| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა არეთა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა არეთა და მასთან სხვა ოთხი ათას ორას ოთხმოცდაცხრამეტი ქრისტიანი (სხვა ცნობით 4352) VI საუკუნეში ეწამნენ მართლმადიდებლობის ერთგულებისთვის. არეთა იყო არაბეთის ქალაქ ნეგრანის მმართველი, რომლის მცხოვრებლებიც ქრისტიანები იყვნენ. ომირიტების (სამხრეთ არაბეთში, არაბეთის ყურესთან მოსახლე ხალხი) მეფემ, იუდეველმა დუნაანმა ქვეყანაში ქრისტიანობის ამოძირკვა განიზრახა და გამოსცა ბრძანება, ამოეჟლიტათ ქრისტეს ყველა მიმდევარი. ქალაქი ნეგრანი არ განუდგა მაცხოვრის სარწმუნოებას. მაშინ უღმერთო ხელისუფალი დიდძალი ლაშქრით დაიძრა მის ასაოხრებლად. ნეგრანის კედლებთან მეფის მაცნეებმა განაცხადეს, რომ ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც ქრისტეს უარყოფდა. დუნაანმა ქრისტიანული ქალაქის აღება ძალით ვერ შეძლო და ხერხს მიმართა - ფიცი დადო, რომ ქრისტიანებს არ შეეხებოდა და მხოლოდ დაბეგრავდა ნეგრანს. ქალაქის მცხოვრებლებმა ყურად არ იღეს არეთას რჩევა, ერწმუნნენ დუნაანს და მტერი ქალაქში შეუშვეს. უსჯულო მეფემ ბრძანა, დიდი კოცონი დაენთოთ და სხვა ქრისტიანების დასაშინებლად ყველა ღვთისმსახური შიგ ჩაეყარათ. ასე დაწვეს 427 ღვთისმსახური. მმართველი არეთა და სხვა უხუცესები საპყრობილეში გამოკეტეს. „არ უარვყოფთ ქრისტეს, რადგან ის ჩვენთვის სიცოცხლეა, მისთვის სიკვდილი კი - შესაძინელი“, - ერთხმად ღაღადებდნენ ქრისტიანები. უღმერთოებმა ქრისტეს აღსარებისთვის ქალაქ ნეგრანისა და მისი მიმდებარე სოფლების ოთხი ათასზე მეტ მკვიდრს წამებით ამოხადეს სული. წმიდა არეთა, ერთი ცნობით, მახვილით განგმირეს. |