მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი
#წმინდათა ცხოვრება

VIII საუკუნეში მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუბედურებული იყო. არაბთაგან ოტებული წმიდა აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს) ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.

ამ დროს კიდევ ერთი ღვთივსულიერი კაცი ჩავიდა ტაო-კლარჯეთში - ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი. იგი დიდგვაროვანთა შვილი იყო და ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. „საშოითგანვე დედისაით შეწირულ ღმრთისა დედისაგან თვისა“. ამიტომ ბავშვობიდანვე მკაცრად იზრდებოდა.

ღვთისაგან გამორჩეული ყრმის „გულისხმიერება სწავლისაი განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითიანი და ხმითა სასწავლელი სწავლაი საეკლესიოი, სამოძღუროი ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაცა ისწავლა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა“.

აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გიორგის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერის-მთავარს და მშობლებს: „აწ პატივსა ვხედავ და პატივისგან მეშინისო“. ახლობლებმა მაინც დაითანხმეს: „მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტესსა და ჰმონე მას მღვდელობითა, რომელმან ივნო ჩუენთვის, მღვდელმან მან საუკუნემან და ჩუენ ყოველნი გუაცხოვნა“.

სამღვდელო ხელდასმის დროს უძლურთა მკურნალმა და ადამიანურ ნაკლოვანებათა აღმავსებელმა საღვთო მადლმა უფრო საცნაურჰყო წმიდა გრიგოლის პიროვნება, ერი იხარებდა, „რაჟამს წმიდითა ხელითა მისითა ღირს იქმნეს მიღებად ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა“.

მთავრებმა ეპისკოპოსად კურთხევა დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო „თავი თვისი ხორციელად დიდებასა შინა“ და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს, დატოვა დროებითი „შეცვალებადი პატივი ქუეყნისა, მოკუდავთა კაცთა სუფევისაი, მოჰრიდა ჟამიერთა და ნივთიერთა ბუნებათა, რაითა უჟამოი იგი ნათელი უძღოდის უცვალებელსა დიდებასა სასუფეველსა ცათასა. გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული საბა-იშხნის განმაახლებელი და ეპისკოპოსი, თეოდორე-ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე-კვირიკეთის მაშენებელი.

ესე ოთხნი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ „ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი, ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული“.

ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.

გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებასა და მდუმარებას.

ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელი მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდებოდა „ხელითა გრიგოლ მღვდლისა, კაცისა ღმრთისათა და სულნელებაი ლოცვათა მისთაი და მოწაფეთა მისთა, ვითარცა საკუმეველი კეთილი, აღიწეოდის წინაშე ღმრთისა“.

ბერმა ღირს მამას ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზედ მოეწონა იქურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა.

ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი - კლდოვანი, მათ კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ. ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით, ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული, გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.

გაბრიელ დაფანჩულმა აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „სწირნა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაიცა საკმარი მონასტერსა მისსა უხმდა, ყოველი უხუებით“.

არაბთა ბატონობისგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მიმნიჭებელი ოაზისი, აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა. გრიგოლის გვერდით მოღვაწეობდნენ: ზენონ სამცხელი, ეპისკოპოსი ეპიფანე და მღვდელი მატოა, ბასილი ხანძთელი, ილარიონ საბაწმინდელი. ხანძთის სავანეში ღირსი გრიგოლის ხელმძღვანელობით აღიზარდნენ საქართველოს ეკლესიის მნათობნი: ღირსი არსენ დიდი საფარელი (ხს. 25 სექტემბერს) - „ქართლის კათოლიკოსი და მცხეთის საყდრისა გვირგვინი დაუჭნობელი“ და ღირსი ეფრემ მაწყვერელი (ხს. 17 აპრილს), რომელიც 40 წელი მღვდელმთავრობდა „შემკული სულითა წმიდითა და სასწაულთა იქმოდა მრავალთა“.

ღვთივსათნო ცხოვრებასა და მოშურნეობისთვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულქმედების ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. ისინი იყვნენ „ღირსნი და სასწაულქმედნი, მოთმინებისა სუეტნი შეურყველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემლად სუეტნი ცათანი“.

გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინეპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის, აშოტ კურაპალატის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. „მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღვთისმსახურისა მის ხელმწიფისა დაცემისთვის და ტირილით სავსენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა“.

გზად მიმავალ გრიგოლსა და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა.

გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთაში დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირე ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანში წავიდა ეკლესიის აღსადგენად.

გრიგოლი დიდად ზრუნავდა თავისი მონასტრისათვის. მან იერუსალიმს მიმავალ მეგობარს სთხოვა საბაწმიდის ლავრის ტიპიკონის გადაწერა. მეგობარმა თხოვნა შეუსრულა. ნეტარმა გრიგოლმა „განაწესა წესი თვისისა ეკლესიისა და მონასტრისა, სიბრძნით განსაძღვრებული და მეცნიერებით გაბრწყინებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებილი, ვითარცა საფასე დაულევნელთა კეთილთაი“.

მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს არ შეიწყნარებდა“. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ, თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.

გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის მამებისთვის, არამედ სრულიად ქართლისთვის.

მირიან აზნაურის მძლავრებით ეპისკოპოსთა მცირე კრებამ ქართლის კათოლიკოსად დაადგინა მისი ვაჟი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი და სულიერი შვილი არსენი (ხს. 25 სექტემბერს).

