| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ათანასე I, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ათანასე I, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (1289-1293 წწ.; 1303-1311 წწ.), ერისკაცობაში ალექსი, საბერძნეთის ქალაქ ადრიანოპოლიდან იყო. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში, ქრისტიანული სიბრძნის შემეცნებაში წარმატებულმა, დატოვა მშობლიური სახლი, თესალონიკს მიაშურა და ერთ-ერთ მონასტერში აკაკის სახელით ბერად აღიკვეცა. აქედან მალე წმიდანი ათონის მთაზე გადავიდა და ესფიგმენის სავანის ძმობაში შევიდა, სადაც სამი წლის მანძილზე გულმოდგინედ აღასრულებდა მეტრაპეზის მოვალეობას. გამუდმებული შრომითა და თავისი სათნოებით ნეტარმა საყოველთაო კეთილგანწყობა დაიმსახურა. მდაბალი აკაკი განერიდა კაცთამიერ ქებას, დატოვა ათონი, იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა, შემდეგ კი პატრის მთას მიაშურა და განდეგილის ღვაწლი იტვირთა. აქედან მოსაგრე ჯერ აქვსენტის მთაზე გადავიდა, შემდეგ კი გალანტის მთაზე მდებარე მონასტერში, სადაც დიდი სქიმა შეიმოსა და ათანასეს სახელით მღვდლად აკურთხეს და ეკლესიარქად იქნა დადგენილი. აქვე შეიქნა წმიდანი ღირსი ღვთაებრივი გამოცხადებისა: ჯვარცმიდან გამოსულმა უფლის ხმამ სამღვდელმთავრო მსახურებისკენ მოუწოდა. ათი წლის შემდეგ წმიდა ათანასე, კვლავ ათონზე გადავიდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზმა აიძულა, გალანტის მთასვე დაბრუნებოდა. ვერც აქ ჰპოვა ნეტარმა სასურველი განმარტოება: უამრავი ხალხი მიდიოდა რჩევა-დარიგებისათვის. ასე წარმოიქმნა იმ ადგილას დედათა მონასტერი. იმ ხანებში პატრიარქ იოანე ვეკის დროინდელი შფოთისა და არეულობის შემდეგ, კონსტანტინოპოლის კათედრა დაქვრივებული იყო. კეთილმსახური იმპერატორის, ანდრონიკე პალეოლოგის წინადადებით 1289 წელს მღვდელმთავართა და ღვთისმსახურთა კრებამ წმიდა ათანასე ერთხმად აირჩია ეკლესიის წინამძღვრად. ნეტარი მამა მოშურნედ შეუდგა ახალი მოვალეობის შესრულებას: გულმოდგინედ იღწვოდა სამწყსოში მწვალებლურ სწავლებათა აღმოსაფხვრელად, მკაცრად ამხელდა სასახლის კარისა და ეკლესიის მსახურთა მანკიერებებს. ყოველივე ამან გავლენიან სასულიერო პირთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1293 წელს წმიდანი იძულებული შეიქმნა, კათედრა დაეტოვებინა. ნეტარი კვლავ განმარტოებულ მოღვაწეობას დაუბრუნდა თავის მონასტერში. 1303 წელს, უფლის ნებით, ათანასეს კვლავ გადასცეს პატრიარქის კვერთხი. კიდევ 7 წელი ზიდა უფლის რჩეულმა მწყემსმთავარმა მძიმე ჯვარი, მაგრამ 1311 წელს, როცა სამღვდელოებაში ისევ უკმაყოფილებამ იჩინა თავი, მან კვლავ თავის სავანეს მიაშურა. სიცოცხლის ბოლოს ათანასე კიდევ ერთხელ შეიქმნა ღირსი იესო ქრისტეს გამოცხადებისა: უფალმა გაკიცხა იგი სამეუფო მოვალეობის ბოლომდე შეუსრულებლობისათვის. წმიდანმა ცრემლებით შეინანა თავისი სულმოკლეობა, რისთვისაც ცოდვათა შენდობა და საკვირველქმედების ნიჭი მიემადლა. მღვდელმთავარი ათანასე ასი წლის ასაკში მიიცვალა XIV საუკუნის დასაწყისში. |