მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა თეოდოსი დიდი
11 (24) იანვარი

წმიდა თეოდოსი დიდი 424 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. მშობლებმა "განსწავლეს იგი სწავლითა’’ და ეკლესიაში მედავითნედ დაადგინეს. თეოდოსის ადრევე შთავარდნოდა "სიყვარული ღმრთისაი’’ და ამსოფლის საქმეთაგან განშორებაზე ფიქრობდა. მხურვალე ლოცვით განმტკიცებულმა და სახარებისეული შეგონებებით გამხნევებულმა, აღასრულა კიდეც განზრახვა - დატოვა მშობლიური ქალაქი და იერუსალიმის სიწმიდეთა მოსალოცად გაეშურა. წმიდა ქალაქიდან გამობრუნებულმა ყმაწვილმა ანტიოქიაში გაიარა და სვიმეონ მესკეტისაგან კურთხევა მიიღო. განჭვრეტის ნიჭმიმადლებულმა წმიდა მამამ სვეტიდან ჩამოსძახა ღვთის რჩეულს: "კეთილად მოხუედ, კაცო ღმრთისაო, თეოდოსი’’, შემდეგ კი თავისთან იხმო, ეამბორა მას და სიტყვიერ ცხოვართა მწყემსობა უწინასწარმეტყველა. საღვთო ტრფიალებით აღსავსე თეოდოსიმ რამდენიმე ხანი სიწმიდით განთქმული  ერთი განდეგილი ბერის მორჩილებაში დაჰყო, შემდეგ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა, ბოლოს კი განმარტოება ისურვა და პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც, გადმოცემით, იესოს თაყვანისცემის შემდეგ ბეთლემიდან გაბრუნებულ მოგვებს გაუთევიათ ღამე. ოცდაათი წელი ცხოვრობდა წმიდა მამა ამ მღვიმეში და ფიცხელი შრომითა და მარხვით ცდილობდა ხორციელი გულისთქმების დაოკებას.
"ვერ ხელ-ეწიფების დაფარვად ქალაქსა, მთასა ზედა დაშენებულსა’’,თეოდოსის სათნო ცხოვრების ამბავიც გახმაურდა და უწყვეტ ნაკადად მოემართებოდნენ მისკენ სულიერი დამოძღვრის მსურველები. რამდენიმე მათგანს წმიდანმა თავისთან დარჩენის ნებაც დართო. თეოდოსიმ "ინება საფლავის აღშენებაი, რათა ძმანი იგი ჰხედვიდენ მას და ყოველთა დღეთა სიკუდილსა მოიხსენებდენ და სარგებელ ეყოფოდის’’.
თეოდოსის ირგვლივ შემოკრებილ ძმათა რიცხვი თანდათან იზრდებოდა, საჭირო გახდა მათთვის საცხოვრებლების აშენება. "და შევარდა წმიდაი იგი ორთა გულისსიტყუათა შოვრის":დაყუდების სიყვარულის გამო შფოთს ერიდებოდა, მაგრამ შენებაც სურდა, "ცხორებისათვის, რომელნი მისდა მოვიდოდეს". მან ღმერთს შესთხოვა, განეცხადებინა თავისი ნება. საცეცხლურში ჩამქრალი ნახშირი ჩაყარა, ზედ საკმეველი დაადო, ხელთ იპყრა იგი და ასე მოიარა სამონასტრედ საგონებელი ყველა ადგილი. "და ვითარ არარაი იხილა", უკანვე დაბრუნდა. როცა თავის მღვიმეს მიუახლოვდა, უეცრად ნახშირი ნაკვერცხლად იქცა და საკმევლის საამო სანი დაიფრქვა ირგვლივ. ასე გაცხადდა ღვთის ნება. წმიდანმა აქ ააგო პირველი საერთო საცხოვრისი ანუ ლავრა, რომელიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდა. თეოდოსის სავანეში სიხარულით ღებულობდნენ და ნუგეშს სცემდნენ უცხოებს, გლახაკებს და "ყოველთა, რომელნი მისა მიივლტოდიან". ერთხელ, შიმშილობის დროს, უამრავი ხალხი მოგროვდა და " შეეშინდა მსახურთა, ნუუკუე პური ვერ ეყოს სიმრავლესა მას ერისასა". ღმერთს მინდობილმა იღუმენმა ბრძანა, გაეღოთ კარები. დამშეული ხალხი ტაბლების ირგვლივ დასხეს."ჭამეს ყოველთა... და განძლეს და წარვიდეს და ადიდებდეს ღმერთს", მონასტრის ბეღელს კი არაფერი დაკლებია.

წმიდა მამა ზრუნავდა სნეულებზეც. მან ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანის ბევრი მოწაფე უდაბნოს გარეთაც მოსაგრეობდა: ზოგმა მეუდაბნოეობის ღვაწლი იტვირთა, ზოგიც ეპისკოპოსად და სხვადასხვა სავანეთა იღუმენად დაადგინეს.
"და ვინმცა შეუძლო მოთხრობად ყოვლისა, რავდენსა წმიდაი იგი იქმოდა ფერად-ფერადთა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა დღე და ღამე?" ყოველ კვირას, შაბათის მწუხრიდან გათენებამდე, იგი ძმებს მღვიძარებაში ამყოფებდა, ლოცვის შემდეგ კი მოციქულთა და ეკლესიის მამათა გამონათქვამებით მოძღვრავდა.
იმპერატორ ანასტასის (491-518) ზეობისას იმპერიაში გავრცელდა ევტიქისა და სევერუსს მწვალებლობა, რომლებიც "უთავოებად"(ბერძნულად - აკაფალებად) იწოდებოდნენ საღმრთო საიდუმლოებისა და სამღვდელო მადლის უარყოფის გამო. თეოდოსი აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად: ყველა მონასტრის წინამძღვარი შეჰკრიბა, მათთან ერთად მეფეს მისწერა წერილი, რომელშიც დაგმო მსოფლიო კრებებზე ანათემას გადაცემული ყველა ერესი და განაცხადა: ბერები "არ მიერჩდებიან შეწყნარებასა სევეროსისასა და არცა სხვასა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაითხიოს". იმპერატორი ცოტა ხნით დაცხრა, მაგრამ შემდეგ კვლავ განაახლა დევნა. მაშინ საღვთო შურით აღძრული წმიდა მამა იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ტაძრის ამბიონიდან შეაჩვენა მწვალებლობა.
წმიდა თეოდოსის ღმერთმა წინასწარხედვის ნიჭი მიჰმადლა, მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა: ბეღელში იფქლი მრავლდებოდა, გვალვის დროს წვიმა მოდიოდ, უშვილო დედებს შვილები ეძლეოდათ, სნეულებათაგან იკურნებოდნენ, განსაცდელებიდან უვნებლად გამოდიოდნენ...
ღირსმა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე. 105 წლის ასაკში, სიკვდილამდე სამი დღით ადრე, "სალმობასა თანა სიბერე დიდით" დამძიმებულმა წმიდანმა, უდაბნოს ყველა მამასახლისს სამ-სამი სეფისკვერი დაუგზავნა ევლოგიად და სამი დღის შემდეგ ყველანი თავისთან იხმო. როცა მამები შეგროვდნენ, წმიდა ათანასემ მოიკითხა ისინი, დალოცა, შემდეგ კი ხელები აღაპყრო, ილოცა და სიტყვებით: "ხელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა ჩემსა," მიიცვალა. ეს მოხდა 529 წელს.