მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ანტონ ჭყონდიდელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ანტონ ჭყონდიდელი - საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე - დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. დედა - გულქანი - რაჭის ერისთავის შოშიტა III-ის ქალიშვილი იყო.

ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ასული - მარიამი იზრდებოდა (შემდგომში იმერეთის დედოფალი, ცოლი სოლომონ დიდისა). შვილებს პირველდაწყებითი განათლება დედამ მისცა. ის იყო ძველი დედების ტრადიციის გამგრძელებელი ქალი, რომლის ცოცხალი სარწმუნოება და კეთილი საქმეები მისაბაძი იყო ყველასათვის.

მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თათრულ ენასაც, რომელიც იმ დროისთვის ძალზე პრესტიჟული და აუცილებელი იყო.

ოტია დადიანი თავის ძეს, ნიკოლოზს ამზადებდა ჭყონდიდის ეპისკოპოსად: გრიგოლ ჭყონდიდელის (დადიანის) შემდგომ ის უნდა ასულიყო ეპისკოპოსის ტახტზე. მაგრამ პოლიტიკურ მიზეზს შეწირული ბერი საერო ცხოვრებით ცხოვრობდა. ანტონი მტკივნეულად განიცდიდა ძმის მდგომარეობას და ერთხელ, მორიგი უსიამოვნების შემდეგ, ნიკოლოზს უთხრა:

„ძმაო გეტყობა, რომ ბერობას ღირსეულად ვერ ატარებ და ცოდვაში ჩააგდებ შენს ნათესავთა. შენ საერო საქმეთადმი დაგიძს გული და არ შეგიძლია ტვირთვა მონაზონობის მძიმე უღლისა: „არა ძალ-გიძს მონებად ორთა უფალთა“. გევედრები დააგდე ბერობა და შენ მაგიერ მე ვიტვირთებ ამ საქმეს“.

ბერად შემდგარმა ანტონმა უფრო მეტად იგრძნო წყურვილი საეკლესიო განათლებისა. მან მიმართა მარტვილის ბერებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც ეცნობოდა წმიდა მამათა თხზულებებს.

ცოდნის შესავსებად მას მიჰგვარეს ფრანგი მისიონერები, რომელთაც მისთვის უნდა ესწავლებინათ სქოლასტიკური ფილოსოფია. ანტონს არც ფრანგების ქცევა მოეწონა და არც მათი სწავლება, მან ჭვრეტდა, რომ ფრანგი ბერები მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ მართლმადიდებლურ მოძღვრებაში.

ერთხელ, სადილობის დროს, ანტონმა უთხრა ლათინ ბერს: „თუ შეგიძლია ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ჩაასხი ისე, წყალს არ გაერიოს?“ ლათინმა მოძღვარმა უპასუხა, რომ ეს შეუძლებელია. მაშინ ანტონმა უთხრა: „როგორც ერთ ჭიქაში ღვინო და წყალი არ ჩაისხმის ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს, აგრეთვე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლურ მოძღვრებებს ისე, რომ ერთი მეორეს არ გაჰრიოს“, - და ამ დღიდან დაითხოვა ლათინი ბერი.

ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოში გაიხსნა საფილოსოფოსო სკოლა და 1757 წლის ახლო ხანებში ანტონი გაემგზავრა თბილისს, მეფე ერეკლე II-ის კარზე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი მამიდა დარეჯანი.

სამეგრელოში დაბრუნების შემდეგ, 1761 წელს ღირს ანტონს ხელი დაასხეს ცაგერის ეპისკოპოსად.

1765 წელს ანტონ ცაგარელს მოუხდა თბილისში წასვლა: მეფე ერეკლეს და, ელისაბედი მიჰყვებოდა ცოლად ანტონის ძმას, კაცია დადიანს. წირვის დროს ახალგაზრდა ანტონს ხელში მისცეს სუფთა ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით ეს ნიშნავდა, რომ მას  ქადაგება უნდა წარმოეთქვა. ეს მოხდა სულთმოფენობის დღეს. ანტონს ისე ლამაზად და ბრძნულად უქადაგია, რომ აღტაცებულ კათოლიკოსს იგი ამბიონზე გადაუკოცნია.

