| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი
#წმინდათა ცხოვრება კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი (VIII საუკუნე) ტაო-კლარჯეთი ქართველი კაცის ცნობიერებაში სიწმინდის, ერთიანობის და სიძლიერის ნანატრ და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება. VIII-X საუკუნეებში, როცა არაბთა ბატონობის გამო ქართლში კულტურული ცხოვრება ჩამკვდარი იყო, რწმენა - მინავლებული, ეროვნული თვითშეგნება - დაქვეითებული, არაბთა შემოსევებისგან და ქოლერის ეპიდემიისგან გაუდაბურებილი და გაუკაცრიელებული ტაო-კლარჯეთი ეკლესია-მონასტრებით გადაიფარა. „ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარენი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატურისტები და ოქრომჭედელნი“. (წმ. ექვთიმე თაყაიშვილი). ვარსკვლავებით მომრავლებულ ბერ-მონაზონთა ლოცვა საკმეველივით აღიწეოდა ზეცისკენ. ჩუმ სენაკებში ლიტერატურული საქმიანობა გაიმართა: იწერებოდა აგიოგრაფიული ნაწარმოებები, ორიგინალური საგალობლებით ივსებოდა ლიტურგიკული კრებულები, ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები... ამ პერიოდის ლიტერატურული ძეგლები იმდენადაა გამსჭვალული ეროვნულ-ქართული ხასიათითა და სულით, რომ ამ ხანას ჩვენი მწერლობის ეროვნული ხანა ეწოდა... ტაო-კლარჯეთმა ახალი სული შთაჰბერა საქართველოს. „მამულის ჩვეულებისამებრ სავალი გზა“ გაუკაფა გზაშეცთომილ ქართველებს. მთელი ამ საქმიანობის სულის ჩამდგმელი იყო წმ. გრიგოლ ხანძთელი (ხს. 5 ოქტომბერს) - „მადლითა სავსე, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღვდელი და კეთილად განმგებელი მოღვაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი“... ყველაზე მეტი ცნობა წმ. გრიგოლ ხანძთელისა და ტაო-კლარჯეთში მოღვაწე სხვა დედათა და მამათა შესახებ შემოგვინახა წმ. გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხაძთელის ცხოვრებამ“. წმ. გიორგი მერჩულე ხანძთის უდაბნოში მოღვაწეობდა X საუკუნეში. მისი ზედწოდება-მერჩულე, რჯულის მცოდნეს, ღვთისმეტყველს უნდა ნიშნავდეს. წმ. გიორგი მერჩულე გვაწვდის ცნობას წმიდა ნერსე III კათოლიკოსის შესახებ. ნერსე ეროვნებით სომეხი იყო. იგი აღიარებდა მართლმადიდებლურ (დიოფიზიტურ) მრწამსს და მოღვაწეობდა ქართველი წმიდა მამების გვერდით (VI-VII საუკუნეებში ტაო-კლარჯეთისთვის თავი შეუფარებიათ სამშობლოდან დევნილ სომეხ დიოფიზიტებს). წმიდა ნერსემ VII საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა ტაძარს და იქვე მოღვაწეობდა სიწმიდითა და სასწაულქმედებით. წმიდა ილარიონ კათოლიკოსი იყო „მამათა და მაშენებელი წყაროსთავისაი“. თავისი სიწმიდისა და სიბრძნის გამო იგი არჩეულ იქნა ქართლის კათოლიკოსად. ამ ხარისხში წმიდანის მოღვაწეობა მოიცავს პერიოდის დაახლოებით IX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან 860 წლამდე. ქართლის