| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ეპისკოპოსი ალექსანდრე
#წმინდათა ცხოვრება ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. ბავშვობიდანვე ეკლესიურ ცხოვრებას ნაზიარევმა სწავლა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში ბერად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს, იმავე წლის 18 აგვისტოს კი მთავარდიაკვნად აკურთხეს. ახალგაზრდა ალექსანდრე სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა, წარჩინებით დაამთავრა იგი და სამშობლოში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა. პირველ ხანებში, 1851 წლის 27 ივნისამდე, იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა საღმრთო წერილსა და ლათინურს, ზნეობრივ ღვთისმეტყველებასა და არქეოლოგიას. ამის შემდეგ, უწმიდესი სინოდის ბრძანებით (1851 წლის 21 სექტემბერი), მღვდელმონაზონი ალექსანდრე დაინიშნა აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად და მასვე მიენდო აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურთა შორის მღვდელმონაზონთა ხელმძღვანელობა, შეთავსებით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობასაც ასრულებდა. ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე უმთავრეს საქმეს თავის ირგვლივ მყოფთა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა-განმტკიცებასა და მათთვის სასწავლებლის დაარსებას მიიჩნევდა. აფხაზეთში ჩასვლისთანავე მან დიდი გულმოდგინება გამოიჩინა აფხაზთათვის ილორში დაარსებული სასწავლებლის წარმატებული მუშაობის ხელშესაწყობად. მისი მოღვაწეობა, ჯერ როგორც პედაგოგისა, შემდეგ კი არქიმანდრიტისა (1856 წლის 26 თებერვლიდან) და ეპისკოპოსისა (1862 წლის 4 მარტიდან), როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე სრულიად საქართველომ დამსახურებისამებრ დააფასა და, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, მას აფხაზეთის მეორე მოციქული უწოდა. სამწყსოსა და მას შორის არსებობდა მამაშვილური კავშირი, დაფუძნებული ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულზე. 1869 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე აფხაზეთიდან ქართლ-კახეთის ეპარქიის ეპისკოპოსად გადაიყვანეს ორგზის (1869-1882 და 1886-1898 წლებში). ალექსანდრე ოქროპირიძე 25 წელი გორის ეპისკოპოსი და ქართლ-კახეთის ეპარქიის პირველი ქორეპისკოპოსია. 1882-1885 წლებში იგი მართავდა გორის ეპარქიას, ხოლო 1903 წლამდე - გურია-სამეგრელოს ეპარქიას. ალექსანდრე ეპისკოპოსის სამღვდელმთავრო მოღვაწეობა ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდს დაემთხვა: საქართველო ყოფნა-არყოფნის პირას იყო მისული - საქართველოში ქართული წირვა-ლოცვა აღარ აღევლინებოდა, რის გამოც ისედაც უმძიმეს ყოფით პირობებში ჩაყენებულ ქართველ ერს ეკლესიისთვისაც ზურგი ჰქონდა შექცეული. ძველთაგანვე მეცნიერებისა და კულტურის ცენტრებად მიჩნეული ქართული ეკლესია-მონასტრები უდაბნოებად ქცეულიყო, სკოლებში ქართული ენა არ ისწავლებოდა; ეკონომიკურად გაჭირვებულ მოსახლეობას თავიანთი შვილებისთვის სწავლა-განათლების მისაცემი სახსარი არ გააჩნდა, აუცილებელი იყო სულისათვის სასარგებლო და გონების გასანათლებელი ქართულენოვანი წიგნების გამოცემათა გამრავლება, მუხლჩაუხრელი და შეუსვენებელი გარჯა, ფხიზლად და ხმალშემართულად დგომა ეროვნული ღირსების სადარაჯოზე, მაგრამ დროის ცვალებადობასთან ერთად, ბრძოლის მეთოდებიც მოითხოვდა შეცვლას. ღრმად განათლებული ალექსანდრე ეპისკოპოსი ქართველი ერის