მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ხარიტინა
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე ხარიტინა ჯერ კიდევ ყრმა იყო, როდესაც დაობლდა. მისი აღზრდა კეთილმსახურმა ქრისტიანმა, კლავდიუსმა იტვირთა. კლავდიუსს ღვიძლი შვილივით შეუყვარდა ღვთისმოშიში გოგონა.

მან ხარიტინას გამოუყო ოთახი, სადაც ქრისტიანი ასულები იკრიბებოდნენ. მათგან უფროსები წმიდანს საღვთო სჯულს ასწავლიდნენ, მოძღვრავდნენ, უმცროსები კი თავად ხარიტინასგან სწავლობდნენ.

ამ პერიოდში იმპერატორმა დიოკლიტიანემ (284-305 წწ.) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო. ქრისტიანთა შესაპყრობად გაგზავნილი მეომრები ხარიტინასაც მოადგნენ, კლავდიუსს ქვითინი წასკდა, მკერდში ჩაიკრა ქალწული და მზად იყო სიცოცხლეც კი გაეწირა შვილობილის გადასარჩენად. მაგრამ ხარიტინამ თვითონ სთხოვა მამობილს: „გამიშვი ჩემო მეორე მამავ, იესო ტკბილის კვალზე გამიშვი, და ნუ წუხხარ, გიხაროდეს, რადგან უფალს მსხვერპლად შევეწირები“. იგი ჩაჰბარდა გულსასტიკ მხედრებს.

სამსჯავროზე მსაჯულმა დომიციანემ ხარიტინას ამპარტავანი და სხვების გამხრწნელი კერპი ქრისტიანი უწოდა. ამაზე ქალწულმა მიუგო: „ღვთისა და ერის წინაშე ვაღიარებ იესო ქრისტეს სახელს და გაკერპება ამ შემთხვევაში უმაღლეს სათნოებად მიმაჩნია; მაგრამ სრული სიცრუეა, თითქოს მე ვინმეს ვრყვნი; მე მათ კი არ ვრყვნი - გარყვნილებას ვაცილებ“. დომოციანემ რისხვა დაიოკა და ქრისტეს მხევალს მოსთხოვა, მისი განდგომით შეურაცხყოფილი ღვთაებების გული მოელბო; თან წყალობა აღუთქვა. მაშინ მარტვილმა ზეცად აღაპყრო თვალები და წარმოთქვა: „შენ ერთს გეტრფი, იესო, სიძეო ჩემო; შენ თანა ჯვარს ვეცმი და ვცოცხლობ შენ თანა“. მოთმინებიდან გამოსულმა მსაჯულმა ქალწულის აბუჩად აგდება დაიწყო - თმები მოაკვეცა, მაგრამ ნეტარს იმავ წამს კვლავ წამოეზარდა; შემდეგ წმიდანი ცეცხლითა და მახვილით აწამეს, ზღვაშიც ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ბოლოს ქრისტეს ტარიგმა ილოცა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (სავარაუდოა რომ ეს მოხდა 304 წელს).