კათოლიკოსთა სიაში წმიდა ილარიონი მოხსენებულია გაბრიელ II-ის (დაახლოებით IX საუკუნის 30-50-იანი წლები) შემდეგ და არსენ I დიდის (დაახლოებით 860-887 წწ.) წინ. წმიდა სტეფანე მტბერავი ტბეთის პირველი ეპისკოპოსი იყო. იგი ცნობილია, როგორც საეკლესიო მწერალი და აგიოგრაფი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი. მის კალამს ეკუთვნის ორიგინალური თხზულება „წამება წმიდისა მოწამისა გობრონისი“. უძველეს ანჩის საყდარს მრავალი წმიდა, საკვირველმოქმედი მღვდელთმთავარი ჰყოლია. წმ. გიორგი მერჩულე წერს: „პატივ სცა ქრისტემან წმიდათა მათ უდაბნოთა, რათა იყოს წინამძღვრად მათდა ეპისკოპოსი უმიზეზო, წმიდა და ღირსი, ვითარცა შეჰგავს წმიდასა მას საყდარსა... სახელსა ზედა წმიდისა ქრისტეს ღმრთისა ხატისასა აღშენებულსა“. წმიდა ზაქარია ანჩელი ბავშვობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოშიშეობითა და სიყვარულით. იგი წმიდა მეფსალმუნე დავითის მსგავსად ყრმობიდანვე მწყემსის ლაღი და მკაცრი ცხოვრების წესით იზრდებოდა. წმიდანი ბავშვური გულწრფელობით შემოიკრებდა თავის თანატოლებს და საოცარი სიზუსტით იმეორებდა ეკლესია-მონასტრებში ნანახ და გაგონილ ღვთისმსახურთა მოქმედებებსა და სიტყვებს. ერთხელ მის ასეთ ბავშვურ თამაშობას შეესწრო ანჩელი ეპისკოპოსი, რომელმაც ყრმა ზაქარიას თავზე „ზეცით მოწევნული“ ნათელი სვეტი იხილა. ღვთის მინიშნებით სრულწლოვანებას მიღწეული წმიდანი მალე მთელი საძმოს მოძღვარი შეიქმნა. მისი ლოცვით უამრავი სასწაული აღესრულებოდა: მან ლოცვით შეაჩერა კლდეს მოწყვეტილი უზარმაზარი ლოდი, განდევნა მონასტრის ბაღ-ვენახებს შერეული ფრინველები და კალიები, შემუსრა ორი საშინელი გველი, რომლის შიშით ძმები ვენახში ვეღარ მიდიოდნენ სამუშაოდ. ასეთი სიწმიდით გამორჩეული წმიდა ზაქარია მღვდელმთავრად იქნა დადგენილი ანჩის კათედრაზე. წმიდა მაკარი ანჩელს წმ. გრიგოლ ხანძთელის მიცვალების ჟამს, 861 წელს ეპყრა ანჩის კათედრა. წმიდა ეზრა ანჩელი -„დიდებულთა აზნაურთა დაფანჩულთა შვილი“ - X საუკუნის მოღვაწე იყო. წმიდა საბა იშხნელი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილი და მისი ერთ-ერთი თანამოსაგრე იყო. მან ხელმეორედ ააშენა წმიდა ნერსე კათოლიკოსის მიერ იშხანში აგებული ეკლესია, რომელიც უკვე დანგრეული იყო და მისი ეპისკოპოსი გახდა. წმიდა საბამ მტკიცე და შეუვალი ტონით დაუმტკიცა ბაგრატ კურაპალატს ეკლესიის ავტონომიის უფლებები და შეუვალობა: „დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანასა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყნისა და ქუესკნელისა, შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნო მეფე... არამედ აწ სიტყვითა ძმისა და მოძღურისა ჩემისა გრიგოლისითა მოვედ წინაშე შენსა“. წმიდა საბამ გულწრფელი თავმდაბლობითა და კრძალვით უმასპინძლა იშხნის ეკლესიის დასათვალიერებლად ჩამსულ წმიდა