მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ევდემოზი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ევდემოზი საქართველოს მართავდა გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის მმართველობის დროს. როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა ქართლიდან თეიმურაზის განდევნის შემდეგ.

გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა და თითქოს ქართველობდა კიდეც. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილადაც ექცეოდა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს:

„იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება. გამრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა აღრევა... შემოვიდა ზოგ-ზოგად ტყვის ყიდვა თავადებისაგან“.

აღზევდნენ „მეძავნი და ბილწების მოქმედნი“. მეფის ფუფუნებისა და ცოდვის მოყვარეობა თანდათანობით გადაედო ერს:

„თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა... მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“.

„სიმართლის მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალნი“, უპატიოდქმნილნი, ცუდებად და შეუძლებლად წოდებულნი, სასოებით იტანდნენ ყოველგვარ გასაჭირს.

გაუჭირდა ერის სულიერ მამას, მას არ შეეძლო მშვიდად ყურება ქართველთა დაცემისათვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშროებითა და თავდადებით: მან რამდენიმეჯერ შეკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად. მისი გავლენით ცალკეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს იცავდნენ მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისაგან.

კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას. ევდემოზი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა - სადაც კი შეხვდებოდა როსტომ-ხანს, ყველგან ეუბნებოდა: „მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო“.

კათოლიკოს ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი, მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი. წმიდა კათოლიკოსის მოღვაწეობითა და დედოფალ მარიამის თანადგომით, ქვეყანაში ისევ ცოცხლობდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება.

როსტომ-ხანი კარგად ხედავდა კათოლიკოსის ორიენტაციასა და ავტორიტეტს. ევდემოზი ყველგან ქადაგებდა და კონკრეტულ გეგმებსაც ადგენდა ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფის - თეიმურაზის დასაბრუნებლად.

1642 წელს როსტომ-ხანმა შეიპყრო წმიდანი, მაგრამ ვერაფრით გატეხა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით ანთებული კათოლიკოსი. კათოლიკოსი კიდევ უფრო მწვავედ ამხელდა მეფის უსჯულოებას და ხალხს მის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა. რ

ოსტომ-ხანმა საპყრობილეში მოაშთობინა წმიდანი, მისი გვამი კი შეურაცხყოფის მიზნით ნარიყალას ციხიდან გადააგდებინა აბანოების მხარეს. ქრისტიანობისათვის წამებული ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის გვამი ქრისტიანებმა ფარულად წამოასვენეს და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში.