| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა სერაპიონ ზარზმელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა სერაპიონ ზარზმელი კლარჯელი აზნაურის შვილი იყო. ღირსი სერაპიონის მამა კვიპრიანე და დედა, რომლის სახელი „მოუხსენებლად დაიფარა სოფლით“, ღვთისმოშიშებით და პატიოსნად ცხოვრობდნენ, „ნაშრომისაგან მათისა მდიდრად ზრდიდეს გლახაკთა და ძალისებრსა მისცემდეს უღონოთა ხელის აპყრობასა“. სერაპიონს ჰყავდა ორი ძმა. დედა ადრე გარდაეცვალა. შვილები კეთილად აღზარდა მამამ და მცირე ხნის შემდეგ იგიც აღესრულა. სერაპიონს სიყრმიდანვე მეუდაბნოების სურვილი ჰქონდა. იმ დროს კლარჯეთის უდაბნოებში მოღვაწეობდნენ სახელგანთქმული მამები: ამონა, ანდრია, პეტრე, მაკარი, მიქაელი... სერაპიონი თავის უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად წავიდა და თავი თავისი შეჰვედრა „მამასა სულთასა და მზრდელსა ობოლთასა“, „სასწაულთა და ნიშთა მოქმედსა“ დიდი მიქაელ პარეხელს (ხს. 27 მაისს). ღირსმა მამამ მიიღო სერაპიონი და იოანე და „თანააღრაცხილ ყვნა დასსა მოწაფეთასა“. უფროსი ძმა სახლში დარჩა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა - უცხოთა და გლახაკთა“ მსახურებით ცხოვრობდა. ღირსი მიქელი ხედავდა სერაპიონის საღმრთო მოქალაქეობას, მოშურნეობას და მღვდლად აკურთხა იგი. ერთხელ, ლოცვისას, ღირსმა მიქელმა იხილა მღვდელმშვენიერად შემოსილი კაცი, რომელმაც უბრძანა, რომ მის მიერ განსწავლული მოწაფეები, სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. სერაპიონი შეაკრთო დიდმა პატივმა და მოვალეობამ, მაგრამ, ცხოველმყოფელი ჯვრის მსასოებელი და მოძღვრის მიერ გამხნევებული, თანამოსაგრეებთან ერთად სამცხეში წავიდა. ძმებს თანაშემწედ „თანა-ეტვირთათ ცხოველი ხატი ფერიცვალებისაი“. ბერებმა მშვიდობით მიაღწიეს თვალუწვდენელი სიმაღლის მთას, დაათვალიერეს იქაურობა, მოეწონათ და მიუხედავად იმისა, რომ „სასწაულნი იგი, ადგილსა ამას“ ვერ იხილეს, გადაწყვიტეს, აქ აეშენებინათ მონასტერი. მალე იქაურმა მცხოვრებლებმა ძმები განდევნეს. დაღონებულმა ბერებმა მდინარის გაღმა, დასავლეთით, სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც მიქაელმა იხილა გამოცხადებით. ამ მხარის მთავარი იყო კეთილმსახური ფეოდალი გიორგი ჩორჩანელი. ერთხელ, ნადირობისას, გიორგი ჩორჩანელმა ნახა უსიერი ტყის თავზე აღმართული კვამლი, გაუკვირდა და მაცნე გაგზავნა ამბის გასაგებად. მას აუწყეს ორი საკვირველი ბერის შესახებ. გიორგი დიდი პატივით გაეშურა ბერებისაკენ, მდაბლად მოიკითხა, თაყვანი სცა ფერისცვალების წმიდა ხატს და კურთხევა ითხოვა ბერებისაგან. წმიდა სერაპიონის ქადაგებით გაკვირვებული მთავარი ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს და ყოველგვარი დახმარება აღუთქვა, შემდეგ იქაურობა უბოძა მონასტრის ასაშენებლად და იმ ადგილების დამტკიცებასაც შეჰპირდა, რომელსაც ბერები დილიდან საღამომდე შემოივლიდნენ. მეგზურება მთავრის თანმხლებ ძაბიკს, ძალიათას დაევალა. ძმებს