გრიგოლსა და მეფე კურაპალატს. მან წმიდა გრიგოლი თავის საეპისკოპოსო ტახტზე დასვა და თვითონ მოკრძალებით გვერდით მიუჯდა. წმიდა იოანე - „ახალი იგი ქრისტეს მოწამე... სანატრელი“ - მოღვაწეობდა ხანძთის მონასტერში, იგი იერუსალიმში გაემგზვრა წმიდა ადგილების მოსალოცად: ქალაქ ბაღდადში სარკინოზებმა შეიპყრეს და ქრისტიანობის უარყოფა შესთავაზეს, მაგრამ მან სისხლის დათხევით დაამტკიცა მაცხოვრის სარწმუნოების ერთგულება. წმიდა თეოდორე, ნეძვის მაშენებელი და წმიდა ქრისტეფორე, კვირიკეთის მაშენებელი, წმ. გრიგოლ ხანძთელის სულიერი შვილები, მისი პირველი თანამოაზრენი და თანამდგომნი, მოძღვართან ერთად მოღვაწეობდნენ ჯერ ოპიზაში, შემდეგ კი ხანძთაში. წმიდა მამებმა გადაწყვიტეს საქართველოს დასავლეთ კუთხეში, აფხაზეთში წასვლა და იქ სამონასტრო ცხოვრების აღორძინება. გზად, სამცხეში მათ ადგილობრივმა აზნაურმა მირიანმა აღსაზრდელად მიაბარა უსაყვარლესი შვილი, 6 წლის არსენი (შემდგომში ქართლის კათოლიკოსი არსენი დიდი; ხს. 25 სექტემბერს). წმიდა გრიგოლ ხანძთელმა გადაწყვიტა, უკან დაებრუნებინა თეოდორე და ქრისტეფორე და თვითონაც აფხაზეთს გაემგზავრა. გზაში მან დაიმოწაფა ყრმა ეფრემი, შემდგომში - აწყურის სასწაულმოქმედი მღვდელმთავარი, (ხს. 30 აპრილს). წმიდა გრიგოლმა ეფრემი და არსენი ხანძთაში დაბრუნებულ თეოდორესა და ქრისტეფორეს ჩააბარა აღსაზრდელად, თან პირობაც ჩამოართვა, რომ ყრმების აღზრდამდე ისინი ხანძთდიდან არ წავიდოდნენ, როდესაც ეფრემი და არსენი გაიზარდნენ სრულნი სიბრძნითა“, წმიდა მამებმა დატოვეს ხანძთის უდაბნო და დაარსეს ნეძვისა და კვირიკეთის ცნობილი მონასტრები, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდნენ. წმიდა ამბა გიორგი, ამონა, პეტრე და მაკარი მოღვაწეობდნენ ოპიზის უდაბნოში. ბერმონაზონთა სულიერი გამოცდილების გასაზიარებლად წმიდა გრიგოლ ხანძთელი რამდენიმე ძმასთან ერთად ოპიზის უდაბნოში წავიდა, სადაც მან ორი წელი გაატარა. ამ დროს ოპიზის უდაბნოში წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს წინამძღვრობდა წმიდა ამბა გიორგი. რომელიც სავანის მესამე იღუმენი იყო წმიდა ანდრიასა და წმიდა სამუელის შემდეგ. წმიდა ამბამ „საღმრთოითა ცნობითა“ გულისხმაჰყო „ღირსებისა მათისა მადლი და შეიწყნარა იგინი სიხარულით არა ვითარცა მოწაფენი, არამედ ვითარცა უზეშთაესნი მისა, რამეთუ პატივი ზეგარდმო ღმრთისა მიერ მონიჭებად იყო მათდა“. სწორედ ამ ნეტარი ოპიზელი მამების წმიდა ცხოვრებაზე დაკვირვებით განამტკიცა წმიდა გრიგოლმა ლოცვის, მარხვის, სიმდაბლისა და სიმშვიდის სათნოებანი. ისტორიას შემორჩა 913 წელს ოპიზის უდაბნოში გადაწერილი წმიდა სახარება. IX საუკუნის მეორე ნახევარში ზარზმაში წმიდა სერაპიონ ზარზმელმა (ხს.29 ოქტომბერს) დაარსა ზარზმის ცნობილი მონასტერი. სწორედ ამ მონასტერში გაბრწყინდა სიწმიდითა და სასწაულქმედებით წმიდა სერაპიონის ძმისშვილი წმიდა ბასილ ზარზმელი, ავტორი „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა“. წმიდა ბასილიმ შემოგვინახა ცნობები ამ მონასტერში მოღვაწე სხვა მამების შესახებ. წმიდა ხუედიოსი, „კაცი მართალი და წმიდა“, დაყუდებული ბერი იყო და ხანძთის სანახებში მოღვაწეობდა. მას საღმრთო გამოცხადებით წინასწარ ეუწყა ხანძთაში წმიდა გრიგოლის ჩასვლის შესახებ და სიხარულით შეიწყნარა მასთან მისული ძმათა კრებული. ხუედიოსმა დალოცა და თვითონაც ლოცვა-კურთხევა ითხოვა გრიგოლ ხანძთელისაგან, თან ისურვა, ცალკე გამოქვაბულში განეგრძო ცხოვრება, რომ მარტომყოფობის აღთქმა არ დაერღვია. წმიდა ხუედიოსის გარდაცვალების შემდეგ მისი მღვიმე საოცარი კეთილსურნელებით აივსო. წმიდა ეპიფანე იყო წმიდა გრიგოლ ხანძთელის სულიერი შვილი. სასწაულქმედებითა და სიმტკიცით შემკული მამა უდიდესი მორჩილებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. მის წმიდა ლოცვას სნეულებისაგან სასიკვდილოდ განწირული მრავალი ადამიანი განუკურნავს. ეპიფანეს სიწმიდესა და მორჩილებაში მრავალჯერ დარწმუნებული წმიდა გრიგოლ ხანძთელი ძმებს მოუწოდებდა, ენახათ „სიმდაბლე საქმით სრული ეპიფანესი“. წმიდა მატო მოღვაწეობდა ხანძთის უდაბნოში. მერეს დედათა მონასტრის წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ იგი 40 წლის განმავლობაში წინამძღვრობდა ამ მონასტერს და „ექმნა ყოველთა სახე კეთილისა“. მის სიწმიდესა და ასკეტიზმზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მას დედებთან ერთად არასოდეს უჭამია პური და არც არაფერი გამოურთმევია მათთვის უშუალოდ ხელიდან ხელში; ამბობდა თურმე „მონაზონება ჰრქვიან კრძალვასა“. ღრმად მოხუცებულმა და დასნეულებულმა წმიდანმა თავი აარიდა დედების ხელით მსახურებას, მამათა მონასტერში მოღვაწე თავის ნათესავს სთხოვა, თან წაეყვანა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. წმიდა ზენონი სამცხელი დიდგვაროვნის შვილი იყო. მას, სიყრმიდანვე ღვთისმსახურებით აღზედილს, ბერობა ჰქონდა გადაწყვეტილი. განზრახვის შესრულებამდე ცოტა ხნით ადრე ერთმა „უკეთურმან კაცმან“ მისი და მოიტაცა. ცხენზე ამხედრებული და შეიარაღებული ზენონი გამოუდგა დის გამტაცებელს, მაგრამ გზაზე მტანჯველმა ფიქრებმა შეიპყრო: „მე ვარ ჭაბუკ სახელოვან და რომელსა ვსდევ, ფრიად შეურაცხად არს“. რომ დავეწიო და მოვკლა, სულს წარვიწყმედ, უკან რომ დავბრუნდე ესეც სირცხვილიაო, და გადაწყვიტა: „ აღთქმა მონაზონებისა აწ აღუსრულო უფალსა“. შემდგომში იგი წმ. გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე გახდა. „სათნოებითა საუნჯე, მონაზონებისა წესი წმიდა, კლარჯეთისა და და უდაბნოთა ზღუდე“ - წმიდა ზენონი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. ხანძთის წინამძღვარი, მამა იოანე - ცნობილია იმით, რომ მან დაასრულა თავისი წინამორბედის, „ნათესავით აზნაურის“, მამა არსენის მიერ დაწყებული