| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი
#წმინდათა ცხოვრება დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. როცა მამით დაობლებულმა წმიდანმა სრულწლოვანებას მიაღწია, იმპერატორმა მაქსიმიანე გალერიუსმა (305-311 წწ.) მას თავისთან მოუხმო, დარწმუნდა ნეტარის განსწავლულობასა და მხედართმთავრულ ნიჭში და მამის თანამდებობა - თესალონიკის ოლქის პროკონსულობა უბოძა. უმთავრესი ამოცანა, რომელიც ახალ მოხელეს დაეკისრა, იყო ქალაქის დაცვა ბარბაროსებისაგან და უკლებლივ ყველა ქრისტიანის ამოჟლეტა. დანიშნულების მიღების შემდეგ თესალონიკში დაბრუნებულმა დიმიტრიმ, მართლმორწმუნეთა დევნის ნაცვლად, ქრისტიანობის დაუფარავ ქადაგებასა და წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და კერპთმსახურებასთან შეურიგებელ ბრძოლას შეუდგა. როცა გალერიუსმა ამის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. ლაშქრობიდან დაბრუნებულმა, გადაწყვიტა, თავისი მხედრებითურთ თესალონიკზე გაევლო და სასტიკად გასწორებოდა იქაურ ქრისტიანებს. დიმიტრის იმპერატორის განზრახვა ადრევე შეატყობინეს და მანაც წინასწარი თადარიგი დაიჭირა: მის მსახურს ლუპეს მთელი ქონების გლახაკებისთვის დარიგება უბრძანა „მიწიერი საუნჯე მათ განუყავი, ჩვენ კი ზეციური ვეძიოთო“. როცა უსჯულო გალერიუსი ქალაქში შევიდა, დიმიტრი დაუყოვნებლივ წარადგინეს მის წინაშე. წმიდანმაც ახოვნად აღიარა ქრისტე და ამხილა რომაული წარმართობის სიცრუე და ამაოება. გააფთრებულმა თვითმპყრობელმა აღმსარებელი საპყრობილეში ჩააგდო. ნეტარს უფლის ანგელოზი ეცხადებოდა, ნუგეშს სცემდა და წინამდებარე ღვაწლში განამტკიცებდა, ამასობაში კი გალერიუსი ამაზრზენ გლადიატორულ სანახაობას მართავდა და ტკბებოდა იმის შემყურე, თუ როგორ ამარცხებდა ორთაბრძოლებში ქრისტიანებს მისი საყვარელი ძალოსანი, გერმანელი ლიუსი და ფიცარნაგიდან მახვილებზე აგდებდა. ახოვანი ჭაბუკი, თესალონიკელი ქრისტიანი ნესტორი საპყრობილეში მივიდა დიმიტრისთან და ბარბაროსთან შებრძოლებაზე კურთხევა სთხოვა. უფლის რჩეულის ლოცვითა და კურთხევით მან დაამარცხა უღმრთო გერმანელი, ასევე გადააგდო ფიცარნაგიდან, როგორც თავად აგდებდა მართლმორწმუნეებს და მეომართა მახვილებზე ჩამოაცვა. განრისხებულმა გალერიუსმა ბრძანა, დაუყოვნებლივ სიკვდილით დაესაჯათ ნესტორი (ხსენება 27 ოქტომბერს), შემდეგ კი დილეგში მცველები გაგზავნა ნესტორისთვის კურთხევის მიმცემი დიმიტრის მოსაკლავად. 306 წლის 26 ოქტომბერს, განთიადისას მიწისქვეშა საპყრობილეში გამომწყვდეული წმიდანის საკანში მხედრები შეიჭრნენ და უფლის რჩეული მხეცურად მოკლეს. ნეტარის ერთგულმა მსახურმა ლუპემ შეაგროვა თავისი ბატონის სისხლი და იმპერატორის ნაბოძებ ბეჭედთან ერთად შეინახა. ბეჭდითა და წმიდანის სისხლით განწმენდილი სხვა სიწმიდეებით ნეტარი ლუპე შემდგომ მრავალ კურნებას აღასრულებდა. წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ცხედარი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ თესალონიკელმა ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს იგი და მიწას მიაბარეს. იმპერატორ კონსტანტინეს მმართველობის (306-337 წწ.) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა. მრავალჯერ სცადეს ნაწილების კონსტანტინოპოლში გადასვენება, მაგრამ დიდმოწამე ღვთის საკვირველი განკარგულებით ყოველთვის ავლენდა თავის ნებას - მშობლიური თესალონიკის მფარველად და მცველად დარჩენილიყო. |