| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
აღმოყვანება ნაწილთა ღირსთა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა
#წმინდათა ცხოვრება მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა (ინ. 13:11); როცა ლაზარე გარდაიცვალა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა (ინ. 11:7-44 ). მომხდარმა სასწაულმა მრავალი იუდეველი ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია. ამის გამო იუდეველმა მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლა გადაწყვიტეს. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი... ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინახეთაგანი მის თანა“ (ინ. 12:1-2, 9-11). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. ღვთის ნებით იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით. ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა აღმოყვანებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის , ლეონ ბრძენის (886-911 წწ.) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი. შენიშვნა: ლაზარეს აღდგინებას ეკლესია იხსენებს დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეში - „ლაზარეს შაბათს“. |