| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა იოსებ ხუცესი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება, თუმცა ცნობილია, რომ ხევის მკვიდრნი - „კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი“, ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით. იქაური ეკლესია-მონასტრები გვანცვიფრებენ თავიანთი სილამაზითა და მიუწვდომელობით. იქ თითქოს საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესიებს ისეთ ადგილებში, სადაც მისვლაც კი აღმსარებლობას უტოლდებოდა. ხევის მშვენიერებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით შეკვერცხილი“ მყინვარი, რომლის კალთებზე არის აშენებული სამების მონასტერი, „შუენიერ ნაშენი შუენიერს ადგილას“, სადაც ერთ დროს წმიდა ნინიო ჯვარი ესვენა. მყინვარზე, ყინულებში, კაცთაგან მიუვალ ადგილას გამოკვეთილია გამოქვაბული, რომელსაც ბეთლემს უწოდებენ. გამოქვაბულში შესვლა მხოლოდ იქიდან ჩამოშვებული ჯაჭვის საშუალებითაა შესაძლებელი. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იქ მრავალი საკვირველება ინახებოდა: „იტყვიან უფლისა აკვანს მუნ და აბრაამის კარავსა მდგომსა უსუეტოდ, უსაბლოდ და სხვათა საკვირველთა“. დავით ბატონიშვილის ცნობით, იოსებ მოხევე „იყო ფრიად სიწმიდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველთაგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღმრთისაითა აღვიდა მყინვარსა მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა, და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამ მამამთავრისა, რომელ ჯერეთცა არავინ აღსრულ არს მთასა მას და მოართო მეფეს ირაკლის ნაჭერი კარვისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულმოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა“. |