მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XVIII საუკუნეში. იგი იმ დროისთვის საკმაოდ გავლენიან თავადიშვილ ჯანდიერთა გვარიდან იყო.

წმიდა იოსები თავიდანვე მონასტრული ცხოვრებისკენ იყო მიდრეკილი და აღიკვეცა კიდეც. წმიდა გაბრიელ მცირე (ხსენება 17 მარტს) მოგვითხრობს: „ არქიელისა იოსებისა რომელი მონაზონი იყო წმიდისა დოდოს მონასტრისა“ - გარეჯში, შემდეგ კი „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე.

წმიდა იოსებს სასწაულქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული ღვთისგან, რომელსაც ხალხთაგან განდიდების თავიდან ასაცილებლად საგანგებოდ მალავდა.

ერთხელ მისი დიაკონი იოვანე მუცლის სიმსივნით დაავადდა, ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. როდესაც მღვდელმთავარი სნეულთან შევიდა, ავადმყოფი ვეღარც სუნთქავდა და ლაპარაკიც აღარ შეეძლო. წმიდა იოსებმა „იხილა სენი და შეელმა გულსა მის ლმობიერსა“, დაუტევა სნეული და სამლოცველოში განმარტოვდა ლოცვად.

მხურვალე ლოცვის შემდეგ ის ისევ ავადმყოფთან დაბრუნდა და რადგან კაცთაგან განდიდებას ერიდებოდა, ჩვეულებრივად თქვა, რომ ასეთი სნეულების დროს წამლად თხილის ჯოხის ნახშირის მიღება იყო საჭირო. ცეცხლში შეაგდო თავისი თხილის ჯოხიდან გამოთლილი კვერთხი, წყალში გალესა, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა.

სიმსივნე იმ წუთასვე დაუცხრა, მესამე დღეს კი ავადმყოფი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. დიაკონი იოვანე, რომელიც შემდგომ მღვდელმთავრად იქნა გამორჩეული ამბობდა, რომ „არა თხილისა ნახშირმან ჰქმნა კურნება, წმიდისა მის ლოცვამან ჭეშმარიტად, გარნა მან სიმდაბლითა დაფარვისათვის მიზეზ ჰყო თხილის ნახშირი“.

ერთ დღეს წმიდა იოსების ჟამისწირვაზე მერცხალი შემოფრენილა ტაძარში და „არა დაცხრა ღაღადებისაგან და წივილისა, ვითარცა არს ჩვეულება მერცხალთა... აღხედა ზე მღვდელმთავარმან და ჰრქუა: ჰოი მერცხალო, უწყოდე, რამეთუ ჩუენი ესე საღმრთონი სიტყუანი უმჯობეს არიან, ვიდრე ღაღადებაი შენი; და ესე რა ჰრქუა, მუნ ქვესდვე დაეცა მერცხალი იგი ქუეყანათა და სული წარხდა“. წმიდა იოსებმა ჯუარი გადასახა მერცხალს და მსახურს ეკლესიის გარეთ დაადებინა. წირვის შემდეგ „სულიერ იქმნა მერცხალი იგი და გაფრინდა და მხილველნი ამის საკვირველებისანი ადიდებდნენ ღმერთსა“.

იოსების მღვდელმთავრობის დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო ანტონ I, რომელიც 1755 წელს მცხეთის საგანგებო საეკლესიო კრებაზე გადააყენეს. კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს სიწმიდითა და სიმდაბლით გამორჩეული მიტროპოლიტი იოსები.

წმიდა იოსები, კათოლიკოსობის ტვირთისა და პატივის მიუხედავად, მაინც უდიდეს ასკეტ ბერად რჩებოდა: „მოღუაწებასა მისსა ვინ სცნობდა. რამეთუ ყოვლადვე დაფარულ აქუნდა, გარნა ამას იტყოდნენ მსახურნი მისნი: მამამთავრობასა შინა რაოდენ დაუგებდნენ ცხედარსა, ნიშანსა დასდებინ იდუმალ და იხილონ ხვალისად, რომელ ყოველადვე არა დაწოლილ იყვეს ცხედარსა, არამედ ღამე ყოველ ილოცვის მარტოებით ლმობიერად“.

1762 წელს წმიდა იოსების ხელმძღვანელობით ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელმაც შიმუშავა დადგენილება ეპარქიებში მღვდელმსახურების წესების დარღვევათა აღმოსაფხვრელად.

1764 წელს, ერეკლე II-მ ქართლ-კახეთის მეფედ კურთხევის შემდეგ ანტონ I კვლავ საქართველოში დააბრუნა. წმიდა იოსებმა „სიმდაბლისა სახითა დაუტევა საყდარი მამამთავრობისა ვითარცა გრიგოლი ღვთისმეტყველმან“. საეკლესიო კრებამ ანტონი კვლავ პატრიარქად აირჩია. წმიდა იოსები კი რუსთავის კათედრას დაუბრუნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონისა მომხრეებსა და მოწინაღმდეგეთა შორის, ურთიერთობა დაიძაბა, წმიდა იოსები მისი მაღალი სამღვდელმთავრო მდგომარეობიდან გამომდინარე იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ამ პროცესებში.

წმიდა იოსებმა ეკლესიის  მშვიდობისათვის, სიმდაბლით დაუტევა სამღვდელმთავრო კათედრა, ახმეტაში წავიდა და სოფელ მეტეხში ჭეშმარიტი მონაზვნური ღვაწლით დამკვიდრდა.

წმიდანი საკუთარი ხელით ამუშავებდა ვენახს და მოსავლის უმეტეს ნაწილს ღარიბებს ურიგებდა. იმ მხარეში ძალიან ხშირია სეტყვა და გვალვები, რომელიც ხშირად თითქმის მთელ მოსავალს ანადგურებდა. წმიდა იოსების იქ მოღვაწეობის დროს „არცა მოკლების წვიმა ვენახთა და არცა მისრულ არს სეტყვა მავნებელი“. იგი ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს და ბრმებს თვალთა სინათლეს ანიჭებდა, რის გამოც იქაურებს ძალიან უყვარდათ, დიდი სასოება ჰქონდათ წმიდანის მიმართ და ადიდებდნენ ღმერთს.

გაბრიელ მცირე (ხსენება 17 მარტს) სიხარულით წერს, რომ მან „ერთგზის იხილა და ორგზის ამბორს უყო ხელსა მას წმიდასა“.

1770 წელს „ესრეთ სიწმიდით მოხუცებულმან სული თვისი შეჰვედრა ღმერთსა“.