მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ნეტარი კლეოპატრა და ძე მისი იოანე
#წმინდათა ცხოვრება

ნეტარი კლეოპატრა პალესტინაში, თაბორის მთის მახლობლად მდებარე სოფელ ედრაში დაიბადა, იგი წმიდა მოწამე უარის თანამედროვე იყო და მის მარტვილობას შეესწრო. კლეოპატრამ შუაღამისას ძესთან და ერთგულ მსახურებთან ერთად წმიდა უარის ნაწამები სხეული შინ წაასვენა. მალე კეთილმსახურმა ქვრივმა მოწამის წმიდა ნაწილები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი თავისი მეუღლის ნეშტად გაასაღა, მთავრობის ნებართვით თავის სამშობლოში გადაასვენა, საგვარეულო სასაფლაოზე წმიდა უარის სახელობის ტაძარი ააგო და მღვდელმსახურთა დასისა და ურიცხვი ერის თანდასწრებით სიწმიდე შიგ დააბრძანა.

კლეოპატრა შვილის სამეფო კარის მსახურებაზე ოცნებობდა, მაგრამ იოანე მოულოდნელად ავად გახდა და გარდაიცვალა. სასოწარკვეთილმა დედამ სირბილით მიაშურა წმიდა უარის ტაძარს, მისი ლუსკუმის წინ დაემხო და მხურვალედ ილოცა: „უფლის სათნომყოფელო! დამიბრუნე ჩემი შვილი, თუ არა ის, ვინ დამიხუჭავს თვალებს, ვინ მომაყრის მიწას?! უმჯობესია, თავად მოვკვდე, ვიდრე ჩემს ძეს ვხედავდე მიცვალებულს... ან მოწყალებით მომხედე, როგორც ელისემ მოხედა სომანელ ქვრივს, ან ჩემი სულიც შეივედრე. იოანეს გარეშე არ მსურს ცხოვრება“. წმიდანის ნაწილებთან ასეთ მოთქმა-ტირილში კლეოპატრას ჩაეძინა.

უეცრად წინაშე უარი წარდგა ყრმა იოანეთი ხელში. უარმა წმიდა დედას მიმართა: „მოწამეთა თაყვანისმცემელო! მე არ დამვიწყებია ის პატივი, რომელიც ჩემს ცხედარს მიაგე ჯერ ეგვიპტეში, შემდეგ კი აქ. შენი ლოცვა მუდამ მესმის და უფალს ვავედრებ შენს თავს. ჯერ ჩემს ირგვლივ დაკრძალული შენი მიცვალებულებისთვის ვლოცულობდი - მათთვის ცოდვათა შენდობა გამოვითხოვე, შემდეგ კი უფალს ვევედრე, რომ შენი ძე, იოანე შერთვოდა ანგელოზთა დასს და მარადიული მეუფის მსახური გამხდარიყო. ხედავ მის დიდებას?! - იგი დღეს ღვთის საყდრის წინაშე დგას. ასე მწარედ რამ დაგამწუხრა? ნუთუ არ გსურს, რომ იოანე ამ ნეტარებით ტკბებოდეს? თუ ასეა - დაიბრუნე“.

ამ სიტყვებზე ყმაწვილი იოანე ყელზე შემოეჭდო უარს და თქვა: „ნუ მიმცემ დედას, თუმცა მთელი გულით მიყვარს იგი; ნუ დამაბრუნებ მშფოთვარე და გარყვნილ წუთისუფელში, სამუდამოდ შენთან დამტოვე“; შემდეგ კი კლეოპატრას მიმართა: „რა გატირებს დედა? თუ გიყვარვარ ჩემი ბედნიერებით გაიხარე: მე წმიდათა თანამკვიდრი და ზეციური მეუფის მხედარი ვარ!“

კლეოპატრა შეევედრა წმიდანებს: „ნეტარო სულებო! სასუფევლის ახალო მკვიდრნო! მეც თქვენთან წამიყვანეთ, მეც მაგემეთ ანგელოზებრივი ნეტარება!“ მაგრამ წმიდა უარმა უპასუხა: „ჯერ მშვიდობით მიიქეცი შენი ღვთივსათნო საქმეებისკენ და უწინდებურად იცხოვრე. მოვა დრო, როცა უფალი შენც მოგიწოდებს. აქ შენთვის ასეთივე სავანეა განმზადებული“. ამ სიტყვებზე წმიდანები გაუჩინარდნენ და კლეოპატრასაც გამოეღვიძა.

გამოუთქმელი სიხარულით აღსავსემ ეპისკოპოსს ამცნო თავისი ხილვის შესახებ და იოანე პატივით დაკრძალა უარის გვერდით. ამის შემდეგ წმიდა ნეტარმა მთელი ქონება წმიდა სავანეებსა და გლახაკებს განუყო. წმიდა უარის ტაძართან სენაკი მოიწყო და ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. ლოცვის დროს მას ხშირად ეცხადებოდა ზეციურ დიდებაში მყოფი უარი ხელში ყრმა იოანეთი.

შვიდი წლის შემდეგ, დაახლოებით 327 წელს, კლეოპატრამ უფალს შეჰვედრა ლოცვითა და მარხვით განწმენდილი სული.