მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა დიონისე არეოფაგელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა დიონისე არეოფაგელი ათენში ცხოვრობდა, იქვე მიიღო კლასიკური ელინური განათლება, შემდეგ კი ეგვიპტეში, ქალაქ ილიოპოლისში განისწავლა ასტრონომიაში. წმიდანი თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს. "ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას”,-უთქვამს მას მაშინ. ათენში დაბრუნებული დიონისე არეოპაგის-ათენის უზენაესი სამსჯავროს წევრად აირჩიეს. როცა არეოპაგის წინაშე წარმდგარმა პავლე მოციქულმა წარმარტებს "უცნაური ღმერთის’’ განკაცება ახარა და ქრისტიანული სწავლება უქადაგა, წმიდანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე გახდა. სამი წლის განმავლობაში იგი მოძღვართან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ კი მოციქულმა პავლემ მას ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
ჯერ კიდევ ყოვლადწმიდა ქალწულის სიცოცხლეში, ათენიდან იერუსალიმში საგანგებოდ მის სანახავად ჩასული დიონისე პავლე მოციქულს წერდა: "ღმერთია მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი. ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას, რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე - ცის კაბადონზე, ყოვლადწმიდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული ნეტარებისა და ზეციური დიდების ეს ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე”.
პავლე მოციქულის აღსრულების შემდეგ დიონისე, რომელსაც სურდა, გაეგრძელებინა მისი საქმე, დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად. მას თან ახლდნენ მოძღვარი რუსტიკი და დიაკონი ელეფთერი. წმიდანმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე ჯერ რომში, შემდეგ - გერმანიასა და ესპანეთში. გალიაში წარმართი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, სამივე აღმსარებელი შეიპყრეს და საპყრობილეში ჩაყარეს. ღამით წმიდა დიონისემ საღვთო ლიტურგია აღასრულა უფლის ანგელოზებთან ერტად, დილით კი მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. დიონისემ თავისი მოჰკვეთილი თავი აიღო, ტაძრამდე მივიდა და მხოლოდ იქ დაეცა. მისი ცხედარი კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა.
დიონისე არიოპაგელის სწავლებამ ჩვენამდე მოაღწია ოთხი წიგნით: "საღმრთოთა სახელთათვს”, "ზეცათა მღვდელთმთავრობისათვს”, საეკლესიო მღვდელთმთავრობისათვის”, "საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათვს” და ათი ეპისტოლით.
წმიდა დიონისე არეოპაგელის თხზულებებს (ე.წ. არეოპაგელის წიგნებს) განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებელ ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის. თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე, VI ს-ის I ნახევრამდე, წმიდა მამის სწავლება მხოლოდ საიდუმლო გადმოცემებით იქნა შემონახული, უმეტესად, ალექსანდრიის ეკლესიის ღვთისმეტყველთა მიერ. მას იცნობდნენ კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენი, დიონისე დიდი, რომლებიც მემკვიდრეობით განაგებდნენ ალექსანდრიის სასწავლებელს, და გრიგოლ ღვთისმეტყველი.
წმიდა დიონისე არეოპაგელის თხზულებები XI ს. მეორე ნახევარში ქართულ ენაზე მთლიანად თარგმნა წმიდა ეფრემ მცირემ.