სჯულის კანონის ასეთმა უხეშმა დარღვევამ სამღვდელოებისა და ერისკაცთა გულისწყრომა გამოიწვია. გუარამ მამფალის ხელმძღვანელობით ჯავახეთში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც არსენი უნდა გადაეყენებინა. საეკლესიო სამართალი გუარამისა და იმ ეპისკოპოსთა მხარეს იყო, რომელთაც ღირსი ეფრემ მაწყვერელი ედგა სათავეში. თვით ეფრემი თანაშეზრდილი იყო არსენისა, ძალზე უყვარდა იგი, მაგრამ „სამართალი იყო სიტყვა-გებაი იგი“.

ნეტარი გრიგოლის მოსვლამდე სიტყვის თქმა ვერავინ გაბედა. ერუშელმა ეპისკოპოსმა თქვა: „ოდეს მოვიდეს ვარსკულავი უდაბნოთაი, მან წარემართოს საქმე და განზრახვაი ყოველთაი“.

კრებაზე გამოცხადებული გრიგოლი საკვირველი სანახავი იყო: „სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩნდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისა, ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოი“.

მამები მიხვდნენ, რომ მისი სიტყვა ღვთივგამოცხადებული იქნებოდა და მართლაც, როცა წმიდა გრიგოლმა თქვა, რომ „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაი არსენისა სისრულისა მისისათვის“, -  უდრტვინველად მიიღეს მისი ნაბრძანები.

ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი, ვითარცა ნიშანსვეტი და წინასწარჭვრეტა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებისა.

უფალი მრავალ სასწაულს ახდენდა გრიგოლის ხელით. ერთხელ დეკანოზმა მნათეს უთხრა: „წადი მამა გრიგოლთან, გაიგე სძინავს თუ ღვიძავს, ცისკრის ჟამიაო“. მნათე მივიდა გრიგოლის სენაკთან და ნახა, რომ იქიდან ნათელი გამოდიოდა. მან იცოდა, რომ ღირსი მამა არც ცეცხლს, არც კანდელს არ ანთებდა სენაკში და შეეშინდა, ეგონა ხანძარი იყო გაჩენილი, დეკანოზმა მნათე დაამშვიდა: „ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისა განმანათებელი“, - მას ბევრჯერ ეხილა ეს დიდებული ხილვა. მართლაც, ხელაპყრობით ლოცვად დამდგარი წმიდანი მზესავით ბრწყინავდა და მისი სხეულიდან ნათლის ისარნი გამოდიოდნენ ჯვრის სახედ.

ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისთვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა პირჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა დადეგ ძელო! სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან. დააყენა ადგილსა მას მყეფარსა მყინვარსა ზედა მოქანებული საშინლად“.

ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი კურნება აღესრულა. მისი ლოცვით განიკურნა ორი წლის განრღვეული ჩვილი, სისხლმდინარე ქალი, რომელსაც ხელები სტკიოდა. წმიდა მამასთან სარწმუნოებით მისულნი იკურნებოდნენ სენთაგან არაწმიდებისათა.

გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს), არ შეეპუა მის მაღალ მდგომარეობას, იცოდა, რომ მეფის არასწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისთვის.

ღირსი გრიგოლი საღმრთო სიყვარულით იხარებდა თანამოსაგრეებთან, მაგრამ იფქლთა შორის ღვარძლიც გამოერია: ანჩის დაქვრივებული კათედრა მძლავრებით მიიტაცა ვინმე ცქირმა, თბილისის ამირა საჰაკის ახლობელმა.

უღირსი მღვდელმთავარი მრავალ ბოროტებას ჩადიოდა. მამები, განსაკუთრებით კი გრიგოლი, მკაცრად ამხელდნენ ცქირს, მან კი ამპარტავნებისაგან ძლეულმა, საღმრთო შიში განაგდო და ვიღაც ანჩელი კაცი მოისყიდა ღირსი გრიგოლის მოსაკლავად.

მკვლელმა იხილა „სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სვეტი ნათლისაი ფრიად ბრწყინვალე ცად აღწევნული ჰფარვიდა მას, და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალშეუდგამი გარემო მისა ცისარტყელას სახედ, შუენიერად რაი გამოჩნდის ჟამსა წვიმისასა“. მკვლელს მოულოდნელად მკლავი გაუხმა და მხოლოდ ღირსი გრიგოლის ლოცვით განიკურნა.

ანჩში მოწვეულმა კრებამ პატივისაგან განკვეთა ცქირი. ხარისხაყრილი ცქირი თბილისში წავიდა საჰაკ ამირასთან, მისი დახმარებით ხელახლა ჩაიგდო ხელში ანჩის საყდარი და ხალხი მიუსია ხანძთის მონასტერს დასარბევად.

ღირსი გრიგოლი ცრემლებით ევედრებოდა უფალს მონასტრისა და ძმების დაცვას. მას უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ ცქირი დაისჯებოდა. მართლაც ორი დღის შემდეგ ქორთაში მყოფი ცქირი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა თავისი ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, რომ ამ დღეს აენთოთ ისინი და ელოცათ მისთვის.

მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ. გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ მოსვლად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა გიწესს მეუფე ცათაი ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდე დაუსრულებლად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“.

ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი გარდაიცვალა 102 წლის ასაკში, 861 წლის 5 ოქტომბერს.

წმიდანის ნეშტი, საკუთარი ანდერძისამებრ, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.