მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამენი ევლამპი და ევლამპია
#წმინდათა ცხოვრება

მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305 წწ.; 307-310 წწ.) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც ქვეყნის მტრების ნაცვლად საკუთარ ქვეშევრდომებს უცხადებდა ბრძოლას.

ამისათვის ნეტარი შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, უღმრთოებმა ჯერ რკინის იარაღებით აწამეს წმიდა აღმსარებელი, შემდეგ კი გახურებელ რკინის სარეცელზე დააწვინეს. უეცრად მარტვილმა წარმართულ ტაძარში წაყვანა ითხოვა. მსაჯულებმა გაიხარეს - იფიქრეს, რომ წმიდანის სული სიმტკიცეშერყეული იყო, მაგრამ მარსის საკერპოში შესულმა ევლამპიმ შერისხა კერპი:

„უტყვო და უსულო კერპო, უფალ იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, მტვრად იქცე!“ კერპი კვარცხლბეკიდან გადავარდა და დაიმსხვრა. გაოცებულმა ხალხმა იხუვლა: „ერთ არს ღმერთი ქრისტიანეთა, დიდი და ძლიერი!“

ამ დროს წმიდა მოწამის და, ევლამპიაც წარდგა მსაჯულთა წინაშე და განაცხადა, რომ ისიც ქრისტიანი იყო. ევლამპი ამხნევებდა ნეტარს: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყდნენ ხორცნი, ხოლო სულის ვერ ხელ-ეწიფების მოკვლად“ (მთ. 10,28).

წამების შემდეგ უფლის რჩეულები გახურებულ ქურაში შეყარეს, მაგრამ უვნებლად გადარჩნენ.

ბოლოს, წმიდა ევლამპის თავი მოჰკვეთეს, დას კი წამებით ამოხადეს სული. ეს მოხდა 303 წელს (სხვა ცნობით კი - 311 წელს).