მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მელქისედეკი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მელქისედეკი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მესაჭეობდა დაახლოებით 1010-1030 წლებში, მეფეების: ბაგრატ III-ის, გიორგი პირველისა და ბაგრატ IV-ის დროს. მელქისედეკმა კათოლიკოსის ტახტი დაიკავა კათოლიკოს სვიმეონის (1001-1010 წწ.) შემდეგ.

„მატიანე ქართლისას“ მიხედვით მელქისედეკი იყო „დიდებულთა კაცთა შვილი“ აღზრდილი მეფე ბაგრატ III-ის მიერ. წმიდა მელქისედეკმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და გაამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი, წმინდანი დახმარების სათხოვნელად „წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კონსტანტინეპოლედ, რათა შეეწიოს, რამეთუ იყო დიდ ეს კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი, რომელი ვახტანგ გორგასალს აღეშენა, დაძველებულ იყო და ჟამთა შფოთით გარეშემო სტოანი და ბჭენი დაქცეულ იყო და აღარავინ იყო მწე აღშენებად და არცა-ვის ძალ-ედგა აღშენება მისი“. იმპერატორმა ბასილმა მისცა მელქისედეკს „განძი და შესამკობელნი ეკლესიათანი, ხატნი და ჯუარნი, და ყოველივე სამღვდელმთავრო და სამღვდელო სამკანი. დიდძალი განძით სამშობლოში დაბრუნებულმა მელქისედეკმა, „იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა, და ყოველივე განასრულა“. გარდა ამისა კათოლიკოსმა შეამკო სვეტიცხოველი „ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთი და ვერცხლითა, თუალითა და მარგალიტითა“.

წმიდა მელქისედეკი რამდენიმეჯერ ეწვია ბიზანტიას და ისტორიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ ვიზიტების დროს მოხდა აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ საქართველოს ეკლესიის მამამთავრისთვის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის დამტკიცება, თუმცა ტაო-კლარჯეთში, ჰარხლის ეკლესიის წარწერა კათოლიკოს-პატრიარქად მოიხსენიებს იოვანეს. (წმიდა იოვანე IV კათოლიკოს-პატრიარქი (980-1001 წწ.). ხსენება 3 (16) მარტი).

ისტორიამ შემოგვინახა წმიდა მელქისედეკის მიერ შედგენილი ანდერძი - „აღწერილი მცხეთის ტაძრისადმი“. სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შესწირა მცხეთის სვეტიცხოველს. ამავე საბუთიდან ირკვევა, რომ მელქისედეკ პირველმა სვეტიცხოველში გაიჩინა დასაკრძალი ადგილი-„სამხრეთ სადიაკვნოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამის მწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის გაზრდილი ჩემი იოვანე“. (კათოლიკოს-პატრიარქი იოვანე V (ოქროპირი) 1049 წ.).

წმიდა მელქისედეკის კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17 ოქტომბერს.