ხანძთის ახალი ეკლესიის მშენებლობა. „ორნივე ესე ხანძთას მამობასა შინა აღესრულნეს“. წმიდა ბასილი ხანძთელი გრიგოლ ხანძთელის დედის მსახური ქალის შვილი იყო. გრიგოლს მისთვის წინასწარ განუცხადებია, რომ იგი ხანძთის წინამძღვარი გახდებოდა. წმიდა თეოდორე და მისი ძმა წმიდა იოანე ერთად მოღვაწეობდნენ ხანძთის მონასტერში. წმიდა თეოდორე იყო ამ მონასტრის წინამძღვარი, სწორედ ამ წმიდა მამებს ახსენებს წმიდა გიორგი მერჩულე თავისი ცნობილი თხზულების - „წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ თანაავტორებად, თუმცა, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ისინი იყვნენ არა უშუალოდ თხზულების თანაავტორნი, არამედ ამ წმიდა საქმის მაკურთხეველნი და ხელშემწყობნი. ამავე მონასტერში მოღვაწეობდა სიწმიდითა და სასწაულქმედებით ცნობილი ბერი გაბრიელი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა მონასტერში მცხოვრებ სნეულ და მოხუცებულ ბერებს. წმიდა გაბრიელი ყველას მოუთხრობდა მისთვის ცნობილი მამების მორვაწეობის შესახებ და მოუწოდებდა, მტკიცედ დაეცვათ მამათა მიერ დადგენილი წესები. წმიდა დიმიტრიოსი იყო ნეტარი დედის, წმიდა ფებრონიას გაზრდილი. დიმიტრიოსი - „ქრისტეშემოსილი“ შვილი გრიგოლ ხანძთელისა „შერაცხილ იყო პირველთა თანა მოწაფეთა მისთა“. იგი იხსენიება იმ წმიდა მამათა გვერდით, „რომელთაგან მრავალნი უდიდესსა საზომსა მონაზონებისასა მიწევნულ იყვნენ და სასწაულნი დიდი მათ მიერ იქმნებოდეს ხორცთა შინა ყოფასა მათსა და შემდგომად სიკვდილისა მათისა“. წმიდა დიმიტრიოსი იერუსალიმის სიწმიდეების მოსალოცად გაემგზავრა და იქ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან წერილი მისწერა წმიდა ფებრონიას და წმიდა გრიგოლ ხანძთელს. წმიდა არსენი და მაკარი -„კეთილნი მონაზონნი, სრულნი სიბრძნითა და სასწაულთა მოქმედნი“ წმიდა ეფრემ მაწყვერელის (ხს. 17 აპრილს) ნათესავები იყვნენ. ისინი იერუსალიმის საბაწმიდის მონასტერში მოღვაწეობდნენ და მუდმივი კავშირი ჰქონდათ ხანძთელ ბერებთან. არსენი და მაკარი ხშირად წერდნენ წერილებს ხანძთაში მოღვაწე მამებს. მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ ქრისტესმიერი სიყვარული და დედა-ეკლესიასა და სამშობლოს თავდადებული მსახურება. „დიდი შიო საკვირველმოქმედი, რომელი ვითარცა მთიები განთიადისა, ბრწყინავდა ქუეყანასა ქართლისასა“, ბასილ ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ მიხედვით, წმიდა მიხეილ პარეხელის (ხს. 27 მაისს) მოძღვარი იყო. წმიდა ბასილი და მარკელაოზი წმიდა მიქაელ პარეხელის მოწაფეები იყვნენ, „სრულნი ბრწყინვალენი სათნოებითა“. „დიდებული“ მამა ბასილი, რომელიც წმიდა მიქელის შემდეგაც „პარეხთა მკვიდრ იყო“, მოძღვრის სიახლოვეს დაუკრძალავთ. სარწმუნებით მისულებს წმიდა საფლავებიდან კურნება მიემადლებოდათ. წმიდა დავითი - „წმიდათა უხორცოთა“ მსგავსი სანატრელი მამა, „მაშენებელი