მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

დღესასწაული კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა
#წმინდათა ცხოვრება

ქართლის ცხოვრების მიხედვით მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ ებრაელებმა საქართველოში ჩამოიტანეს ძველი აღთქმის ერთ-ერთი სიწმინდე - წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხალენი და მათ იქადაგეს ერთი ღმერთის თაყვანისცემა.

იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადერკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა. იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი ჰურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ - შეიტყვეს, რომ „სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას. იპოვეს კიდეც მწირი ერთი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს პატივი და შესწირეს ძღვენი“.

გავიდა ოცდაცამეტი წელი. იერუსალიმიდან მოციქული მოვიდა მცხეთელ ურიებთან: „რომლისათვის იგი მოვიდეს მოგუნი და შესწირეს ძღვენი, აღზრდილ არს იგი და იტყვის თავსა თვისასა ძედ ღმერთისა და სხუასა რასმე ახალსა სჯულსა გვიქადაგებს და აწ წარმოგვევლინა მოციქულნი ყოველთ თანა ჰურიათა, რათა მოვიდნენ მეცნიერნი სჯულისანი. მოვედით უკუე ყოველნივე მოსეს სჯულისა და თანამდებნი და განვაბჭოთ მას ზედა“. ქართლიდან სინედრიონის ბჭობაზე ელიოზი და ლონგინოზი წარავლინეს. ელიოზის დედა მღვდელთა ტომიდან იყო. წასვლის წინ მან შვილს სთხოვა, წილი არ დაედო მესიის სისხლის დათხევაში, „რამეთუ ის არს სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთაგან თქმული“. როცა მაცხოვარი გოლგოთას მთაზე ჯვარს აცვეს, ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა ჩაქუჩის ხმა, „საშინელითა კრჩხიალებითა“ დაიძახა: „მშვიდობით მეუფებაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მხსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა!“ - და მყის აღესრულა. როცა უფლის კვართზე წილი ჰყარეს, ღვთის განგებულებით იგი მცხეთელებს შეხვდა. ელიოზმა და ლონგინოზმა კვართი ქართლში წამოასვენეს. მცხეთას მოსულ ელიოზს წინ შემოეგება „დაი თვისი“ სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა, ტირილით და გოდებით მოისმინა ძმისაგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. სიდონიას ვერანაირად ვერ გამოაცალეს კვართი ხელიდან და გადაწყვიტეს კუართითურთ დაესაფლავებინათ, მაგრამ კვლავ სასწაულის წინაშე აღმოჩნდნენ ურიები - ადგილიდან ვერ დაძრეს მიცვალებული. ეს ამბავი ისე გახმაურდა, რომ თვით მეფე ადერკი მივიდა სასწაულის სანახავად და დარწმუნდა რა ზეციური ნიშნების უტყუარობაში იესუ ქრისტეც აღიარა ღმერთად: „იესუ არს ერთი რომელიმე ღმერთთაგანი და განგებითა ღმერთთათა მოსრულ არს სოფლად და საკვირველებაი ესე მის მიერ არს და ვგონებ, ფრიად კეთილ არს ესე ქუეყანისა ამის ჩუენისათვის და მეფობისათვის ჩემისა, რამეთუ ნიჭი ესე მოევლინა ადგილსა ამას“. მეფემ მცველები დააყენა სიდონიას ცხედართან და თვითონ სასახლეში წავიდა. ცოტა ხანში მიწა გაიპო და სიდონია კუართიანად შთანთქა. ამ სასწაულმა კიდევ უფრო განამტკიცა ხალხში რწმენა. მალე ამ ადგილას კვიპაროსის ხე ამოვიდა, რომელიც სნეულებისაგან ჰკურნავდა ავადმყოფებს. სასწაულმოქმედ ხესთან გარეული ცხოველებიც მოდიოდნენ ჭრილობებისა და სენის მოსარჩენად.

სულთმოფენობის შემდგომ მოციქულებმა წილი ჰყარეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ქართლის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ მას მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა: „ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულვებელყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხვედრებულსა და თან წარატანე ხატი შენი, ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა“. ღვთის განგებულებით და ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოში საქადაგებლად წამოვიდა ანდრია პირველწოდებული.

