მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა დიდმოწამე ბარბარე
4 (17) დეკემბერი

წმიდა დიდმოწამე ბარბარე იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. მამამისი, მდიდარი და დიდებული წარმართი დიოსკორე, ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იგი ადრე დაქვრივდა და მეუღლისაგან ერთადერთი შვილი - ბარბარე დარჩა. დიოსკორეს ძალიან უყვარდა ასული და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ხედავდა რა ბარბარეს გასაოცარ მშვენიერებას, მან გადაწყვიტა, ნეტარი გარეშე თვალთაგან ფარულად აღეზარდა: მაღალი კოშკი ააგო, ასული შიგ გამოკეტა და წარმართი აღმზრდელების გარდა მასთან არავის უშვებდა.
გოდოლში გამომწყვდეული წმიდანი შვებას ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა: დღისით აყრილი ტყეებით დაფარულ მთებს, მშფოთვარე ნაკადულებს, მინდვრის ყვავილებით ნაირფერად მოჩითულ ხალიჩას გასცქეროდა, ღამით - მანათობელი ვარსკვლავებით მოჭედილ თვალუწვდენელ ცას. მალე გოგონამ ამ უზარმაზარი და ჰარმონიულად შექმნილი სამყაროს პირველმიზეზსა და შემოქმედს დაუწყო ძიება. აღმზრდელები მას ასწავლიდნენ, ყველაფერი იმ კერპებმა შექმნეს, რომელთაც ჩვენ ვეთაყვანებითო, თავად კი თანდათან იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ სამყაროს უეჭველად ერთი შემოქმედი უნდა ჰყოლოდა. ქალწული თანდათან ივსებოდა ღვთის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა.
ამასობაში ქალაქში გავრცელდა ხმა ბარბარეს მშვენიერების შესახებ და მრავალმა ჭაბუკმა იწყო მისი ხელის ძიება. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისწორი, რაზეც წმიდანმა მკაცრად მიუგო: "არა გიცნობიესა, მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე?" მამამ იფიქრა, ბარბარეს ჩაკეტილმა ცხოვრებამ გადაუსხვაფერაო ხასიათი, მას კოშკიდან გამოსვლის ნება დართო და მეგობრებისა და ახლობლების არჩევის სრული თავისუფლება მისცა.
ცოტა ხანში დიოსკორეს რაღაც საქმეების გამო შორს გამგზავრება მოუხდა. ამ დროს წმიდა ბარბარემ ქრისტიანი ქალწულები გაიცნო და მათგან სამებით თაყვანისცემული ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. ღვთის განგებით, იმავე ხანებში ჩავიდა ილიოპოლში ალექსანდრიელი ხუცესი, რომელმაც მონათლა წმიდა ქალწული. ბარბარემ ქალწულობის აღთქმა დადო და გადაწყვიტა, სიცოცხლე ღვთის სამსახურისათვის მიეძღვნა.
