| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
მღვდელმოწამე დიონისე
#წმინდათა ცხოვრება მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი მდიდარი წარმართების ოჯახში დაიბადა. შემდგომ მან კარგი განათლება მიიღო და რიტორი გახდა. მოწიფულობას მიღწეული წმიდანი ეკლესიის ცნობილი მამის, ორიგენეს (III საუკუნე.) გავლენით ქრისტიანობაზე მოექცა, დაემორჩილა მას და სათნოებებში წარმატებული, მალე ხუცესად აკურთხეს. 231 წლიდან დიონისე ალექსანდრიის სასწავლებლის მოძღვარი გახდა, 247 წელს კი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. იგი ფრიად დაშვრა სხვადასხვა ერეტიკული სწავლებების, განსაკუთრებით, საველიანელთა მწვალებლობის სამხილებლად და აღმოსაფხვრელად. იმპერატორების, დეკიუსისა (249-251 წწ.) და ვალერიანეს (253-260 წწ.) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას მღვდელმთავარი ერთგულ დარაჯად ედგა ქრისტიანთა სულებს და აღმსარებლობით ღვაწლში განამტკიცებდა. წმიდა მამა ყველას დახმარებასა და ნუგეშისცემას ახერხებდა. ჟამიანობის დროს იგი თავის სამწყსოს მოუწოდებდა, შემწეობა აღმოეჩინათ, როგორც ქრისტიანი, ასევე წარმართი ავადმყოფებისათვის და დაეფლათ მიცვალებულნი. იმ სულიერ შვილებზე, რომლებიც ამ კურთხევის შესრულებისას დაიღუპნენ, ნეტარი მწყემსმთავარი წერდა: „ამგვარად დატოვეს სიცოცხლე საუკეთესოებმა ჩვენს ძმათა შორის. ასეთი სიკვდილი - დიდი ღვთისმოსაობისა და მტკიცე სარწმუნოების ნაყოფი - არაფრით ჩამოუვარდება მოწამეობას“. წმიდა დიონისე ორჯერ იყო გადასახლებული. იგი იმპერატორ გალიენუსის მმართველობის (260-268 წწ.) დროს დაუბრუნდა თავის კათედრას და მშვიდობით მიიცვალა 264 ან 265 წელს. მართალია, წმიდა დიონისე მოწამებრივად არ აღსრულებულა, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იმდენი ტანჯვა დაითმინა ღვთისათვის, რომ იგი ეკლესიამ მარტვილთა დასში შერაცხა. წმიდა დიონისე ალექსანდრიელმა დაგვიტოვა რამდენიმე შესანიშნავი ნაშრომი წმიდა წერილის განსამარტებლად და ერეტიკულ სწავლებათა უარსაყოფლად. მისმა თხზულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტიანული აზროვნების განვითარების ისტორიაში და დიდი გავლენა მოახდინა IV საუკუნის ღვთისმეტყველებაზე. |