ანდრიამ იქადაგა დიდაჭარაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით მოაქცია წარმართები, დაადგინა ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები, აღაშენა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. შემდგომ გადმოიარა მთა, რომელსაც რკინის ჯვარი ეწოდა, განვლო ოძხრის ხევი, მოაღწია სამცხის საზღვარს და დაივანა სოფელში, რომელსაც ზადენ-გორა ერქვა. აქ ლოცვით შემუსრა კერპები. აწყურში მთავრობდა ქვრივი ქალი სამძივრის გვარისა, რომელსაც ერთადერთი ვაჟი გარდაცვლოდა. წმიდა ანდრია მოციქულმა ღვთის ნებითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მადლით მიცვალებული აღადგინა მკვდრეთით. სამძივარმა ძითა და ყოველი სახლეულითურთ ნათელიღო. წმიდა მოციქულმა მესხეთში დაადგინა ეპისკოპოსი, მღვდლები, დიაკვნები. ამის შემდეგ იქადაგა კლარჯეთში, არტანუჯში, სომხითში და იერუსალიმში დაბრუნდა პასექის აღსასრულებლად. 

შეშინებულმა ადერკი მეფემ, მთლიანად არ მომსპარიყო ქართლში კერპთაყვანისცემა, ნათელღებული ქართველები კვლავ წარმართობაზე მოაქცია და შერისხა კლარჯეთის ერისთავი, რომელმაც მშვიდობით განუტევა წმიდა ანდრია. მოციქული კვლავ დაბრუნდა ქართლში. ამჟამად მას მატათა და სვიმონ კანანელი ახლდნენ თან. წმიდა მატათამ (ხს. 9 აგვისტოს) საქადაგებლად სვანეთს მიაშურა, წმიდა ანდრია და წმიდა სვიმონ კანანელი (ხს. 30 ივნისს) ოსეთს წავიდნენ და მრავალი მოაქციეს, შემდგომ კი აფხაზეთს მიმართეს. წმიდა სვიმონ კანანელი დარჩა ცხუმში, ხოლო წმიდა ანდრია ჯიქეთს წავიდა. ჯიქებმა არ შეიწყნარეს მოციქულის ქადაგება და მისი მოკვდინება ეწადათ, მაგრამ ღვთის მადლით გადარჩა. 

გავიდა ჟამი, ურჯულოთა ზედამდგომელობით და წარმართთა შიშით ქართველებმა დაივიწყეს შემოქმედი თვისა და ჯვარცმული მაცხოვარი,

წმიდა გიორგი კაბადოკიელის (ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) წამების ჟამს კაბადოკიაში ცხოვრობდა მართლმორწმუნე ცოლ-ქმარი, ზაბულონი და სოსანა (ხს.14 იანვარსა სა 19 მაისს). სოსანა იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის და იყო. ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, თავი უფლისათვის შეეწირათ, თავიანთი ქონება ღარიბებს დაურიგეს, მცირეწლოვანი ასული ძიძას ჩააბარეს აღსაზრდელად, თვითონ კი განდეგილ ცხოვრებას შეუდგნენ. ნინოს აღმზრდელი მოუთხრობდა უფლის ვნებების, ჯვარცმის, დაფლვის, აღდგომის და ამაღლების შესახებ. როცა ნინომ შეიტყო, რომ უფლის უკერველი კვართი დაფლული იყო წარმართთა ქალაქში, გადაწყვიტა ქართველები ქრისტეს სჯულზე მოექცია. იგი დაუმეგობრდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის გამზრდელს გაიანეს(ხს.30 სექტემბერს), რომლებიც სხვა ქალწულებთან ერთად ილტვოდნენ უსჯულო მეფის, დიოკლეტიანესგან და მათთან ერთად ჩავიდა სომხეთში. სომხეთის მეფის, თრდატის მიერ წმიდა ქალწულმოწამეთა მოწყვეტის შემდეგ სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ნინო ჯავახეთის მთებით ქართლში გადავიდა. ამ დროს ქართლში მეფობდა მირიანი. მას ცოლად ჰყავდა პონტოელი მთავარსარდლის ასული ნანა. მირიანი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა: თაყვანს სცემდა ცეცხლსა და ქართულ კერპებს, ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ქრისტიანული მოძღვრების შესახებაც ჰქონდა გაგებული, მის ყურამდე მისული იყო წმიდა კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) მიერ მტრის სასწაულებრივი ძლევის ამბავი.