უგზო და უვალ გზებზე, უსიერ ტყეებში და კლდოვან ბილიკებზე უწევდათ სიარული. ღვთის მოშიში და მოყვარული ადამიანები, იაგარ ბანელი დაემგზავრნენ მათ, გზის გაგნებაში დაეხმარნენ... მაგრამ დაბა-წისქვილის მცხოვრებლები აჯანყდნენ და ყოველნაირად ცდილობდნენ მათ დაბრკოლებას. სერაპიონმა გონებადაბინდულ ხალხს წინასწარმეტყველურად მიმართა: „ვიხილე უღმრთო აღმაღლებული ნაძვთამდე ლიბანისათა და თანაწარვხედ და არა იპოვა ადგილი მისი“. იმ ღამით დიდი სასწაული აღესრულა, მიწა იძრა, კლდე გაიპო, სათახვის მღვრიე ტბა გადმოდინდა და დაბა-წისქვილი სრულიად წალეკა, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა სასწაულებრივად. შიშით თავზარდაცემულმა ხალხმა ამ ადგილს ზარზმა უწოდა. ძმებმა ეკლესიისათვის შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყეს. წმიდა სერაპიონს მაღალ ბორცვზე სურდა მშენებლობის დაწყება, იოანე და სხვა ბერები კი ეუბნებოდნენ: „ნუ, წმიდაო მამაო, ადგილსა ამას, რამეთუ მაღალ და ცივ არს და ძმანი ესე შიშველ და გლახაკ“. მაშინ ნეტარი მამები ასე მოიქცნენ: ორ კანდელში თანასწორი რაოდენობის ზეთი ჩაასხეს. ერთი თავად სერაპიონმა დადგა მაღალ ბორცვზე, მეორე კი ბორცვის სამხრეთით, მცირე ღელეში - იოანემ. ორივენი დადგნენ ლოცვად. როცა გათენდა, ნახეს, რომ სერაპიონის კანდელი დაშრეტილიყო, იოანესი კი შუა სამხრამდე ბრწყინავდა. ეკლესიის საძირკველი იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა გაძნელდა: ირგვლივ დაბურული ტყეები იყო, მშენებლობისთვის საჭირო ქვები მხოლოდ მდინარეში იპოვებოდა. გიორგი ჩორჩანელის რჩევით, უმწის მიჭისძვრისაგან დანგრეული ეკლესიის ქვებიც გამოიყენეს და სამ წელიწადში ეკლესიის მშენებლობაც დასრულდა, წესისამებრ შეიმკო იგი და შიგ დაასვენეს ფერისცვალების სასწაულმოქმედი ხატი. ამის შემდეგ ძმათა სენაკებიც ააგეს. მამა სერაპიონმა „განაჩინნა წესნი და კანონნი საეკლესიონი“. ზარზმის მონასტრის ძმათა რიცხვი თანდათან იზრდებოდა. მათ სულებს მდინარესავით რწყავდა წმიდა სერაპიონის მადლიანი სიტყვა. ნეტარმა სერაპიონმა წინასწარ იგრძნო, რომ მისი ამსოფლიდან განსვლის ჟამი მოახლოვდა, მოუწოდა ძმათა კრებულს, დამოძღვრა ისინი და წინამძღვრად განუწესა მღვდელ-მონაზონი გიორგი, „კაცი კეთილი, სათნოებით ბრწყინვალე და ტკბილი საქმითა და სიტყვითა“. რამდენიმე დღის შემდეგ დასნეულებული სერაპიონი წამოდგა, საკურთხეველში შევიდა, ემთხვია წმიდა ტრაპეზსა და მაცხოვრის ხატს, ეზიარა, ძმებს სთხოვა, ელოცათ მისთვის, „მოიწია ცხედრად ჟამსა მეექვსესა და მეცხრესა ჟამსა შეჰვედრა სული თვისი ხელთა ღმრთისასა“. წმიდა სერაპიონი პატივით დაკრძალეს საკურთხევლის აღმოსავლეთით. წმიდა მამას თავისი საფლავი ადრევე გაეთხარა საკუთარი ხელით, რომ მისი ხილვისას მოჰგონებოდა სიკვდილი, „რომელი იგი სამარადისოდ წინაშე თვალთა აქვნდა“. წმიდანის ძმისწულმა ბასილ ზარზმელმა სერაპიონის წმიდა ნაწილები ახალშემზადებული ქვის ლარნაკში ჩაასვენა და „გადაასვენა საჩინოსა ახლისა ეკლესიისასა“. |