მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა 458 წელს, ლეონ დიდის (457-474 წწ.) მეფობის დროს.

ცნობებს მისი ცხოვრების შესახებ ვხვდებით წიგნში „ლიმონარი“, სადაც ჩართულია სალამის (ალექსანდრიის მახლობლად) სავანის ბერების, ღირსი მამების, სოფრონისა და იოანეს მონათხრობები. ის ბერები პატრიარქ გენადის დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ღვთისმსახურები იყვნენ. მღვდელმთავარი გენადი გამოირჩეოდა სიმდაბლით, მოთმინებით, სიწმიდითა და თავშეკავებით.

ეკლესიაში წარმოქმნილი უკანონო ქმედებებისა და ცრუსწავლებების აღსაკვეთად წმიდა გენადიმ მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელზეც დაგმეს ევტიქის ერესი და აკრძალეს სიმონია (ხელთდასხმა საზღაურის საფასურად). მღვდელმთავარი ზრუნავდა იმაზე, რომ პირები, რომელთაც სასულიერო ხარისხის მიღება სურდათ, ღრმად ყოფილიყვნენ ჩახედულნი წმიდა წერილში.

ნეტარი გენადის პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში აშენდა წმიდა იოანე ნათლისმცემელის სახელობის დიდებული ტაძარი. ამავე ხანებში, რომიდან ჩამოსულმა სენატორმა, სტუდიოსმა დააარსა მონასტერი, რომელიც სტუდიონის სავანის სახელითაა ცნობილი.

ეკლესიის იკონომოსი წმიდა გენადის პატრიარქობის დროს იყო ღირსი მარკიანე (ხსენება 10 იანვარს). მღვდელმთავარმა აკურთხა ხუცესად ღირსი დანიელ მესვეტე (ხსენება 11 დეკემბერს).

ნეტარი მამა 13 წელი ერთგულად განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას და მშვიდობით მიიცვალა 471 წელს.