| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი
#წმინდათა ცხოვრება ღირსმოწამე ანასტასია რომაელი, ერთი ცნობით - იმპერატორ დეკიუსის (249-251 წწ.), სხვა წყაროს მოწმობით კი - ვალერიანეს (253-260 წწ.) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი სამი წლისა იყო, როცა მშობლები გარდაეცვალა. ობოლზე ზრუნვა ერთმა კეთილმსახურმა დიაკონისამ, სოფიამ იტვირთა და იგი ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, ქალაქის თავმა პრობოსმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ ანასტასია. ქრისტეს ტარიგი მშვიდად შეხვდა შეიარაღებულ მეომრებს. პრობოსმა წმიდანის სიყმაწვილე და მომხიბვლელობა რომ იხილა, თავდაპირველად ლიქნით სცადა მისი გადაბირება: „რატომ ღუპავ შენს ყმაწვილქალობას, რად გაურბიხარ შვება-სიამოვნებას? რა მოსაგებელია ჯვარცმულისათვის ტანჯვა და სიკვდილი? ჩვენს ღმერთებს ეცი თაყვანი და ღირსეულ ქმარსაც შეიძენ, დიდებასაც და პატივსაც“. ანასტასიამ მტკიცედ მიუგო: „ჩემი სიძე, ჩემი საუნჯე, ცხოვრება და სიხარული - იესო ქრისტეა. ტანჯვის შიშით ვერ განმაშორებ უფალს!“ მარტვილის არაადამიანური წამების მოწმე ხალხი აღშფოთებამ მოიცვა, ქალაქის თავი იძულებული გახდა შეეწყვიტა ანასტასიას ტანჯვა და მისთვის თავის მოკვეთის ბრძანება გასცა. ნეტარის ცხედარი ქალაქგარეთ დააგდეს. ზეგარდმო მინიშნებით წმიდა ანასტასიას აღმზრდელმა სოფიამ მიაკვლია მოწამის ნეშტს და ორი სხვა ქრისტიანის დახმარებით მიწას მიაბარა. |