მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოფანე აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი არაბეთში დაიბადა, იგი ღირსი თეოდორე გამოწერილის (ხსენება 27 დეკემბერს) უმცროსი ძმა იყო.

ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, განსაკუთრებით ფილოსოფიით იყვნენ დაინტერესებულნი. ღვთის შეცნობის წყურვილმა ისინი წმიდა საბას ლავრაში მიიყვანა. აქ ღირსი თეოფანე ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

წმიდა ძმები ხატმბრძოლთა მძლავრობისას განდიდდნენ უფლის წინაშე. იერუსალიმის პატრიარქის დავალებით ისინი კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ და ამხილეს მწვალებელი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820 წწ.).

შემდგომში უფლის რჩეულები ხატმბრძოლ იმპერატორებს მიხეილ ენაბრგვნილს (ბალბას) (820-829 წწ.) და თეოფილესაც (829-842 წწ.) შეაგონებდნენ და უხსნიდნენ ხატთაყვანისცემის წმინდა წესს.

ნეტარი აღმსარებლები 25 წელი იტანჯებოდნენ წმიდა ხატების დაცვისათვის. გახურებული ნემსებით შეურაცხმყოფელი სიტყვები ამოუტვიფრეს სახეებზე, (ამიტომაც ეძახიან წმიდა მამებს „გამომეტყველებს“). „წერე რაც მოგესურვება, საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს ნაწერს“, - უთხრეს თვითმპყრობელს ნეტარმა ძმებმა. თეოდორე საპყრობილეში აღესრულა 841 წელს. თეოფანე კი გადაასახლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ იგი გადასახლებიდან დაბრუნდა და ნიკეის ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული. მღვდელმთავარმა 150-მდე კანონი დაწერა, მათ შორის შესანიშნავი კანონი წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად.

დაახლოებით 850 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა უფალს სული.