მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ტატიანა
12 (25) იანვარი

წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასულიც ღვთის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულობა დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთერთ ტაძარში ავადმყოფებს უვლიდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.
როცა რომში თექვსმეტი წლის ალექსანდრე სევერული (222-235) გამეფგა, ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა უბოროტესმა მტერმა, ულპიანემ ჩაიგდო ხელში. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, აპოლონის ტაძარში მიიყვანეს და აიძულებდნენ, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. ქალწულმა გულმხურვალე ლოცვით შემწეობა სთხოვა უფალს. ლოცვის პასუხად უეცრად საშინლად შეიძრა მიწა, კერპი დაიმსხვრა, ტაძრის ნაწილი ჩამოიქცა და კურუმები და წარმართნი ქვეშ მოიყოლა, შემდეგ საშინელი გოდების ხმა დაისმა და კერპში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა დატოვა იქაურობა. ყველა ცხადად დაინახა, თუ როგორ გაიელვა ჰაერში მისმა ბნელმა აჩრდილმა. გამხეცებულმა უსჯულოებმა სასტიკად გვემეს წმიდანი. თვალები დათხარეს, ის კი მოთმინებით იტანდა ტკივილებს და უფალს შესთხოვდა, სულიერი თვალები აეხილა მისი  მტანჯველებისათვის. ყოვლადსახიერმა ღმერთმა შეისმინა მხევლის ვედრება და ჯალათებმა ცხადად დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები. ამ სასწაულის მხილველმა უსჯულოებმა ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს, ფეხებში ჩაუვარდნენ ტატიანას და პატიება სთხოვეს. რვავე ჯალათყოფილი ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს.
მეორე დღეს უღმერთოებმა წმიდა ტატიანას ტანჯვა განაგრძეს: გააშიშვლეს, სასტიკად გვემეს და სხეული სამართებლით დაუსერეს. მაშინ მოხდა კიდევ ერთი სასწაული: ქრისტეს ტარიგის ჭრილობებიდან რძემ გადმოხეთქა და ირგვლივ კეთილსურნელება დაიფრქვა. ჯალათებს ძალა გამოეცალა და განაცხადეს, ვიღაც უხილავი რკინის ჯოხით გვცემსო. ცხრა მადგანი იქვე გარდაიცვალა. წმიდა ქალწული საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მთელი ღამე ლოცვად იდგა და ანგელოზებთან ერთად  ადიდებდა უფალს. დილით ტატიანა კვლავ სამსჯავროზე გაიყვანეს. მტარვალები გაოგნდნენ, როცა იხილეს, რომ მას წამების კვალი არც ეტყობოდა, პირიქით, კიდევ უფრო გამშვენებული ჩანდა და პირისახე უწინდელზე მეტად უბრწყინავდა. ქალწულმოწამეს მოსთხოვეს, დიანას კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. როცა საკერპოში მიიყვანეს, წმიდანმა პირჯვარი გადაისახა და სასოებით ჰხადა უფალს. უეცრად მეხისტეხამ გააყრუა უქაურობა და კერპი, წინაგამზადებული ძღვენი და ქურუმები ზეციურმა ცეცხლმა დაანახშირა. ვერც ამ სასწაულმა მოიყვანა გონს უღმერთოები: მათ ტატიანა კვლავ საშინლად აწამეს და საკანში დააბრუნეს, სადაც ისევ უფლის ანგელოზები გამოეცხადნენ მას და დაუამეს წყლულები. მეორე დღეს მოწამე ცირკში მიიყვანეს, დამშეული ლომი გამოუშვეს მის დასაგლეჯად, მაგრამ მხეცმა მას მორჩილად აულოკა ფეხები. ამის შემდეგ ტატიანა კოცონში ჩააგდეს და როცა ცეცხლმაც არ დაწვა, წარმართებმა იფიქრეს, საქმე ჯადოქართან გვაქვსო. ნეტარი დედისთვის "მაგიური ძალა" რომ გამოეცალათ, მას თმები მოაკვეცეს და ზევსის ტაძარში გამოკეტეს. მესამე დღეს წარმართთა ბრბოთი გარშემორტყმული ქურუმები მივიდნენ მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად და კარები გააღეს, მაგრამ კერპი დამსხვრეული დაუხვდათ. სიხარულით გაცისკროვნებული ტატიანა ადიდებდა უფალს. ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი. წმიდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც.