| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
#წმინდათა ცხოვრება VIII საუკუნეში მძიმე ჟამი დაუდგა საქართველოს. არაბეთისა და სპარსეთის მმართველმა, ცრუმოციქული მუჰამედის დისწულმა, მურვან-ყრუმ საქრისტიანოზე გამოილაშქრა, ააოხრა საბერძნეთი, სომხეთი, სამცხე და ოძრხეში დაბანაკდა. ამ დროს არგვეთში მთავრობდნენ ძმები - დავით და კონსტანტინე. ისინი ღვთის მოშიშნი და მოყვარულნი იყვნენ: „მეცნიერ ძუელისა და ახალისა სჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა“. უხუცესი-დავითი იყო „ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გუამითა და ხშირ წვერითა“, უმრწემესი კონსტანტინეც - „შუენიერ გუამითა, მოწაბლე თმითა, ... წვერ გამო“. როცა ძმებმა უსჯულოთა მოსვლა შეიტყვეს, შემწეობა სთხოვეს უფალს, შეკრიბეს ლაშქარი, ერს კი გაძლიერებული ლოცვები და ღამისთევები დაუდგინეს. უსჯულონი სამცხიდან არგვეთს გამოემართნენ და თავს დაესხნენ ფერსათის მთასთან დაბანაკებულ ქართველებს. ღვთის შეწევნით ქართველებმა გაიმარჯვეს. გაბრაზებულმა მურვან-ყრუმ ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა და შურისძიებით ანთებული კვლავ გამოემართა არგვეთისკენ. არაბებმა მოაოხრეს ყველაფერი. გადარჩენილმა მოსახლეობამ ტყეებს შეაფარა თავი. უთანასწორო ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდეს ძმები - დავითი და კონსტანტინე. ტყვეები მურვან-ყრუს წარუდგინეს. უსჯულო სარდალმა დაცინვა დაუწყო შებორკილ ქრისტიანებს, მათ კი მიუგეს: „სიცილი და ქადილი შენი ცუდ და ამაო არს ჩუენ ზედა, რამეთუ წუთ ჟამ არს დიდებაი შენი და ადრე განქარდების, რამეთუ არა ღირსებისა შენისათვის იქმნა ძლევაი შენი ჩუენსა ზედა, არამედ ცოდვათა ჩუენთათვის, რომელ გარდავედით ცნებათა ღმრთისასა, იქმნა ფლობაი თქუენი ჩუენ ზედა, რათა გაწურთნეს ღმერთმან ხელითა თქუენ უსჯულოთა და უღმრთოთა“. ამ კადნიერ პასუხზე მურვანი განრისხდა და წმიდათა ცემა ბრძანა. ძმები მოთმინებით ჰმადლობდნენ უფალს. მარტვილთა გვემით დაღლილმა ჯალათებმა ძმები მიწაზე გააკრეს. დავითისა და კონსტანტინეს მხნეობით გაკვირვებულმა მურვანმა ლიქნით მოინდომა ძმების მოდრეკა. მან დავითს უთხრა: „გამიგია შენი ვაჟკაცობის ამბავი, ამიტომ გირჩევ, დაუტეო ცუდი და ამაო სიტყუა სიცოფისა თქუენისა და დაემორჩილო სჯულსა მუჰამედისა“. სასყიდლად პატივსა და სპასალარის წოდებას დაჰპირდა. წმიდა დავითმა პირჯვარი გამოისახა და უპასუხა: „ნუ იყოფინ ესე ჩუენდა, რათა დაუტეოთ ნათელი და შეუდგეთ ბნელსა, ღმერთმან ჩუენმან განგვანათლა, რაჟამს ძე თვისი მოავლინა ქუეყნად და კაც იქმნა ჩვენთვის, ყოველი განგებულება თავს იდვა: ჯვარცმა, დაფლვა, ამაღლება; კვალად მოვალს განსჯად ცხოველთა და მკუდართა. მაცხოვარმა წარავლინა მოწაფენი თვისნი ყოველსა ქვეყანასა საქადაგებლად. ჩვენთან მისმა ორმა მოწაფემ იქადაგა და მოგვაქცია კერპთა მსახურებისაგან. ჩვენ, მის მიერ განსწავლულნი და განათლებულნი, არა ვმონებთ სხვათა სჯულსა, არამედ მზად ვართ ქრისტესათვის გვემასა, ტანჯვასა, ცეცხლსა, წყალსა, მახვილსა და სიკვდილსა“. შემდგომ ამხილა ყურანი და სჯული აგარიანთა: „მუჰამედმა ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქციათ, მაგრამ ღმერთი ვერ შეგამცნებინათ, ამიტომ ემსგავსებით ნავდანთქმულთა, რომელნიც შუა ზღვაში გადარჩნენ, მაგრამ ნაპირს მიღწეულნი დაინთქნენ“. დავითის მხნე პასუხით განრისხებული მურვანი კონსტანტინეს მიუბრუნდა და მისი გადაბირება მოინდომა, მაგრამ კონსტანტინემაც უშიშრად აღიარა წმიდა სამება: „ვითარცა წამა და აღიარა უფალმან ჩემმან დავით... მეცა ვწამებ და აღვიარებ, რამეთუ ერთსა სჯულსა და ერთსა სარწმუნოებასა ზედა განსწავლულ ვართ და მრწამს მამაი და ძე და სული წმიდაი და მისთვის მოვკუდები“. გამძვინვარებულმა მურვანმა ბრძანა, შიმშილითა და წყურვილით მოეძლურებინათ ძმები. ათი დღის „მრავალფერი ტანჯვის“ შემდეგ მან მოგვნი და მისანი წარავლინა არაგვეთელ წმიდანთა მაჰმადის სჯულზე მოსაქცევად, მაგრამ მოწამეებმა ისევ უშიშრად აღიარეს ქრისტე. ძმები წმიდა კოზმანისა და დამიანეს ტაძრის მახლობლად, მდინარის ნაპირას გაიყვანეს, სასტიკად გვემეს, მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადაყარეს. სიკვდილის წინ ძმებმა ილოცეს: „ჰოი, უფალო ღმერთო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა მამისაო, ვითარცა ისმინენ თხოვანი ჩუენნი და ღირს გუყვნენ წამებასა სახელისა შენისათვის წმიდისა, აწცა შეისმინენ ვედრებანი და თხოვანი ჩუენ მონათა შენთანი და ვითარცა დავიმარხენით ხორცნი ჩუენნი უხრწნელ და შეუგინებელ სახელისათვის შენისა წმიდისა, ეგრეთვე შემდგომად წამებისა ჩუენისა დაჰმარხენ გუამნი ჩვენნი განუხრწნელად და დაურღვეველად და რომელთა ხადონ სახელითა ჩუენითა სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ ეწიენ წყალობაი შენი და მიეც შენდობა ბრალთა და ყვენ ასონი ხორცთა ჩუენთანი მკურნალ ყოველ სენთა და უძლურებათა, დიდებად ყოვლად საგალობელისა სახელისა შენისა“. როცა წმიდანები წყალში გადაყარეს, ზეცით გაისმა ხმა, რომელიც მათი თხოვნის შესმენას ადასტურებდა. ზეციური ხმით შეშინებული მტარვალები გაიქცნენ. ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან მიწაზე სამი ნათელი სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა. ღვთის ნებით მოწამეებს საკვრელები შეეხსნათ, „ლოდნი შემოაძარცვნეს ქედთა მათთა“ და წმიდა ნაწილები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მთავართა მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. უცებ მათ მოესმათ ნათლის სვეტიდან გამომავალი ხმა: „აღიქუენით გუამნი წმიდათა მაგათ მოწამეთანი და წარიყვანენით ტყით კერძო აღმოსავალით და სადა-იგი გთნდესთ, მუნ დაკრძალენით წმიდანი ეგე გუამნი მოწამეთანი, რამეთუ მუნ არს ბრძანებაი უფლისა ღმრთისაი, რათა გებისა თანა არსთასა იყვნენ მუნ გებულცა გუამნი წმიდათა მოწამეთანი“. მოწამეთა წმიდა ნაწილები დაკრძალეს წყალწითელას ნაპირზე მდებარე მურვან-ყრუს მიერ დარღვეულ ეკლესიაში. ეს ადგილები დიდი ხელმწიფის ბაგრატის (1027-1072 წწ.) მეფობამდე უჩინო და დაფარული იყო. მისი ბრძანებით აშენდა მონასტერი, სადაც დაასვენეს წმიდათა უხრწნელი ნაწილები. |