ქართლში მოსული ნინო ურბნისში ჩავიდა და ურიათუბანში დასახლდა. ოციოდე დღის შემდეგ მთელი ქართლი დაიძრა წარმართული ღვთაების, არმაზის დღესასწაულზე. დღესასწაულს მთელი სამეფო კარი ესწრებოდა. წმიდა ნინომ ლოცვა აღავლინა ღვთის წინაშე და არმაზის, გაცის და გაიმის კერპები სასწაულებრივ დაიმსხვრა. ნინო მცხეთაში დასახლდა. ის ყველას ეკითხებოდა კვართის ამბავს, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი არავის ახსოვდა. ამ ძიებაში ნინომ გაიცნო მცხეთელ ჰურიანთა მღვდელმოძღვარი აბიათარი, ელიოზის შთამომავალი, მისი ასული სიდონია და კიდევ ექვსი დედა. წმიდა ნინომ ისინი ქრისტეს სჯულზე მოაქცია, მაგრამ რადგან მღვდელი არ იყო, ნათლისღების საიდუმლო არ ჩაუტარებიათ.

წმიდა ნინომ უფლისგან კურნების ნიჭი მიიღო. ის ჯვარცმული მაცხოვრის სახელითა და ვაზის ჯვრის მადლით კურნავდა დავრდომილებს. ნანა დედოფალი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნინოს ქადაგებას, გმობდა ახალ მოძღვრებას და მის მქადაგებელს. მირიან მეფეს კი „აქუნდა სურვილი ქრისტეს სჯულისა და არა დააბრკოლებდა ქადაგებად ნინოს და მოწაფეთა მისთა“.  ერთხელ მან ებრაელთა დევნისაგან ფარულად დაიხსნა აბიათარ მღვდელი, ასული მისი სიდონია და სხვა ქრისტიანები.

გავიდა ხანი. ერთხელ ნანა დედოფალი დასნეულდა და წმიდა ნინოს ლოცვამ იგი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა, რის შემდეგაც ნინომ აღიარა მაცხოვარი. დედოფლის განკურნების შემდეგ მირიან მეფე კიდევ უფრო დაინტერესდა ქრისტეს სჯულით და უარყოფილ აბიათარს ხშირად ეკითხებოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე. აბიათარმა მას ნებროთის წიგნი წააკითხა. მეფეს ქრისტეს სჯულზე მოქცევის სურვილი გაუჩნდა.

ერთ დღეს მირიანი სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. მოუხდა უჩინო მტერი, გულში კვლავ ჩაუდო კერპთა და ცეცხლის სიყვარული და მახვილით მოსწყვიტა ქრისტიანნი. მან გადაწყვიტა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ქრისტიანთა განდევნა და ნინოს მოკვდინება. მთაზე ასულ მეფეს მზე დაუბნელდა და მის ირგვლივ უკუნი ღამე ჩამოწვა. შეშინებულმა მირიანმა კერპებს მოსთხოვა დახმარება, მაგრამ ისინი უგრძნობნი იყვნენ მლოცველის მიმართ. მაშინ მეფემ ჯვარცმულ ღმერთს შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მირიანმა განაპყრნა ხელნი აღმოსავლისაკენ და თქვა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა, უფალი ყოველთა ზედა უფლებათა, ღმერთი რომელსა ნინო იტყვის“. მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოსთან მივიდა, მისი რჩევით მეორე დღესვე მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს, კონსტანტინე მეფესთან და სთხოვა, მღვდლები გამოეგზავნა ნათლისღებისათვის.  

სანამ კონსტანტინეპოლიდან მღვდლები ჩამოვიდოდნენ, მირიან მეფემ ეკლესიის აშენება გადაწყვიტა სამეფო ბაღში. ხუროებმა ნაძვის ხისგან შვიდი სვეტი დაამზადეს. წმიდა ნინო მოწაფეებთან ერთად ლოცვად დადგა. გათენებისას ზეცით გარდამოხდა ნათლით შემოსილი, „ყოვლად ცეცხლითა მობლარდნილი“ ჭაბუკი, ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი ღვთივ გაბრწყინდა და თორმეტი წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა ჰაერში. მთელი მცხეთა დაიძრა ნათლის სვეტის თაყვანსაცემად. მის მიახლოებაზე ავადმყოფები ინკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ, დავრდომილნი აღსდგებოდნენ.

