მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა აღმსარებელი პოპლია
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა აღმსარებელი პოპლია (პუბლია), ანტიოქიელი დიაკონისა ადრე დაქვრივდა, რის შემდეგაც მთელ ძალას ვაჟიშვილის, იოანეს ქრისტიანულ აღზრდას ახმარდა. მოგვიანებით იოანეს ხუცესად დაასხეს ხელი, პოპლია კი დიაკონისად აკურთხეს. მან თავის ირგვლივ შემოიკრიბა დედები, რომელთაც ცხოვრების ღვთისმსახურებისთვის მიძღვნა ჰქონდათ გადაწყვეტილი და საკუთარ სახლში მონასტერი მოაწყო.

იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363 წწ.) ზეობისას პოპლიამ და მისმა დებმა ამხილეს უსჯულო ხელისუფალი. როცა იმპერატორმა პოპლიას სახლის წინ ჩაიარა, დედებმა ხმამაღლა დაიწყეს კერპთაყვანისმცემლობის მამხილებელი 113-ე ფსალმუნის გალობა, რისთვისაც იულიანეს ბრძანებით მხცოვანი დიაკონისა სასტიკად გვემეს.

ამის შემდეგ ნეტარს დიდხანს არ უცოცხლია - მალე მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.