| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი სვიმეონ მესვეტე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი სვიმეონ მესვეტე კაბადოკიის სოფელ სისანში დაიბადა ხელმოკლე ქრისტიანების, სუსოტიონისა და მართას ოჯახში. სიყმაწვილეში იგი მამის ცხვრის ფარას მწყემსავდა და ამით თავის პირველ მორჩილებას კეთილსინდისიერად აღასრულებდა. ერთხელ ტაძარში, საღვთო ლიტურგიაზე სვიმეონმა სახარებისეული ნეტარებები მოისმინა, გააოცა მათმა სიღრმემ და იქვე მდგომ ბერს სთხოვა საკითხავის განმარტება. სულიერებაში წარმატებული მოხუცის პასუხმა მასში ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად ამსოფლის დატოვების სურვილი აღძრა, სალოცავად განმარტოვდა და დიდხანს მხურვალედ შესთხოვდა უფალს, წინ გასძღოლოდა ღვთისმსახურების ამ ურთულეს გზაზე. როცა ლოცვაში დაქანცულს ჩაეძინა, სიზმრისეული ჩვენებით იხილა, თითქოს რომელიღაც შენობისთვის საძირკველს თხრიდა. რამდენჯერმე გაჩერდა, რადგან ჩათვალა, რომ თხრილის სიღრმე საკმარისი იყო, მაგრამ გვერდით მდგომი კაცი საფუძვლის კიდევ უფრო და უფრო გაღრმავებას ავალებდა. ბოლოს სვიმეონი შეუჩერებლად შეუდგა თხრას და მანამ მუშაობდა, სანამ იმავე ხმამ არა „ჰრქუა კმაყოფაი სიღრმისაი და მიერთაგან ამცნო შენებაი“. ამ ჩვენებით ჭაბუკმა გულისხმაჰყო, რომ ცხონებისათვის დაუცხრომელი და მოუწყინებელი ღვაწლი იყო საჭირო. ხილვის შემდეგ უფლის რჩეული წამოდგა, მახლობლად მდებარე მონასტერს მიაშურა და შვიდი დღე ჭიშკართან მდგომი, მშიერმწყურვალი ცრემლებით ითხოვდა მიღებას. კვირის თავზე იგი საძმოში ჩარიცხეს. 18 წლის ასაკში სვიმეონი უკვე ბერად აღიკვეცა და მალე მკაცრი ცხოვრებით ყველა ძმას გადააჭარბა. ის იმდენად მკაცრად ეპყრობოდა საკუთარ თავს, რომ წინამძღვარი შეშინდა, სხვები, უფრო სუსტები, მისი მიბაძვით თვითმკვლელობამდე არ მისულიყვნენ და წმიდანს სავანის დატოვება უბრძანა. ახოვანმა მოსაგრემ ბევრი იხეტიალა უდაბნოსა და მთებში, ბოლოს კი ერთი ამომშრალი ჭის ფსკერზე დამკვიდრდა. რამდენიმე ხნის შემდეგ იღუმენმა ჩვენებით იხილა ანგელოზები, რომლებმაც მას სვიმეონის სავანეში დაბრუნება უბრძანეს. წინამძღვარმა ძმებთან ერთად მოძებნა სიკვდილის პირას მისული მამა და მონასტერში მიიყვანა, მაგრამ აქ იგი დიდხანს არ დარჩენილა. უფლის რჩეულმა დაბა ტაკლანისის მახლობლად მდებარე ვიწრო გამოქვაბულს შეაფარა თავი, სადაც სამი წელი დაჰყო დაუცხრომელ ღვაწლში. ერთხელ მან გადაწყვიტა, მთელი დიდმარხვის მანძილზე არანაირი საჭმელი და სასმელი არ მიეღო. ღვთის შეწევნით შეასრულა კიდეც განზრახვა და ამის შემდეგ ყოველ წელიწადს