| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოციქულთასწორი ამბრეკი, იერაპოლისისი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება მოციქულთასწორი ამბრეკი, იერაპოლისისი ეპისკოპოსი II საუკუნეში მოღვაწეობდა. ფრიგიის იერაპოლი თავდაპირველად თითქმის მთლიანად წარმართებით იყო დასახლებული და ნეტარი მამაც მხურვალედ ლოცულობდა მათი სულების საცხოვნებელ გზაზე მოსაქცევად. ერთხელ წმიდანის წინაშე ანგელოზი წარსდგა და უბრძანა, წარმართთა საკრებულოში მდგარი კერპები შეემუსრა. საღვთო შურით აღძრული ეპისკოპოსი ღამით შევიდა აპოლონის ტაძარში და ზეციური კურთხევა შეასრულა. როცა ინათა, კერპთმსახურებმა შეიტყვეს მომხდარის შესახებ და წმიდა ამბრეკის შესაპყრობად მეომართა რაზმი შეკრიბეს. კეთილისმყოფელებმა ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს წმიდა ამბრეკი და ურჩიეს, სადმე დამალულიყო, მაგრამ იგი, ქრისტესათვის მარტვილობის სურვილით ანთებული, ქალაქის მოედანზე გავიდა და საჯაროდ ამხილა წარმართთა ცრუსარწმუნოება. ურწმუნოები კიდევ უფრო გააფრთდნენ და კბილების ღრჭიალით გაიწიეს მისკენ, მაგრამ ამ დროს ბრბოში მდგარმა სამმა ეშმაკეულმა ჭაბუკმა უეცრად საშინელი ღრიალი მორთო, ხალხი დაფრთხა. წმიდა მღვდელმთავარმა კი ლოცვის ძალით ბოროტი სულები განდევნა ყმაწვილებისგან. ეს სასწაული რომ იხილეს, შემოკრებილი უღმერთოები გონს მოეგნენ, ერთობით ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა ამბრეკს და სთხოვეს, ქრისტიანულ სარწმუნოებაში განესწავლა ისინი. მხოლოდ რამდენიმე ღვთისმებრძოლი განერიდა უჩუმრად იქაურობას. უფლის რჩეული გვიან საღამომდე ქადაგებდა, შემდეგ კი დალოცა ხალხი და უბრძანა, წმიდა ნათლისრებისთვის მომზადებულიყვნენ. ამ დროიდან მოყოლებული, ეპისკოპოსი ამბრეკი დაუბრკოლებლად აღასრულებდა მწყემსმთავრის უმძიმეს მოვალეობას, მას შემდეგ კი, რაც მომძლავრებული ეპიდემიის აღმოსაფხვრელად წმიდანის ლოცვით მიწიდან თბილმა და მაკურნებელმა წყაროებმა ამოხეთქა, მთელი იერაპოლი ქრისტეს სამწყსოს შეუერთდა. რამდენიმე ხანში საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს რომში მოუწოდეს, სადაც მან, ექიმების ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (161-180 წწ.) სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული ასული განკურნა. ამის შემდეგ მადლიერმა თვითმპყრობელმა დაუყოვნებლივ შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და წმიდა ამბრეკის თხოვნით თითოეული გლახაკი იერაპოლელისთვის ყოველწლიურად სახელმწიფო ხაზინიდან ხორბალი გამოყო. გარდა იერაპოლისა, წმიდა მღვდელმთავარი ამბრეკი ქადაგებდა სირიაში, კილიკიაში, მესოპოტამიაში... დაუცხრომელი ღვაწლისთვის ნეტარს მოციქულთასწორი უწოდეს. წმიდა მამა მრავალი წლის განმავლობაში იცავდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან, ბოლოს კი, დაახლოებით 167 წელს, 72 წლის ასაკში სული უფალს შეჰვედრა. |