ერთხელ წმიდანი ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით დიდ აბანოს აშენებდნენ. დიოსკორეს ბრძანების მიხედვით, აბანოს ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა - მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად, ბარბარემ კი მშენებლებს მესამე სარკმლის გამოჭრაც სთხოვა. როცა შინ დაბრუნებულმა დიოსკორემ უკმაყოფილება გამოთქვა მშენებლობის გაგმის დარღვევის გამო, ასულმა მას ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა და უთხრა: "მე მნებავს მოქცევაი შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ სამი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა; ესე სამნი არიან მამაი, ძე და სული წმიდაი". ან სიტყვებმა დიოსკორე ისე გაააფთრა, რომ მახვილი იშიშვლა ქალიშვილის გასაგმირად, მაგრამ ბარბარემ გაქცევა მოასწრო. გამძვინვარებული მამა გამოუდგა ასულს. მათ გზა გადაუღობა სალმა კლდემ, რომლის ნაპრალმაც ისე შეიფარა წმიდანი, რომ მზერადაბინდულმა დიოსკორემ ვერაფერი შენიშნა. ნაპრალიდან გზა მაღლა ადიოდა. მამამ დიდხანს ეძება ბარბარე, ბოლოს მწყემსების დახმარებით მიაგნო გამოქვაბულში თავშეფარებულს და სახლში გამოკეტა. შემდეგ უსჯულომ ასული მმართველ მარტიანეს მიჰგვარა. ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა მარტიანემ ტკბილი სიტყვით სცადა მისი გადაბირება - ურჩია, მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მათთვის მსხვერპლი შეეწირა. პასუხად უფლის რჩეულმა მიუგო: "არა გიცნობიესა, ჰე უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ აქვს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ". მაშინ განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, შოლტით ეგვემათ წმიდანი. ბოლოს კი, ნაწამები, საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას საკანი ზეციური ნათლით გაბრწყინდა, მოწამის წინაშე თავად მაცხოვარი წარდგა და წყლულებისაგან განკურნა. მეორე დღეს მარტიანემ სრულიად უვნებელი ბარაბარე რომ იხილა, გაოცდა, მაგრამ მომხდარი სასწაული კერპების მოწყალებას მიაწერა და ქალწულს ურჩია, ეხლა მაინც შეეწირა მსხვერპლი მათთვის. წმიდანმა კვლავ მტკიცედ აღიარა ჯვარცმული მაცხოვარი. მაშინ ბარბარეს სიმტკიცით გაკვირვებულმა ჯალათებმაც ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც უმალ სიკვდილით დაისაჯნენ. ბარბარეს წამების საცქერლად შემოკრებილ ბრბოში იდგა ილიოპოლელი ქალწული იულიანაც, რომელიც თანდათან ივსებოდა მარტვილისადმი თანაგრძნობით და მის მსგავსად ქრისტესთვის თავის დადების სურვილით ინთებოდა. ბოლოს ნეტარმა ხმამაღლა დაიწყო მტარვალთა მხილება, რისთვისაც ისიც შეიპყრეს და ბარბარესთან ერთად საწამებლად შეაგდეს. წმიდანებს დიდხანს ტანჯავდნენ: კავებით უგლეჯდნენ სხეულს, მკერდი დაუსერეს, ტანსაცმელშემოძარცულებს დაატარებდსნენ ქუჩებში, სცემდნენ, დასცინოდნენ... უფლის აანგელოზმა კი ნეტარ ქალწულთა სიშიშვლე სპეტაკი სამოსით დაფარა. ბოლოს წმიდანებს თავის მოკვეთა მიუსაჯეს. ბარბარე თავად დიოსკორემ გაიყვანა სიკვდილით დასასჯელად. წმიდანმა მამას სთხოვა, უკანასკნელად გაეწია მისთვის ანგარიში და ლოცვის საშუალება მიეცა. ქრისტეს ტარიგმა ლოცვა რომ დაასრულა, ზეციდან გაისმა: "მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა იულიანას თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა შენსა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროისი ამისსა მიგცე შენ". ამის შემდეგ სულით გამხიარულებულმა ქალწულებმა მშვიდად მოუდრიკეს ქედი მახვილს (+დაახ. 306, 4 დეკემბერი). წმიდა ბარბარე მამამისის ხელით აღესრულა. როგორც კი დიოსკორემ ასულს მახვილი დასცა, იმავ წამს ზეციდან გარდამომხდარი საშინელი ელვა დაატყდა თავს და ერთიანად დაწვა, ფერფლი კი ამოვარდნილმა ქარმა გაფანტა. ასევე დაისაჯა მარტინეც: სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა და მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.
წმიდა ბარბარეს პატიოსანი ნეშტი ღვთისმოსავმა ვალენტინემ ილიოპოლიტში გადაასვენა, პატივით დაკრძალა და მის საფლავზე ტაძარი ააგო. VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული.