მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მართალი აბრაამ მამამთავარი და ძმისწული მისი ლოთი
#წმინდათა ცხოვრება

მართალი აბრაამ მამამთავარი და ძმისწული მისი ლოთი  ქრისტეს შობამდე ორი ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. აბრამი, თარას ძე, დაიბადა ქალდეველთა ქვეყანაში, სადაც ძალიან იყო გავრცელებული კერპთმსახურება. ღმერთმა იგი გამოარჩია ჭეშმარიტ მორწმუნეთა მამად, წინაპრად იმ ერისა, რომლისგანაც უნდა დაბადებულიყო ქრისტე და უთხრა: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ და გყო შენ ნათესავად დიდად და გაკურთხო შენ“. აბრამი, რომელიც ამ დროს 75 წლისა იყო, დაემორჩილა ზეციურ კურთხევას და თან მთელი თავისი სახლეულითა და ძმისწული ლოთით სამხრეთისკენ გაეშურა. ქანანში უფალი კვლავ გამოუჩნდა ნეტარს და ამცნო: „თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე“, და ღვთის რჩეულმაც სამადლობელი მსხვერპლი აღავლინა (ქანანს, დღევანდელ პალესტინას, ამის შემდგომ ეწოდა აღთქმული ქვეყანა).

ქანანის ქვეყანაში ცხოვრების დროს აბრამი და ლოთი გამდიდრდნენ. მათ ისე მრავლად ჰყავდათ ცხვარ-ძროხა, რომ საძოვრები საქონელს ვერ იტევდა და აბრამისა და ლოთის მწყემსები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობდნენ. უსიამოვნება თავიდან რომ აერიდებინათ, აბრამმა ძმისწულს შესთავაზა გაყრილიყვნენ: ლოთი აღმოსავლეთით წავიდა და იორდანის ნაპირას, სოდომ-გომორთან ახლოს დაემკვიდრა; აბრამი კი, უფლის მინიშნებით, ქებრონში გადავიდა და მამბრეს მუხასთან დასახლდა.

ბიძა - ძმისწულის განშორების შემდეგ დიდხანს არ გაუვლია, რომ სენაარის ქვეყნის მოკავშირე მეფეები თავს დაესხნენ სოდომის მეფეს, სძლიეს იგი, დაარბისეს და სხვებთან ერთად ლოთიც ტყვედ ჩაიგდეს. ეს რომ აბრამმა შეიტყო, შეკრიბა თავის 318 მოსამსახურე, მოიხმარა მეზობლად მცხოვრებნი და ყველა ტყვე და გატაცებული საქონელი გამოიხსნა.

გამარჯვებით მობრუნებულ უფლის რჩეულს სოდომის მეფე წინ მიეგება. სალიმის მეფე მელქისედეკიც, რომელიც იყო „მღვდელი ღმრთისა მაღლისა“, პურითა და ღვინით შეეგება და აკურთხა იგი. აბრამმა ნადავლის მეათედი შესწირა მელქისედეკს, როგორც მღვდელს.

როცა აბრამი 99 წლისა იყო, ღმერთმა მას ყველა წინა აღთქმა გაუმეორა და სახელი აბრამი - მამა დიდი-აბრაამად შეუცვალა, რაც ნიშნავს: მამა მრავალთა.

ერთი წლის შემდეგ უფალი სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა მამბრეს მუხასთან, კარვის კარებთან მჯდარ მამამთავარს. სტუმართმოყვარე აბრაამმა უცხო მგზავრები რომ იხილა, „მირბიოდა შემთხუევად მათდა“, თაყვანი სცა და მდაბლად იწვია შინ. მათაც მიიღეს მიწვევა და ტაბლას მიუსხდნენ. შემდეგ ერთმა მათგანმა მასპინძლის ცოლი, სარა მოიკითხა და თქვა: „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას და ესუას ძე სარრას, ცოლსა შენსა“. კარებთან მდგარ სარას, რომელსაც უკვე 90 წელი შესრულებოდა, გაეცინა, უფალმა კი აბრაამს უთხრა: „რად განიცინნა სარა თავსა შორის თვისსა... ნუ შეუძლებელ არს ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაი?“ შემდეგ ღმერთმა აბრაამს უთხრა, რომ სოდომ-გომორის მცხოვრებთა ცოდვებმა შეაწუხა, შეუძლებელი გახდა მათი სიბილწის ატანა, და უნდა აღმოვხოცო ისინიო.

აბრაამი შეევედრა ღმერთს: თუ „სოდომთა ქალაქში“ 50 მართალი აღმოჩნდა, გაანადგურებო მას? უფალმა მიუგო: თუ 50 მართალი ვპოვე „დაუტეო ყოველი ადგილი მათთვის“. შემდეგ 45 მართლისათვის შეევედრა აბრაამი ღმერთს ქალაქის პატიებას. უფალმა 10 მართლისთვისაც აღუთქვა ქალაქს შეწყნარება.

საღამო ჟამს ორი ანგელოზი მიეახლა სოდომს. ქალაქის ბჭეებთან მჯდომი ლოთი მიეგება მათ, მიწამდე თაყვანი სცა და შინ ისტუმრა. ეს რომ სოდომელებმა შეიტყვეს, ყველანი „ჭაბუკიდან ვიდრე მოხუცებულადმდე“ გარს შემოერტყნენ მის სახლს და ღრიალებდნენ: „სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენთა ღამით? გამოიყვანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყვნეთ მათ“. ლოთი გამოვიდა „წინაშე კართა“, გონდაკარგულ ბრბოს მიმართა: „ნუსადა, ძმანო, ნუ უკეთურობთ“! და თავისი ორი უბიწო ასული შესთავაზა მის ჭერს შემოვედრებული მგზავრების სანაცვლოდ, მაგრამ მომხვდურები მაინც არ დაცხრნენ. მაშინ სტუმრებმა „განყვნეს ხელნი“, ლოთი სახლში შეიყვანეს და კარები დახშეს, შემოჯარული უსჯულოები კი დაბრმავდნენ.

მეორე დღეს, განთიადისას, ანგელოზებმა ლოთს უბრძანეს, სახლეულითურთ განრიდებოდა უსჯულოთა ქალაქს, რომელსაც განადგურება ელოდა; მაგრამ რადგან უფლის რჩეული იგვიანებდა, თავად მოჰკიდეს მას ხელი, ცოლითა და ასულებითურთ გაიყვანეს სოდომიდან და უთხრეს: „განირინე თავი შენი და ნუ გარეუკუნ იხილავ“. ლოთის ცოლი, რომელმაც ვერ გაუძლო ცდუნებას და უკან მიიხედა, დაისაჯა-მარილის სვეტად იქცა.

მალე უფლის წინასწარმეტყველება ახდა: სიბერის ჟამს სარამ მუცლად-იღო და შვა ძე - ისააკი. საზღვარი არა ჰქონდა 100 წლის მამათავრის სიხარულს, მაგრამ მას წინ დიდი გამოცდა ელოდა: უფალმა უბრძანა, ახლადშობილი ყრმა მისთვის შეეწირა ყოვლად დასაწველ მსხვერპლად. აბრაამის სარწმუნოება არ შერყეულა: მესამე დღეს მიეახლა სამსხვერპლოდ მინიშნებულ ადგილს, შეშა ისააკს აჰკიდა, თავად კი ცეცხლი და მახვილი იპყრა ხელთ და მთის კალთებს აუყვა. ბოლოს აბრაამი შედგა; საკურთხეველი ააგო, ზედ შეშა დააწყო, შეშაზე შებოჭილი ისააკი დააწვინა და მახვილი აღმართა მის დასაკლავად, ამ დროს ზეგარდამო ესმა ხმა: „აბრაამ! აბრაამ!.. ნუ მიჰყოფ ხელსა შენსა ყრმისა ზედა, ნუცა უყოფ მას ნურარას, რამეთუ არ მიცნობიეს, ვითარმედ გეშინის შენ ღმრთისა და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთვის“. მართალმა მამამთავარმა მიმოიხედა, ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი იხილა, მიიყვანა და მადლიერებით აღსავსემ ისააკის ნაცვლად ის შესწირა უფალს. ღმერთმა თავისი ერთგული მონა ასე აკურთხა: „ვინაითგან ჰყავ სიტყუაი ესე და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთვის, კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქვიშა ზღვის კიდისა და დაიმკვიდრნეს თესლმან შენმან ქალაქნი წინააღმდგომთანი და იკურთხეოდიან თესლისა მიმართ შენისა ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი, მათ რომელ ისმინე ხმისა ჩემისა“. ამის შემდეგ აბრაამმა კიდევ დიდხანს იცოცხლა. ცოლი-სარა საკუთარი ხელით დაკრძალა ქებრონში, მამბრეს მუხის სიახლოვეს მდებარე გამოქვაბულში, ისააკიც დააქორწინა, ბოლოს კი, 175 წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. დაასაფლავეს სარას გვერდით გამოქვაბულში.