წმიდა ორმოცს ასე ატარებდა. ამასთან ოცი დღე ფეხზე მდგომი ლოცულობდა, ოცი დღე კი - იჯდა. სამი წლის შემდეგ წმიდა სვიმეონმა მთის წვერზე დაიწყო მოსაგრეობა. აქ მასთან უამრავი ხალხი მოდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან, თან ყველსა კურთხევის მისაღებად შეხების სურვილი ჰქონდა. ასეთმა თაყვანისცემამ და შფოთმა მეტად დაამძიმა ნეტარი და სათავე დაუდო მანამდე არნახულ ღვაწლს. ააგო ექვსი წყრთის სიმაღლის სვეტი, ზედ მოწყობილ ვიწრო სენაკში დამკვიდრდა და გაძლიერებულ ლოცვასა და მარხვას მიეცა. სვეტი თანდათან მაღლდებოდა: იგი ჯერ ოც, შემდეგ კი 36 წყრთამდე გაიზარდა. ღირსი მამა მოთმინებით იტანდა პაპანაქებასა და ზამთრის სუსხს, მისი საზრდელი გამხმარი ხილი და წყალი იყო. სვიმეონის ამგვარი ჯერ არგაგონილი ღვაწლის შესახებ უდაბნოში მცხოვრებმა მამებმა შეიტყვეს და გამოცდის მიზნით სვიმეონთან მოციქულები გაგზავნეს, „რაითა შენრისხნენ მას უცხოისა მისთვის მოგონებისა ასწაონ სლვად გზასა განკეცილსა, რომელი წარვლიეს სხუათა წმიდათა პირველ მისსა“; თან წარგზავნილები დაარიგეს, რომ თუ სვიმეონი არ მოუსმენდა მათ, ძალით ჩამოეყვანათ სვეტიდან, ხოლო თუ ჩამოსვლას მოისურვებდა, დაეტოვებიათ, რადგან მაშინ ცხადი გახდებოდა, რომ მისი მოღვაწეობის ახალი სახე ღვთისგან იყო. როცა მოციქულები მივიდნენ წმიდანთან და მამათა კრებულის გადაწყვეტილება აცნობეს, მან მაშინვე ჩამოსვლა დააპირა. ეს რომ იხილეს, მივლინებულებმა შეაჩერეს იგი, მამათა ნება განუცხადეს და „ჰლოცვიდეს მას სამარადისოდ და შეუცვალებლად დგომად სვეტსა მას ზედა“. ბოროტი გამუდმებით ცდილობდა, შეერყია წმიდანის სიმტკიცე, მაგრამ ნეტარი უფლის შემწეობით ყოველთვის სძლევდა საცდურებს. ერთხელ ეშმაკმა ანგელოზის სახე მიიღო, ცეცხლოვან ცხენებშებმულ ეტლში ეჩვენა სვიმეონს და ამცნო, შენი წმიდა ცხოვრება იმდენად სათნო-ეყო უფალს, რომ ზეცაში შენი ცოცხლად ასატაცებლად გამომგზავნაო. უფლის რჩეული ცდუნდა და მარჯვენა ფეხი გადადგა ეტლზე დასადგმელად, თან პირჯვარი გადაისახა, მაშინ დემონი გაქრა. სვიმეონი მიხვდა, რომ ყველაფერი მტრის ხრიკები იყო. ღირსმა სვიმეონმა 80 წელი დაჰყო ბერულ ღვაწლში, მათგან 47 წელი სვეტზე იდგა. უფლისგან წინასწარცნობისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვებული მოღვაწე საოცარი თავმდაბლობითა და გულისხმიერებით გამოირჩეოდა. ღირსმა სვიმეონმა 459 წელს ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი ანტიოქიის პატრიარქმა მარტვირიუსმა (456-468 წწ.) სასულიერო პირთა და ხალხის სიმრავლის თანხლებით სვეტის სიახლოვეს მიაბარა მიწას.
|