1777 წელს გარდაიცვალა ჭყონდიდელი გრიგოლი, ბეჟან დადიანის ძე. იმავე წელს ჭყონდიდის ტახტზე ავიდა ანტონ ცაგარელი, ხოლო ცაგერის კათედრა მიიღო მისმა ნათესავმა სოფრონმა.

ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებას განუზომელი გავლენა ჰქონდა მსმენელებზე. მის მარხვისაგან განლეულ პირისახეზე აღბეჭდილი იყო ანგელოზებრივი სათნოება. საოცრად კეთილი მღვდელმთავრის ბრძანებით, ჭყონდიდელის რეზიდენციაში ყოველდღე მზადდებოდა სადილი ღარიბ-ღატაკთათვის. ამ წესს ყველა ჭყონდიდელი იცავდა.

XVIII საუკუნეში სამეგრელოში ზოგიერთმა დიდებულმა შემოიღო ტყვეთა გაყიდვის უსაშინლესი წესი. ანტონი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტ ჩვეულებას. მან შეაჩვენა ტყვეების გამყიდველნი, მათ სახლში მღვდელს არ შეუშვებდა, სოფელში ეკლესიას დაკეტავდა. 1792 და 1794 წელს ანტონის თავმჯდომარეობით ჩატარდა ადგილობრივი კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა ტყვეთა მსყიდველებს. სასტიკი ზომები მიზანს აღწევდა: დამნაშავენი შენდობას თხოულობდნენ, საკანონოს იხდიდნენ და გაყიდულ ტყვეს გამოიხსნიდნენ ხოლმე. ამის დამადასტურებელი საბუთები მრავლად მოიპოვება ჩვენამდე მოღწეულ სიგელ-გუჯრებში.

1788 წლის დასასრულს აღესრულა კაცია დადიანი. სამეგრელოს სამთავროს ტახტზე ავიდა მისი შვილი, ათი წლის გრიგოლი. 1789 წელს მიტროპოლიტმა ანტონმაც დატოვა ჭყონდიდის კათედრა და უბრალო ბერად შედგა მის მიერვე აშენებულ ნახარებაუს მონასტერში. ჭყონდიდლად დაადგინა ანტონის ძმისწული ბესარიონი. ანტონს დიდად უყვარდა ბესარიონი, როგორც ღირსეული კაცი, მაგრამ მათი ერთობა მალევე დაირღვა, მათ შორის განხეთქილება ჩამოვარდა სხვადასხვა მიზეზების გამო. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ანტონმა 1792 წლის დასასრულ მოიწვია კრება, რომელმაც გადააყენა ბესარიონი და ჭყონდიდლად ხელი დაასხა მის ახალგაზრდა ძმას, ცაგარელ იოანეს. 1794 წელს იოანე კვლავ დაუბრუნდა ცაგერის კათედრას, ბესარიონი შეურიგდა ანტონს და ისევ დაიჭირა ჭყონდიდლის კათედრა, რომელსაც მართავდა 1797 წლიდან სიკვდილამდე 1828 წლამდე.

1789 წლიდან გარდაცვალებამდე ანტონი მკაცრი მონაზვნური ცხოვრებით ცხოვრობდა ნახარებაუს მონასტერში. მან ეს მონასტერი გაამდიდრა სიწმინდეებით, ძველი ხატებით, დიდძალი მამულებით და გლეხებით.

წმიდა ანტონს მუდამ გვერდით ედგა მისი სულიერი შვილი, უახლოესი მეგობარი და თანაშემწე, მღვდელმონაზონი იაკობი, რომლის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ შემონახულა. ჭყონდიდლობიდან გადადგომის წინა წელს (1788 წ.) მთავარს, კაცია დადიანს, ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა საერო გადასახადებისაგან.

ღირსი ანტონი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1815 წელს მის მიერ აშენებულ მონასტერში, დაკრძალულია იქვე.