| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია ანტიოქიაში ცხოვრობდნენ V საუკუნეში. ანდრონიკე ხელოსანი იყო და თავის გასამრჯელოს სამ ნაწილად ყოფდა: ერთ ნაწილს ტაძარს სწირავდა, მეორეს - გლახაკებს ურიგებდა, მესამეს კი - ოჯახის სარჩენად ჰქონდა გადადებული. როდესაც კეთილმსახურ მეუღლეებს ქალ-ვაჟი გარდაეცვალათ, მათ გადაწყვიტეს, მთლიანად უფლის მსახურებისათვის მიეძღვნათ თავი და დაუზარლად ეხმარებოდნენ სნეულებსა და გლახაკებს. შემდეგ ორივემ ბერმონაზვნური ღვაწლი იტვირთა: ანდრონიკე ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ამბა დანიელს დაემოწაფა, ათანასია კი ტაბენისის დედათა სავანეში დამკვიდრდა. 12 წლის მოსაგრე ცხოვრების შემდგომ ანდრონიკე იერუსალიმში გაემგზავრა. გზაში მას დაემგზავრა „ბერი ათანასე“ - წმიდა ათანასია, რომელსაც მოგზაურობისას მოსალოდნელი განსაცდელების თავიდან ასაცილებლად მამაკაცის სამოსი გადაეცვა. ანდრონიკემ ვერ იცნო ხანგრძლივი ღვაწლით სახეშეცვლილი მეუღლე. იერუსალიმიდან დაბრუნებული წმიდანები ერთ სენაკში დამკვიდრდნენ და მდუმარების ღვაწლს შეუდგნენ. ანდრონიკემ მხოლოდ ათანასიას გარდაცვალების შემდეგ, დატოვებული წერილიდან შეიტყო თანამოსაგრის ვინაობა. მალე მან თვითონაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. |