მონასტერთა“, მიძნაძოროს სავანეს წინამძღვრობდა. იგი იყო სულიერი მოძღვარი წმიდა ილარიონ კათოლიკოსისა. წმიდა იაკობი - „მრავალფერი მადლით“ შემკული X საუკუნის დიდი მამა, თავდაპირველად შატბერდში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მიძნაძოროს ხევში დამკვიდრდა და „ბრწყინავდა.. ვითარცა მთიები შორით ვარსკვლავთა“. „დიდი სოფრონ, სანატრელი მამაი, შატბერის ეკლესიისა განახლებით აღმაშენებელი და უკუნისამდე გვირგვინი მისი“, ცნობილი საეკლესიო მწერალი იყო. სამწუხაროდ ჩვენამდე ვერ მოაღწია მისმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღმწერელი გიორგი მერჩულე მას იმ ბრძენ და სრულ მამათა რიცხვს მიაკუთვნებს, რომელთაგან ელოდა იგი „ცხოვრებისა ამის დაერად“. ამავე მონასტერში მოღვაწეობდა წმიდა გიორგი შატბერდელიც, „ძე ლიპარიტისი“, საბედნიეროდ, დროთა ავბედითობას გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია ამ მონასტერში შესრულებულმა და გადაწერილმა X საუკუნის ისეთმა წერილობითმა ძეგლებმა, როგორიცაა: შატბერდის კრებული, უდაბნოს მრავალთავი, ჰადიშის, ჯრუჭისა და პარხალის სახარებების სახელით ცნობილი ხელნაწერები. წმიდა ზაქარიამ ააგო წმიდა ბერეთელეთის ცნობილი მონასტერი და დაუდო სათავე შემდგომში აქ მცხოვრები წმიდა მამების სიწმიდითა და სიბრძნით მოღვაწეობას. წმიდა ილარიონ პარეხელს, ამ წმიდა და ღმერთშემოსილ მამას, წმიდა გიორგი მერჩულე იხსენიებს, როგორც მისი დროის ერთ-ერთ თვალსაჩინო მწერალსა და მოღვაწეს. წმიდა ილარიონი, უბისის მამასახლისი, დიდხანს მოღვაწეობდა იერუსალიმის საბაწმიდას ქართველთა მონასტერში. მოხუცებულობაში წმიდა მამა საქართველოში ჩამოვიდა და ხანძთის მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. უაღრესად წიგნიერ და განათლებულ წმიდა ილარიონს დაევალა უბისის ეკლესიის აშენება და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. წმიდა ფებრონია მოღვაწეობდა სამცხეში, მერეს დედათა მონასტერში. ფებრონიასა და გრიგოლ ღანძთელს ღვთიური სიყვარული და გულითადი მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან. წმიდა ფებრონიას სიწმიდესა და სიბრძნეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წმიდა მამათა კრებული „თვინიერ დედისა ფებრონიას განზრახვისა“ საქმესა არა ხელ ჰყოფდა. ფებრონიას ჩააბარა გრიგოლ ხანძთელმა მეფე აშოტ კურაპალატის (შემდგომ წმიდა მოწამის, ხს. 29 იანვარს) სახლიდან ძალით წამოყვანილი ქალი, რომლის მიმართაც მეფეს „გარდარეული სიყვარული“ ჰქონდა. წნიდა ფებრონიამ შესძლო მეფისთვის მტკიცე უარი ეთქვა დედაკაცის სასახლეში დაბრუნებაზე. ცნობილია, რომ წმიდა ფებრონიას ზეციური ანგელოზები აუწყებდნენ ღვთის ნებას. ფებრონიასთან ერთად მოღვაწეობდა წმიდა თემესტია, რომელიც 40 წლის განმავლობაში ემსახურებოდა მერეს მონასტერში მწირველ მღვდელ წმიდა მატოს. როგორც თვითონ წმიდა