გამოღვიძების, მისი გაძლიერებისა და კულტურული ამაღლების მთავარ საშუალებად თვლიდა სარწმუნოებრივ-ეროვნულ თვითშეგნებაზე დაფუძნებული სწავლა-განათლებისა და მეცნიერების აღდგენას. წმიდა ალექსანდრემ განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლების საქმეს. მან აღმშენებლობითი საქმე აფხაზეთიდანვე დაიწყო - სოხუმში თავისი ღვაწლითა და საფასით აღადგინა ორი ეკლესია, ქართლ-კახეთსა და შემდეგ გურია-სამეგრელოში მოღვაწეობისას განაახლა და აღაშენა შიო-მღვიმის, ზედაზნის, დავით გარეჯის მონასტრები, დიდძალი თანხა გაიღო შემოქმედის მონასტრის აღდგენის დასაწყებად, აღადგინა და განაახლა ჯვრის ეკლესია, მცხეთის ათორმეტ მოციქულთა სახელობის დიდი ტაძარი, მშობლიური სოფლის, დისევის ეკლესია, უამრავი ეკლესია გურია-სამეგრელოსა, აჭარასა და იმერეთში. მისი განსაკუთრებული ღვაწლი და მზრუნველობა თითქმის უდაბნოდ ქცეული შიო-მღვიმის მონასტრისა და მისი შემოგარენისკენ იყო მიმართული. მან მთლიანად აღადგინა მონასტერი, ბერებისთვის ააგო სავანეები, შიო-მღვიმეში გაიყვანა გზა, მდინარე მტკვარზე გამართა ბორანი, ძეგვში დააარსებინა რკინიგზის ბაქანი მატარებლის გასაჩერებლად, მონასტრის შემოგარენსა და მცხეთაში, მტკვრის გასწვრივ მონასტრისათვის შეიძინა ბაღები და ვენახები, აღადგინა ძველი სამონასტრო ტრადიციული მეურნეობა: მევენახეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა... მისი პირადი მაგალითი სხვა ეპისკოპოსებმაც გადაიღეს და დაიწყეს მონასტრებთან ბაღ-ვენახთა მოშენება. ალექსანდრეს ფინანსური დახმარებითა და მეცადინეობით 1878 წელს თბილისში დააარსდა ეპარქიული ქალთა სასწავლებელი, რომელმაც ჩვენს ერს აღუზარდა მრავალი განათლებული ქალი და შესანიშნავი დედა. ალექსანდრეს მიერ გაღებული საფასით, მისივე ინიციატივითა და რეკომენდაციით დაიბეჭდა მრავალი სასულიერო და ისტორიული წიგნი, სახელმძღვანელო და საგალობელთა კრებული. ალექსანდრეს ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე საქართველოში არ დაწყებულა არც ერთი ეროვნული საქმე მისი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე. დიდებული მღვდელმთავარი მთელი ცხოვრების მანძილზე თავგამოდებული დამცველი იყო ქართული ენისა. მან ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა დეკანოზ ვოსტორგოვის წინააღმდეგ, სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დასაცავად. მეგრელების იმაში დარწმუნების ცდა, რომ ისინი ქართველები არ იყვნენ, აქტიურად ამხილა ასაკოვანმა მღვდელმთავარმა და დაიცვა ამ მხარეში ქართული ენის ბუნებრივი უფლებანი, ამის შემდეგ დიდი ხანი აღარ დარჩენილა მხცოვანი ეპისკოპოსი გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. ეგზარქოსისა და უწმიდესი სინოდი განკარგულებით „საკუთარი თხოვნის“ საფუძველზე განთავისუფლებულ იქნა ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და „მოსასვენებლად“ თავისსავე აღდგენილ შიო-მღვიმის მონასტერში გაიგზავნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე კეთილად აღასრულებდა თავის უპირველეს მოვალეობას - უფლისადმი უსისხლო მსხვერპლშეწირვას. მონასტრიდან მხოლოდ ერთხელ, 1907 წელს, დიდი ილია მართლის (ხსენება 20 ივლისს) დასაფლავებისას ჩამობრძანდა და დაიტირა თავისი სულიერი შვილი. 83 წლის მხცოვანმა მღვდელმთავარმა, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ თვითონაც იმავე წელს, 9 ნოემბერს მიიძინა საუკუნო ძილით მის მიერვე აღდგენილ შიო-მღვიმის სავანეში. იგი 16 ნოემბერს დაკრძალეს იმავე მონასტერში. |