ამასობაში კონსტანტინეპოლიდან დაბრუნდნენ მოციქულები ეპისკოპოს იოანეს, მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით. წმიდა კონსტანტინე დიდმა ქრისტეს სჯულს შემდგარ მეფეს და ერს გამოუგზავნა ჯვარი და ხატი მაცხოვრისა, ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი - კვარცხლბეკი და ორი სამსჭვალი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

მტკვრისა და არაგვის შესართავთან ნათელი იღო მეფე-დედოფალმა, სამეფო კარმა და მთელმა ქართლმა. საზეიმო ნათლისღების შემდეგ იოანე ეპისკოპოსი და თანმხლებნი მისი ერუშეთს წავიდნენ, აღაშენეს ეკლესია და დატოვეს სამსჭვალი უფლისა, შემდგომ მანგლისს დაიწყეს ეკლესიის შენება და იქ ძელიცხოველის ნაწილი დაასვენეს.

მირიან მეფე შეწუხდა, მას სურდა სატახტო ქალაქშიც ყოფილიყო დასვენებული სიწმინდეები. წმიდა ნინომ მეფეს უთხრა, რომ მცხეთაში დიდი სიწმინდე-უფლის კვართი ინახებოდა. მეფემ აბიათარ მღვდელი დაიბარა, კვართის ამბავი გამოჰკითხა და სიხარულით აღივსო.

მცხეთაში, ერთი კლდის თავზე, მშვენიერი, სურნელოვანი, სასწაულმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლებით ისარნაკრავი მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა. როდესაც იოანე ეპისკოპოსს ეუწყა ეს ამბავი, ბრძანა: „ჭეშმარიტად ღვთისა მიერ აღმოცენებულ არს ხე იგი და დამარხულ ჟამისა მისთვის და აწ ღა მოეფინა მადლი ღვთისა ქართლსა და მის ხისგან ჯერ არს შექმნა ჯვარი პატიოსანი, რომელსა თაყვანი სცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან“.

მირიან მეფის ძემ, რევიმ, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევითა და ერის თანხლებით მოჭრა ხე, რტოებითურთ წამოასვენა და ეკლესიის სამხრეთით აღმართა. ხეს ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში არც ფერი შეუცვლია, არც ფოთლები დასცვენია. შემდგომ ამ ხისგან სამი ჯვარი გააკეთეს. ამის შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში ხალხი ერთსა და იმავე ჩვენებას ხედავდა: ღამით ეკლესიას ვარსკვლავებით გარშემოტყმული ცეცხლოვანი ჯვარი ადგებოდა თავს, განთიადისას ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა სხვებს, ერთი აღმოსავლეთისკენ მიდიოდა, მეორე - დასავლეთისკენ, თავად ცეცხლოვანი ჯვარი კი არაგვს გაღმა, კლდოვანი ბორცვის თავზე ჩერდებოდა და იქედან უჩინარდებოდა ზეცაში. ამ სასწაულის გამო, წმიდა ნინოს რჩევით, მეფემ ერთი ჯვარი დასავლეთით, თხოთის მთაზე აღამართინა, მეორე - ქალაქ უჯარმაში, მესამე ჯვარისთვის კი ადგილი ვერ შეარჩიეს.

მირიან მეფემ ლოცვით შესთხოვა უფალს, მოენიშნებინა ადგილი, სადაც ჯვარი უნდა აღმართულიყო. ღმერთმა ისმინა კეთილმორწმუნე მეფის ვედრება და ანგელოზის პირით აუწყა, რომ ჯვარი აღემართა არაგვს გაღმა, კლდოვან ბორცვზე. როცა მცხეთაში ეს პატიოსანი ჯვარი აღიმართა, მაშინვე ყველა კერპი დაიმსხვრა ქართლში.

სიკვდილის წინ მეფემ აკურთხა ძე თვისი ბაქარი. წმიდა კეთილმსახური მეფე საკუთარი სურვილისამებრ დაკრძალეს ზემო ეკლესიაში (სამთავროს დედათა მონასტრის ეკლესია). მან არ ისურვა დასაფლავება ქვემო ეკლესიაში (სვეტიცხოველი), რომელსაც „წმიდათა წმიდაა“ ერქვა, იმ მოკრძალებისა და რიდის გამო, რომელიც დიდებული ნათლის სვეტის წინაშე ჰქონდა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ნანა დედოფალიც და დაიკრძალა იქვე, მირიან მეფესთან.