თემესტია აღნიშნავდა, ისეთი მოკრძალებული იყო მათი ურთიერთობა, რომ მატოს უშუალოდ მისი ხელიდან საცეცხლურიც კი არ მიუღია არასდროს. მერეს დედათა მონასტერში დაყუდებით მოღვაწეობდა წმიდა ანატოლე („რომელსა უწოდეს ანტონიოს“). ზეციურ უხორცო ძალთა მსგავსი ცხოვრებით გაბრწყინებულ წმიდა დედას ხშირად ეცხადებოდნენ ანგელოზები. სანატრელ დედებს თემესტიასა და ანატოლეს ანგელოზთაგან ეუწყათ მათი მოძღვრის, მატოს ამ ქვეყნიდან განსვლა. წმიდა დედათა დასში ასევე გამორჩეული სიწმიდითა და სიმდაბლით მოღვაწეობდა წმიდა ანასტასია. იგი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო.. ანასტასია მონაზვნად აღკვეცამდე მეფე ადარნასეს ცოლი იყო და როგორც დედოფალი, უაღრესად შეეწეოდა მერესა დედათა მონასტერს. მეფე ადარნასეს მიერ დედოფლის უკანონოდ მოძულების შემდეგ ბევრეული (წმიდა ანასტასიას საერო სახელი) დედათა მონასტერში მივიდა და იქ აღიკვეცა მონაზვნად. ანასტასია მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეს არასრულებდა, მარადჟამ ძაძა ემოსა, თავისი ხელით ეზიდებოდა შეშას ტყიდან და გამუდმებით ლოცულობდა. ანასტასიას ყოფილი მეუღლე, მეფე ადარნასე მოულოდნელად დასნეულდა. მან მოციქულები გაგზავნა ფერსათის მონასტერში, სადაც იმ დროს ანასტასია მოღვაწეობდა და შენდობა ითხოვა. ანასტასიამ ილოცა დასნეულებული მეფისათვის: „ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულითა და ხორცით“, რის შემდეგაც ადარნასე „ მსწრაფლ ხოლო განიკურნა“. სიწმიდითა და სიმდაბლით გაბრწყინებული ანასტასია სიცოცხლის ბოლომდე ფერსათის დედატა მონასტერში მოღვაწეობდა. სიცოცხლეში სასწაულქმედებით ცნობილი წმიდანი მიცვალების შემდგომაც სასწაულებით განაბრწყინა ღმერთმა, მის საფლავთან განიკურნენ მისი შვილები, გურგენ კურაპალატი და სუმბატი, რამაც დასაბამი მისცა სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილთა განკურნებას ანასტასიას საფლავთან. ამ წმიდა მამათა და დედათა სისხლით და ოფლით გაპოხილი ტაო-კლარჯეთის მიწა-საქართველოს უძველესი, ისტორიული ტერიტორია, რომელიც დღესაც ქართველებითაა დასახლებული, 1921 წლიდან (კომუნისტური რეჟიმის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ) თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში იმყოფება; საქართველოს სამოციქულო კუთვნილი საეპისკოპოსო კათედრები და ეკლესია-მონასტრები ხშირად სომხეთის კუთვნილებად ცხადდება, მაგრამ ისტორიული სინამდვილის უგულვებელყოფა შეუძლებელია. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ აღადგინა და თავის იურისდიქციაში ნომინალურად გამოაცხადა ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია; ზემოთ ჩამოთვლილი წმიდანების სახით კი მოხდა ტაო-კლარჯეთში მოღვაწე, „დიდი სულიერებით, სასწაულქმედებით, მონასტერთა აღმშენებლობით“ გამორჩეულ ღირს მამათა და დედათა კანონიზაცია. |