| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსმოწამე ანდრია
#წმინდათა ცხოვრება ღირსმოწამე ანდრია კრეტელი ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმის მმართველობის (741-775 წწ.) დროს მეუდაბნოის ცხოვრებით ცხოვრობდა კუნძულ კრეტაზე. როდესაც უსჯულო თვითმპყრობელმა ტაძრებიდან და სახლებიდან წმიდა ხატების გამოყრა ბრძანა და მართლმორწმუნეების დევნა დაიწყო, ნეტარი მამა კონსტანტინოპოლში ჩავიდა და წმიდა მოწამე მამანტას ტაძარში საჯაროდ ამხილა მწვალებელი ხელისუფალი. მეომრებმა შეიპყრეს წმიდა ანდრია. კონსტანტინე კოპრონიმმა ნეტარი სასახლეში დაიბარა. აქ მეუდაბნოე ახოვნად აღუდგა წინ იმპერატორს, რომელიც აბუჩად იგდებდა ხატთაყვანისმცემლებს, სხვათა შორის მან აღნიშნა: თუ მათ, ვინც შესაფერის პატივს არ მიაგებს მეფის ქანდაკებასა და გამოსახულებებს, სიკვდილით სჯიან, ქრისტეს გამოსახულებათა თაყვანისცემის აკრძალვა მით უფრო შეუწყნარებელია ღვთისათვის. განრისხებული თვითმპყრობელის ბრძანებით წმიდა მამა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი, სულთმობრძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. მის საკანში შეიკრიბნენ მართლმორწმუნეები, რომელთაც უფლის რჩეული ამხნევებდა და მოუწოდებდა, მტკიცედ დაემარხათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ეს რომ შეიტყო, იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ წმიდა ანდრია. იგი ქალაქის ქუჩების გავლით გაუყენეს გზას სიკვდილით დასჯის ადგილისაკენ. გზად წმიდანი ლოცულობდა, უსჯულოები კი დასცინოდნენ და ქვებს ესროდნენ, ბოლოს ერთი მწვალებელი მიეჭრა და ნაჯახით მოკლა იგი 767 წელს. |