მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ნიკოლოზ დვალი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. 12 წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ ის იერუსალიმს წავიდა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. მოციქულებრივი შურით ანთებულ მამას ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილი გაუჩნდა.

უსჯულოებმა მაცხოვრის სახალხოდ აღიარებისათვის წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალი სატანჯველი მიაგეს, მაგრამ ქრისტიანებმა საპყრობილედან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა, ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს, და აი, ერთხელ წმიდა იოანე ნათლისმცემლის მიერ მიიღო გამოცხადება: დამასკოში უნდა წასულიყო.

დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა უსჯულოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად გვემეს და დილეგში ჩააგდეს. მიტროპოლიტმა და ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი გამოხსნა ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უგუნურება, რისთვისაც სასტიკად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა მოწამე, ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა წყლულთაგან, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.

ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად გამზადებული წმიდა ნიკოლოზი, იცნო, შეიპყრო და ამირათამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა წმიდანს. წმიდა ნიკოლოზმა კი კვლავ გაბედულად აღიარა ქრისტე. ამირათამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. სანატრელი მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს ქედი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთვის სიკვდილსა“. მახვილმა თავი წარკვეთა წმიდა ნიკოლოზს. მოჭრილმა თავმა შვიდ-გზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“ ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანის გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.

როცა წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა თავისი სულიერი შვილის მოწამეობრივი აღსასრული შეიტყო, ადიდა ღმერთი და შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის, შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს, წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათელითა და სურნელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი  გუნდი წმიდა მოწამეთა, რომელთა შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი. წმიდა გიორგიმ წმიდა ნიკოლოზი იხმო: „ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე, შენი მოძღვარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხინა შენთვის“. ნიკოლოზმა მოიკითხა მოძღვარი: „აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერთაგან ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთვის“ - დაამშვიდა მან იგი.

წმიდა ღირსმოწამე ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს, სამშაბათს (მისი ხსენება საეკლესიო კალენდარში 19 ოქტომბერს, ახალი სტილით 1 ნოემბერს აღინიშნება).