მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე კვირიაკე
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე კვირიაკე, იერუსალიმელი პატრიარქი, წარმოშობით ებრაელი იყო და სახელად იუდა ერქვა. ის იყო ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც იცოდა, თუ სად იყო დაფლული უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი. მის გულში ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს - ერთგულება იუდეური მსოფლმხედველობისა და ეჭვი იმისა, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო ის აღთქმული მესია, რომელიც ებრაელებმა ჯვარს აცვეს.

როდესაც დედოფალი ელენე იერუსალიმში ჩავიდა უფლის ჯვრისა და სხვა სიწმიდეების მოსაძებნად (იხ. 14 სექტემბრის საკითხავი), იუდამ შეკრიბა თანატომელები და გააფრთხილა: „უწყი, რამეთუ ძიებაი ეგულების ძელისა მის, რომელსა იესუ ჯუარს-აცუეს მამათა ჩუენთა. ეკრძალენით ნუუკუე აღ-ვინმე-იაროთ; უკუეთე არა, ნამდვილვე დაიხსნეს მამათა ჩუენთა მოცემული იგი სჯული, რამეთუ ზაქეოს, მამის მამან ჩემმან, ამცნო მამასა ჩემს სიმონს და ჰრქუა, და მამამან ჩემმან მე მამცნო და მრქუა: „ეკრძალე, შვილო ჩემო, რაჟამს ძიებაი იყოს ძელისაი მის, რომელსა ზედა მესია ჯუარს-ეცუა. გამოუჩინე იგი პირველ გუემად შენდამდე, რამეთუ არღარა ებრაელთა ნაშობნი მეფობდნენ, არამედ მიერითგან მათი მეუფებაი იყოს, რომელნი ჯუარ-ცუემულსა თაყუანის-სცემდნენ, რამეთუ იგი იყოს მეუფე უკუნისამდე - ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი“.

მალე დედოფალმა ელენემ იუდეველი უხუცესები თავისთან დაიბარა. ებრაელებმა იუდაზე მიუთითეს: „ესე კაცი მართლისა წინასწარმეტყუელისა ძე არს და სჯული ჭეშმარიტი იცის. გევედრებით, დედოფალომ ნებაი გულისა შენისაუ ამან აღგისრულოს“. 

დედოფალმა ყველანი გაათავისუფლა, იუდას კი მიმართა: „უკუეთუ გნებავს ცხორებაი ქუეყანისააცა და ზეცისააცა, მითხარ, სადა დამალულ არს ჯუარი“. თავდაპირველად იუდა უარზე იდგა: ორასი წლის წინ მომხდარ ამბავზე ჩვენ არ უნდა ვუწყოდეთო. ელენემ მისი ჯურღმულში ჩაგდება ბრძანა და ერთი კვირა აშიმშილა. 

განმარტოებით ყოფნამ კიდევ უფრო გაამწვავა იუდას ეჭვები. მან გადაწყვიტა, იუდეველთა ღმერთისთვის მიენდო ყველაფერი და დახმარება აღუთქვა უფლის რჩეულს. იუდამ დანამდვილებით თავადაც არ იცოდა ზუსტად, სად იყო დაკრძალული სიწმიდე. იგი ჯერ ნაგავსაყრელად ქცეულ, შემდეგ კი საკერპო ნაგებობით დაფარულ გოლგოთას მიუახლოვდა და ცისა და ქვეყნის შემოქმედ ღმერთს შეჰღაღადა: 

„თუ გნებავს, გამოგვიცხადე ჩუენ დაფარული იგი ფასი და ყავ ადგილსა ამას კუალი სუნელებისაი აღმოსლვად ქრისტესი, რამეთუ იგი არს მეუფე იესუ ქრისტე უკუნისამდე. ამინ“. 

როცა მან ლოცვა დაასრულა, ის ადგილი, სადაც სიწმიდე იყო დაფარული, შეიძრა და კეთილსურნელება დაიფრქვა ირგვლივ. იუდამ ირწმუნა ჯვარცმული უფალი, ხელები ზეცად აღაპყრო და თქვა: „ჭეშმარიტად, ქრისტე, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისაი“. მან საკუთარი ხელით გათხარა მიწა და ცხოველმყოფელი ჯვრის და მის მიერ მკვდრის აღდგინების მხილველი შეიქმნა. 

განრისხებულმა ეშმაკნა ღაღად-ჰყო: „იუდა, რაა ესე ჰყავ? პირველისა მის იუდასაგან ერი ვიცოდვე და აწ ამისა იუდასაგან ვიდევნები. აწ ვპოვო მეცა შენთვის, რაი ვყო: „აღვადგინო სხუაი მეფე, რომელმა უვარ-ყოფად გცეს ჯუარსა-ცუმული და ჩემსა ნებასა იქმოდის და მიგცეს შენ ძირ-ძირთა მათ სატანჯველთა, და გუემით უვარ-ჰყო ჯუარ-ცუმული იგი“. 

ნათლისღების შემდეგ იუდას კვირიაკე უწოდეს. შემდგომში წმიდა ცხოვრებისათვის იგი იერუსალიმის პატრიარქად იქნა დადგენილი. 363 წელს, ქრისტიანთა მდევნელის, იულიანე განდგომილის (361-363 წწ.) ზეობაში, მან სისხლის დათხევით დაამოწმა თავისი ერთგულება მაცხოვრისადმი. უღმერთოებმა მას გამლღვალი კალა ჩაასხეს პირში, გახურებულ რკინის სარეცელზე გააწვინეს, მდუღარე ქვაბში ჩააგდეს და ბოლოს, მახვილით აჩეხეს.