| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწამე ნეოფიტე
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე ნეოფიტე წარმოშობით სპარსი იყო. VII საუკუნეში „არაბთა და სირთა და მიდთა“ მფლობელი ამირა მუმნის ბრძანებით სარდალი აჰმადი დიდძალი სპით საქართველოს შემოესია. ლიახვის ხეობის მოოხრების შემდეგ აჰმადმა ორი მხედართმთავარი, ომარი და ბურული გაგზავნა მცხეთისკენ. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, სოფელ ციხედიდთან მეომრებმა მდინარის გაღმა, სარკინეთის კლდეთა შორის იხილეს „ქუაბნი გამოქნილნი“, მისი დაურბევლობა სირცხვილად და სულთნის წინაშე დანაშაულად მიიჩნიეს და გაღმა გასასვლელად მტკვარში შევიდნენ, მაგრამ მდინარის გადალახვა ვერაფრით შეძლეს. შეცბუნებულმა სარკინოზებმა ტყვეებს ჰკითხეს: „რაიმე არს ქუაბთა შინა?“ ტყვეებმა უპასუხეს, რომ ეს ნეტარი შიო-მღვიმელის მონასტერი იყო, სადაც ცხოვრობდნენ „კაცნი მონანი ღმრთისანი“, ყოველგვარ ამქვეყნიურ შვებას მოკლებულნი. მათი ამბის გაგონებამ უსჯულო მხედარნი დიდად გააკვირვა. სარდლებმა გადაწყვიტეს, ყოველივე აჰმადისთვის ეცნობებინათ. საღმრთო ძალისგან შემკრთალმა აჰმადმა მონასტერში ომარი გაგზავნა, ოქრო და მრავალი სახმარი ნივთი გაატანა და ბერებთან დააბარა თხოვნა: „ლოცვა ჰყავით ჩემთვის, მონანო ღმრთისანო, და ძღუენი ესე ჩემი მიიღეთ და ალუაი და გუნდრუკი მიართუთ საკმევად სამარხოსა მოძღუარისა თქუენისასა“. სარკინეთის ქვაბებს მიახლოებულმა ომარმა მონაზვნებს კაცი გაუგზავნა და აცნობა, ნუგეშინისცემად და სამსახურად მოვდივარ და არა სავნებლადო. მონასტრის ბჭესთან მისულმა მხედართმთავარმა იხილა „სიმრავლეი უხორცოთა მხედართა ნათლისათა, საკუირველ მავალნი ჰაერთა ზედა და შორის მათსა კაცი მოხუცებული მონაზონი ფრიადითა ელუარებითა შესახედავისათა“. მონასტრის მკვიდრთა თავმდაბლობამ და ისეთმა მოკრძალებულმა ყოფაქცევამ, თითქოს „ანგელოზნი ჰბრწყინავდეს ხორცთა შინა“, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ომარზე. ის მიხვდა, რომ უცხო მხედარნი უფლის ანგელოზები იყვნენ, მოხუცებული მონაზონი კი - ამ მონასტრის წინამძღვარი და ბერებს უთხრა: „წმინდაო ღმრთისანო, რაისთვის - მე მოშიშ ხართ თქუენ კაცთაგან? რამეთუ ვხედავ ჭეშმარიტად მცუელთა მონასტრისა თქუენისათა, მხედართა ნათლისა მცუელად თქუენდა, მფრინუალეთა ჰაერთა ზედა და შორის მათსა მონაზონსა ვისმე საკვირველსა მხცოვანსა წუერითა და თმითა, რომლისა ხილვისა სიკეთეი ვერ შესაძლებელ არს ჩემდა თქმად, ხოლო მრწამს, ვითარმედ მკვდარნი იგი არიან ანგელოსნი ღმრთისანი და მონაზონი იგი არს მოძღუარი თქუენი“. ძმებმა მადლობით ადიდეს უფალი, რომელმაც ნეტარი შიოს ლოცვით იხსნა მონასტერი უსჯულოთა დარბევისაგან. ომარმა მონაზონთა წინაშე აღთქმა დადო: „დამეკუეთოს რა ჟამი მარჯუ, მოვიდე თქუენდა და ვიქმნე ქრისტიანე და ნათელსვიღო და მონაზონ ვიქმნე და თქუენთანა დავადგრე სიკუდილამდე ჩემდა“. მართლაც, მან დაუტევა უღმრთოება, მამული, მთავრობა, სიმდიდრე, სავანეში მივიდა და მოინათლა. მასთან ერთად ნათელიღო მისმა ორმა მონამ. ნათლიღების შემდეგ ომარს ნეოფიტე (ახალი ნერგი) უწოდა, მის მეომრებს კი - ქრისტოდულოსი (ქრისტეს მონა) და ქრისტოფოროსი (ქრისტეშემოსილი). ღვთის განგებით, წმიდა ნეოფიტე მღვდელმთავრად იქნა დადგინებული ურბნისის კათედრაზე. ყველას განაკვირვებდა მღვდელმთავრის სიბრძნე და შემართება. ის თავისი სამწყსოს ნამდვილი მამა იყო: „მოუძლურებული მათი განაძლიერა, სნეული განამრთელა, შემუსვრილი შეკრა და ბოროტსა მყოფსა უსხეულსაქმა, ცდომილი მოაქცია და წარწყმედული მოიძია, დაადგრა მათ თანა, დაიცუნა და არა განაბნივა“. მტერმა ვერ მოითმინა სპარსის მოციქულებრივი მოღვაწეობა. მაზდეანებმა გადაწყვიტეს, მოეკლათ ქრისტეს მქადაგებელი მღვდელმთავარი. ურჯულოებმა გამონახეს მარჯვე დრო და სალოცავად განმარტოებულ ნეოფიტეს თავს დაესხნენ. ბარბაროსები აგინებდნენ მას, ემუქრებოდნენ, სამუდამოდ დაგადუმებთ ქადაგებისთვის, შენს მიერ დაშრეტილ ცეცხლს და დანგრეულ ბომონებს კი კვლავ აღვადგენთო. უსჯულოებმა იცოდნენ, რომ ნეოფიტე წმიდა სტეფანე პირველმოწამის სიკვდილს შეჰნატროდა, ამიტომ ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯეს. წმიდანმა ტკბილი ხმით მიუგო: „ტკბილ ჩემდა სიკუდილი, უღმრთონო, ტკბილ ჩემდა. საწადელ ჩემთა განყოფაა კავშირთა უკუდავისა და მოკუდავისა არსებისათა... ამიერითგან სისხლითა ჩემითა დავამტკიცო შრომილი ჩემგან წმიდა ეკლესია, რომელიც შეჰკრიბა ქადაგების მიერ ჩემისა ძემან და სიტყუამან ღმრთისამან პატიოსნითა სისხლითა თვისითა, ხოლო რომელიცა განაგო ჩემთვის ღმერთმან, იყავნ იგი, რამეთუ მომიწოდა მე უღმრთოებისაგან ნათლისა მიმართ თვისისა“. უსჯულოებმა წმიდანი ქვებით ჩაქოლეს. წმიდა მღვდელმოწამის უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი“. |