამამ „რომელმან ერგასისთა წელთა მონაზონებისა მისისათა პურისა გემოი არა იხილა და არცა ყოველთავე ღვნისა... ხორცნი ჭამა და ღვინოი სუა, რაითა იხსნეს სული წარწყმედული“. ტრაპეზთან განცხრომის შემდეგ, როცა მარიამმა ოთახის კარები ჩაკეტა, სარეცელზე ჩამომჯდარმა აბრაამმა თვითონ მოუხმო მას, მაგრად ჩასჭიდა ხელი, რომ არ გაქცეულიყო, შემდეგ კი ქუდი მოიხადა, გამოემცნაურა სულიერ შვილს და გოდებით უთხრა: „შვილო ჩემო, მარიამ, ვერ მიცან? მე მამის ძმაი შენი აბრაჰამ! შვილო ჩემო და ნაწლევო ჩემო, არა მიცანა? მე ვარ რომელმან განგზარდე შენ! რაი ესე ჰქმენ, შვილო ჩემო, ანუ ვინ მოგკლა შენ! სად არს ხატი იგი შენი ანგელოზებრი, რომელი გემოსა შენ? რაისათვის არ მითხარ, ოდეს იგი სცოდე, შვილო ჩემო და მემცა ვევედრე შენ წილ ღმერთსა საყუარელსა ჩუენისა ეფრემის თანა. რაისათვის ესე საქმე ჰქმენ? რაისათვის ეგრეთ დამაგდე მე და მწუხარებასა დიდსა შემაგდე მე, შვილო ჩემო?“ შემდეგ კი შეუნანებელ ცოდვილთათვის განმზადებული ჯოჯოხეთის სატანჯველები და მონანულთა მიმართ ღვთის უსაძღვრო გულმოწყალება მოაგონა დაცემულს. მარიამს ეს რომ ესმა, „იქმნა ვითარცა ქვაი უსულოი ხელთა მისთა შინა შიშისაგან და სირცხვილისა“. აბრაამმა დასძინა: „არარას მომიგება, შვილო ჩემო მარიამ, და არას მეტყვა, ნაწლევო ჩემო, ჩემ ზედა იყავნ ცოდვაი ეგე შენი, შვილო ჩემო, მე სიტყუაი მიუგო ღმერთსა დღესა მას საშჯელისასა, მე ვინანდე ცოდვისა მაგის შენისათვის, შვილო ჩემო“. და შუაღამემდე ტირილით ევედრებოდა და შეაგონებდა მას. ბოლოს მარიამმა თქვა: „უკუეთუ უწყი, ვითარმედ შემძლებელ ვარ სინანულად და თუ შეიწყნაროს ღმერთმან სინანული ჩემი და მომიტევნე მე ღმერთმან შეცოდებანი ჩემნი, აჰა ესერა, მოვალ, შეუვრდები და ვჰლოცავ შენსა სიწმინდესა და ჰამბორს უყოფ ფერხთა შენთა, რამეთუ ესრეთ წყალობა ჰყავ ჩემთვის და მოხუედ აქა, რაითა გამომიყვანო მწყრისა ამისგან არაწმინდებისა“. მან თავი წმიდანის ფეხებთან დადო და სინანულითა და ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერებით აღსავსე, მთელი ღამე ტიროდა. როცა გათენდა, ბიძა-ძმისწული დაყუდების ადგილს დაუბრუნდნენ. აბრაამმა მარიამი შიდა საკანში შეიყვანა, სადაც ადრე თავად მოღვაწეობდა, თვითონ კი გარეთა საკანში დამკვიდრდა. „მიერითგან ნეტარი იგი ქალი ინანდა ძაძითა და ნაცრითა, სულთქუმითა და ცრემლითა მწარითა, აღმსთობითა და მღვიძარებითა დიდითა, მარხვითა და ცრემლითა, სიმდაბლითა და სიმშვიდითა შურებოდა გულსმოდგინედ და ინანდა მოსწრაფედ და ჰმადლობდა დაუცხრომლად“.
ფიცხელი ღვაწლისათვის უფალმა თავის რჩეულს ცოდვათა მიტევება და კურნების ნიჭი მიმადლა. ნეტარი აბრაამის გარდაცვალების შემდეგ მარიამმა ხუთი წელი იცოცხლა და „გარდარეულად შურებოდა და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთს დღე და ღამე“. როცა უფალმა წმიდა დედის სულიც შეივედრა, „პირი მისი... გაბრწყინდა, ვითარცა მზე“.
|