| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ნეტარი ანდრია ქრისტესათვის სალოსი
#წმინდათა ცხოვრება ნეტარი ანდრია ქრისტესათვის სალოსი სლავი იყო. ადრეულ სიყმაწილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებებში განასწავლა. ნეტარს უყვარდა ქრისტე, თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა, ხშირად ლოცულობდა და სულის ცხონებაზე ფიქრობდა. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდათა ცხოვრებებს და ბოლოს მათი მიბაძვის სურვილით აღენთო. ერთხელ სიზმრისეული ჩვენებით ანდრიამ იხილა ორი ლაშქარი: ერთი - ნათელმოსილი ჭაბუკებისა, მეორე კი - კუპრივით შავი, საზარელი ეშმაკებისა. უფლის ანგელოზმა, რომელსაც ხელში საკვირველი გვირგვინები ეპყრა, წმიდანს უთხრა: „ეს გვირგვინები ამსოფლიური სამკაული კი არა, ზეციური საუნჯეა. უფალი მათ შავბნელი მხედრების დამთრგუნველებს ანიჭებს“. შემდეგ კი უბრძანა: „შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, იტვირთე სალოსობა ქრისტეს სახელისათვის და ფრიადი ნიჭი მიგეგება სასუფეველში“. ამ დღიდან მოყოლებული ანდრიამ შეშლილივით ძონძებით დაიწყო სიარული ქალაქის ქუჩებში, ღამით ლოცვად დამდგარი სალოსი უფალს ავედრებდა საკუთარ თავს, თავის შეურაცხმყოფელებსა და მთელ საქრისტიანოს. ასე განვლო მრავალმა წელმა. ღმერთმა დაუცხრომელი ღვაწლისთვის თავის რჩეულს წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის მადლი გარდამოუვლინა. ამ დროს ქალაქში ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი და ასკეტი ბერი, რომელიც ვერცხლისმოყვარეობას შეეპყრო. იგი ბაზრის მახლობლად დამკვიდრებულიყო იმ იმედით, რომ სავაჭროდ გამოსული სულიერი შვილები მასთან ხელცარიელები არ მოვიდოდნენ. ღმერთმა სალოსს განუცხადა ამ მამის ჭეშმარიტი სახე: დაანახა საზარელი გველი, რომელიც მას ყელზე შემოხვეოდა. მწუხარებით შეპყრობილი წმიდანი მცირე ხნის შემდეგ მდაბლად მიეახლა ბერს, სიყვარულით ამხილა და უთხრა: „შენს სულს სერაფიმივით ფრთები ჰქონდა - ბოროტს რად მოაკვეცინე, ანგელოზის ხატი გემოსა, რად მიემსგავსე ეშმაკს, რისთვის აგროვებ საგანძურს, განა მასთან დაიმარხები? სულიერი შვილებისგან დაუცხრომლად რომ კრებ ვერცხლსა და ხარობ, თავზე მათ ცოდვებს იგროვებ. ასეთი მძიმე ტვირთით როგორ წარდგები ქრისტეს წინაშე? დაურიგე შენი საუნჯე გლახაკებს, ობლებს, ქვრივებსა და მწირებს, თორემ დაიღუპები... ხედავ დემონს?“ ამ სიტყვებზე ბერს სულიერი თვალები აეხილა და დაინახა ოთახის კუთხეში მდგარი მხეცისმაგვარი შავი გოლიათი, კბილებს რომ აღრჭენდა. ბერი შიშისაგან ათრთოლდა და ძლივსღა ამოთქვა: ამიერიდან მხოლოდ უფლის მცნებებით ვიცხოვრებო. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე აღმოსავლეთით ელვა გაიკლაკნა, ბოროტი სული გაქრა და ბერს მომღიმარი ანგელოზი მიეახლა. წმიდანმა პირუთვნელი მხილებით კიდევ მრავალი გზასამცდარი და ცოდვასდამონებული იხსნა დაღუპვისგან. ვლაქერნის ტაძარში ლოცვისას ანდრია სალოსი ღირსი შეიქნა საკუთარი თვალებით ეხილა ღვთისმშობელი, რომელმაც თავისი თავსაბური გადააფარა იქ შემოკრებილ მლოცველებს (იხ. 1 ოქტომბრის საკითხავი). უფლის რჩეული 936 წელს გარდაიცვალა. |