მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე პარასკევა
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე პარასკევა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III საუკუნეში. იგი იკონიაში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. მისი მშობლები განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ მაცხოვრის პატიოსანი ვნებების დღეს - პარასკევს, გამორჩეულად მკაცრი მარხვით, ლოცვითა და ქველის საქმეებით აღნიშნავდნენ ხოლმე მას. ამისთვის უფალმა კვირის სწორედ ამ დღეს უბოძა მათ ასული, რომელსაც დედ-მამამ პარასკევა დაარქვა.

პარასკევას მშობლები სიყრმეშივე გარდაეცვალნენ. ამის შემდეგ წმიდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღწვოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად.

წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმიდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობრძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს.

ღმერთმა წყლულები დაუამა თავის რჩეულს, მაგრამ მტარვალმა სასწაული ვერ გულისხმა-ჰყო, განაგრძო მოწამის ტანჯვა და ბოლოს მისთვის თავის მოკვეთის განკარგულება გასცა.