მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოფილე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოფილე აღმსარებელი ბულგარელი იყო. იგი ქალაქ ტიბერიოპოლის (შემდგომ-სტრუნიცა, მაკედონიაში) მიდამოებში დაიბადა.

ნეტარმა 13 წლის ასაკში ფარულად დატოვა სახლი და სელენტიის მთაზე მდებარე ლავრას მიაშურა. როცა მშობლებმა შვილის ადგილსამყოფელი შეტყვეს, სავანეში მივიდნენ და იღუმენს სთხოვეს, თეოფილე რამდენიმე ძმასთან ერთად ტიბერიოპოლში გაეშვათ, მშობლიური სახლის მახლობლად მონასტრის დასაარსებლად.

იღუმენმა ღვთის ნების გასაგებად მონასტერში მკაცრი მარხვა და გაძლიერებული ლოცვა ბრძანა. მესამე დღეს ტაძარში გაისმა ხმა, რომელიც წინამძღვარს თეოფილეს გაშვებაზე აძლევდა კურთხევას.

როცა ტახტზე ხატმბრძოლი ლევონ ისავრიელი (717-741 წწ.) ავიდა, წმიდა მამა დაუფარავად აღდგა ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ. ამისათვის უსჯულო თვითმპყრობელის ბრძანებით იგი დამნაშავესავით შებოჭილი ატარეს ქალაქის ქუჩებში.

შემდეგ იმპერატორმა უფლის რჩეული წარჩინებულ კარისკაცს იპატის გადასცა. ამ უკანასკნელმა დიდხანს ტანჯა წმიდანი, მაგრამ მისი გადაბირება ვერ მოახერხა.

თეოფილემ თავად იპატის შეაცვლევინა აზრები - მან გზაშეცდომილს მოაგონა მოსეს მიერ სპილენძის გველის აღმართვა, ქერუბიმთა დამაგრება სჯულის კიდობანზე, ბოლოს კი ისიც გაიხსენა, თუ როგორ გამოუგზავნა მაცხოვარმა თავისი ხელთუქმნელი ხატი ევგესის მეფე ავგაროზს. იპატიმ იმპერატორი ნეტარი მამის განთავისუფლებაზე დაიყოლია. აღმსარებელი თავის სავანეში დაბრუნდა. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცხოვრია: VIII საუკუნეში მშვიდობით შეჰვედრა უფალს სული.