| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მოწამენი სერგი და ბაქო
#წმინდათა ცხოვრება მოწამენი: სერგი და ბაქო რომაელები იყვნენ და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305 წწ. 307-310 წწ.) კარზე მაღალი თანამდებობები ეკავათ. მაქსიმიანეს გამორჩევით უყვარდა ერთგული კარისკაცები, მაგრამ არ იცოდა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. მოშურნეებმა წმიდანები დაასმინეს - წარმართულ ღვთაებებს თაყვანს არ სცემენო. იმპერატორმა ცრუღმერთების პატივსაცემად დიდი დღესასწაული გამართა. მაქსიმიანემ შენიშნა, რომ წმიდანები არსად ჩანდნენ, ძალით მოაყვანინა ისინი და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. უფლის რჩეულებმა მის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. განრისხებულმა მაქსიმიანემ მხედრული ხარისხები აჰყარა მარტვილებს, დედათა სამოსით შეამოსვინა და, ყელზე სალტეებშემოჭდობილნი, ბრბოს დასაცინად ატარებინა ქალაქის ქუჩებში. იმპერატორმა, რომელსაც არ სურდა, თვითონ ეწამებინა საყვარელი კარისკაცები, სირიის აღმოსავლეთ ნაწილის მმართველს, ქრისტესმოძულეობით განთქმულ ანტიოქსს გაუგზავნა ისინი. ანტიოქოსს თანამდებობა სერგისა და ბაქოსის წყალობით ჰქონდა მოპოვებული. „მამანო და მწვალებელნო ჩემნო! - მიმართა მან მარტვილებს, - მარტო თქვენი თავი კი არა, მეც შემიწყალეთ: არ მსურს გაწამოთ!“. მაცხოვრის მსასოებლებმა კი მიუგეს: „ჩვენთვის სიცოცხლე - ქრისტეა, მისთვის სიკვდილი კი - შესაძინელი“. მაშინ უღმრთო მმართველმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ბაქოსი, ხოლო სერგი საპყრობილეში გამოემწყვდიათ. ბაქოსი წამების დროს აღესრულა ქალაქ ბარბალისოში, მდინარე ევფრატის სანაპიროზე. მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად მიგდებული მისი ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად წაასვენეს და ერთ გამოქვაბულში დაფლეს. იმავე ღამეს ბაქოსი ღამეული ჩვენებით გამოეცხადა სერგის და განამტკიცა. მეორე დღეს სერგის ლურსმნებით მოსხმული რკინის ჩექმები ჩააცვეს და აიძულეს, სხვადასხვა ქალაქში მიმომავალი ანტიოქისის ეტლს ხლებოდა თან. სირიის ქალაქ როზათში მარტვილს ახალი მძიმე სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდანი მხნედ იტანდა წამებას და ფსალმუნებსა და ლოცვებს აღავლენდა ზეცათა მეუფის წინაშე. ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს (290-303 წლებს შორის). |