მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე კვირიანე კართაგენელი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი დაიბადა დაახლოებით 200 წელს ქალაქ კართაგენში (ჩრდ. აფრიკა). მან, მდიდარი წარმართი სენატორის შვილმა, შესანიშნავი საერო განათლება მიიღო და ახალგაზრდობაშივე ბრწყინვალე ორატორი და მჭერმეტყველებისა და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა.

იგი თავის ქონებას მდიდრულ ქეიფებს, განცხრომით ცხოვრებას ახმარდა, მაგრამ მაშინაც სხვა წარმართებთან შედარებით უფრო მკაცრ ზნეობრივ პრინციპებს ერთგულებდა და რაღაც უმჯობესს, შეუცნობს ელტვოდა. უფალმა გაუნათა გონება, გულწრფელად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ნათლისღებამდე წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თავად კი ხუცეს სესილიუსთან დასახლდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს, კართაგენის ეპისკოპოს დონატუსის გარდაცვალების შემდეგ კი, 248 წელს, ერთხმად აირჩიეს მღვდელმთავრად.

ნეტარი მამა მოშურნედ შეუდგა ეკლესიის კეითლმოწყობასა და ღვთისმსახურებას და მრევლში არსებული მანკიერებებთან ბრძოლას. ამ დროს, ღვთისმოყვარე იმპერატორ ფილიპეს ზეობისას, ქრისტიანები საკმაოდ მშვიდად ცხოვრობდნენ, მაგრამ აფრიკელ მართლმადიდებლებს შორის დიდი ბოროტებაც შეიპარა: არსებულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში მათ თანდათან გაუცივდათ გული სარწმუნოების მიმართ - უწინდელი საღვთო შური მიწიერი სიტკბოების, ფუფუნებისა და სიმდიდრის ტრფიალმა შეცვალა, ერთმორწმუნეთა შორის არსებული ძმური სიყვარული განქარდა, გლახაკები აღარავის ახსოვდა. კვიპრიანე ცდილობდა, სიტყვითა და პირადი მაგალითით გამოეფხიზლებინა ქრისტიანები და სიცოცხლის ჭეშმარიტი მიზანი დაენახვებინა მათთვის.

ამასობაში ტახტზე ავიდა ღვთისმოძულე დეკიუსი (249-251 წწ.), რომლის შესახებაც წმიდანმა წინასწარ შეიტყო სიზმრისეული ჩვენებით. დაიწყო ქრისტიანების საშინელი დევნა. ეპისკოპოსი კვირიანე მორწმუნეთა დაჟინებული თხოვნით გაიხიზნა, რომ საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებით დახმარებოდა დევნილებს.

კართაგენში კი ამაზრზენი ამბები დატრიალდა: ცხადად გამოჩნდა, თუ რა სახიფათოა შემსჭვალვა ამქვეყნიურ კეთილდღეობებზე, როგორ ანელებს ის ღვთის სიყვარულს. გულგრილმა ქრისტიანებმა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაიწყეს წარმართული მსხვერპლშეწირვის აღსრულება. ზოგიერთები არ სწირავდნენ კერპებს მსხვერპლს, მაგრამ ყიდულობდნენ მოწმობებს, რომ ეს წესი შესრულებული ჰქონდათ და ამგვარად ინარჩუნებდნენ სიცოცხლესა და ქონებას. განდგომილები ისე მრავლად იყვნენ, რომ მსაჯულები ვერ აუდიოდნენ უარყოფის ბარათების მიღებას და მომდევნო დღისთვის გადაჰქონდათ.

თავის ეპისტოლეებში წმიდა კვიპრიანე მოუწოდებდა ქრისტიანებს, მიემართათ ლოცვისათვის, როგორც ერთადერთი საიმედო იარაღისთვის, სთხოვდა ხუცესებს, ეზრუნათ უძლურებსა და სუსტებზე, ეღვაწათ დაცემულთა აღდგინებისათვის, ბრძანა, მთელი მისი ქონება  მართლმორწმუნეთათვის დაერიგებინათ, რომ უპოვარების გამო არ მიმხრობოდნენ წარმართებს. იგი ითხოვდა, ჩაენიშნათ მოწამეთა მიცვალების დღეები, რომ შემდეგ ყოველწლირად ამ დღეებში მათი ხსენება აღენიშნათ.

წმიდა მამა ხარობდა მათ გამო, ვინც არ შეუშინდა მტარვალთა წინაშე ქრისტეს აღიარებას, მაგრამ შიშობდა,რომ ამ ღვაწლს ამპარტავნობაში არ ჩაეგდო აღმსარებლები და მამაშვილურად აფრხილებდა: „დაე იყვნენ ისინი თავმდაბალნი, მშვიდნი და კეთილი მაგალითი მისცენ სხვებს შემდეგი მოქმედებითაც. ყველაზე მკაცრი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა. უფალმა ბრძანა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ (მ. 24.3) დაე ჰბაძვიდნენ იესო ქრისტეს, რომელმაც სწორედ თავისი ვნების წინ გვიჩვენა თავმდაბლობის უდიდესი მაგალითი, ფეხები დაბანა რა თავის მოწაფეებს... ახლა კი უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდა ეშინოდეთ მათ მტრის ხაფანგში მოხვედრისა, რომელიც, ნაგემები დამარცხებისათვის შურისძიების სურვილით აღძრული, მონდომებით ესხმის თავს ყველაზე ძლიერებს“.

