მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოციქული თომა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოციქული თომა, მაცხოვრის თორმეტ მოწაფეთაგანი, გალილეის ქალაქ პანსადაში დაიბადა და მეთევზეობით ირჩენდა თავს. როცა იესო ქრისტეს ქადაგება მოისმინა, თომამ ყველაფერი დაუტევა და სიხარულით შეუდგა ღვთაებრივ მოძღვარს.

წმიდა წერილი გვამცნობს, რომ თომა არ ერწმუნა სხვა მოციქულთა მონათხრობს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ: „უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისი სახე იგი სამსჭვალთა და ... დავსდვა ხელი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“. (ინ. 20:25). აღდგომიდან მერვე დღეს მაცხოვარი თომასაც გამოეცხადა და მიმართა: „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ...“ (ინ. 20:27). „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (ინ. 20:28) - აღმოხდა მოციქულს. ამის შემდეგ წმიდა თომა, ღვთის მადლით, აღმატებული ახოვნებითა და მოშურნეობით აღივსო და გაბედულად ქადაგებდა ღვთის სიტყვას ველურ ტომებს შორის.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, უფლის რჩეულმა ღვთის სიტყვის ქადაგებით განანათლა მთელი პალესტინა, მესოპოტამია, პართია, ეთიოპია...

ინდოეთში ქალაქ მელიაპურის (მელიპურის) მმართველის მეუღლისა და ძის ქრისტიანობაზე მოქცევისათვის იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ ბოლოს შუბით განგმირეს.

წმიდანის უხრწნელი ნაწილები ინახება ინდოეთში, უნგრეთში, ათონის მთაზე... თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.