კვიპრიანეს შიში გამართლდა: კართაგენის ეკლესიის განდგომილთა სულმოკლეობა იმდენად არ ტანჯავდა, რამდენადაც ზოგიერთი აღმსარებელის შეუფერებელი ამპარტავნება და საძრახი საქციელი. მათი ნაწილი, აღსრულებული ღვაწლით გაამაყებული, არღვევდა ეკლესიის წეს-კანონებს და საკუთარი სახელით აძლევდა წერილობით ნებართვებს იმ განდგომილებს, რომელთაც კრებულში დაბრუნება სურდათ; ეკლესიაში კი ოდითგანვე არსებობდა წესი, რომ მძიმე ცოდვილები მხოლოდ სრული მონანიების შემდეგ მიეღოთ.

გამოცდის ვადა იყო ერთი წლიდან სამ წლამდე, ცოდვის სიმძიმის მიხედვით, წეს-კანონების დარღვევამ ააღელვა რომისა და კართაგენის ეკლესიები და წარმოშვა განხეთქილება.

რომაელმა ხუცესმა ნოვაციანემ დაიწყო იმის მტკიცება, რომ ღვთისაგან განდგომილთა უფლის ეკლესიაში მიღება ყოვლად დაუშვებელია და ვერანაირ სინანულს ვერ ძალუძს მათი ცოდვის აღხოცა. მას ბევრი მიმდევარი გაუჩნდა.

წმიდა კვიპრიანე თავის ეპისტოლეებში გმობდა ნოვაციანელთა მწვალებლობას და იძლეოდა რჩევას, განდგომილებთან ურთიერთობაში შუალედური გზა აერჩიათ: თავი შეეკავებინათ ქარაფშუტული შემწყნარებლობისაგან, რომელიც შეცოდებულთაგან სინანულს არ ითხოვდა და ზედმეტი სიმკაცრისგანაც, სახარებისეული სწავლების სულს რომ არ ეთანხმებოდა.

ორი წლის შემდეგ, როდესაც დეკიუსი გარდაიცვალა, კვიპრიანე კართაგენში დაბრუნდა. მისი არყოფნისას მორწმუნეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადასაწყვეტად ნეტარმა მღვდელმთავარმა მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელმაც აღელვებულ ეკლესიაში მშვიდობის ჩამოგდება და ერთობის დამყარება სცადა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ტახტზე ავიდა გალიანუსი (253-268 წწ.), რომელმაც განაახლა ქრისტიანთა დევნა. კვიპრიანემ ამჯერად გადაწყვიტა, დარჩენილიყო ეპარქიაში და მრევლი ქრისტიანული მოვალეობების შესასრულებლად მოემზადებინა.

მოლოდინის საპირისპიროდ, აფრიკის ოლქში მკვიდრ ქრისტიანებს ამჯერად დევნა თითქმის არ განუცდიათ, მაგრამ სხვა უბედურება დაატყდათ თავს - შავი ჭირის საშინელი ეპიდემია.

სწორედ ამ მძიმე განსაცდელის ჟამს გამოჩნდა მართლმადიდებლური სარწმუნოების ძლიერება. მღვდელმთავარ კვიპრიანეს მადლმოსილი სიტყვებით და პირადი მაგალითით აღფრთოვანებული ქრისტიანები არც სიცოცხლეს და არც ქონებას არ ზოგავდნენ მიცვალებულთავის საკადრისი პატივის მისაგებად და განწირულთა დასახმარებლად, ზოგი მათგანი საკუთარ სახლში იფარებდა ავადმყოფებს.

ამ დროს დაწერა წმიდა მამამ წიგნი „სიკვდილიანობის შესახებ“, სადაც წუთისოფლის ამაოებასა და სწრაფწარმავლობაზე საუბრობს და ცდილობს, ქრისტიანთა გონება მომავალი, მარადიული ცხოვრებისაკენ მიმართოს.

ის-ის იყო ჟამიანობა შეწყდა, რომ ბარბაროსები შეიჭრნენ კართაგენის მოსაზღვრე, ნუმიდიის ოლქში და მრავალი ქრისტიანი ტყვედ წაასხეს. წმიდა კვიპრიანემ მრევლს მიმართა: „არა მარტო გრძნობა, სჯულიც გვავალებს, გამოვისყიდოთ დატყვევებული თანამოძმეები: ქრისტე მკვიდრობს მათში“. კართაგენელმა მართლმადიდებლებმა, მართლაც, გულთან მეტად ახლოს მიიტანეს ნუმიდიელთა გასაჭირი და უხვი შესაწირი გაიღეს მათ გამოსასყიდად.

253 წელს ტახტზე ავიდა იმპერატორი ვალერიანე (253-260 წწ.). მისი მეფობის პირველი ექვსი, მშვიდობიანი წლის მანძილზე კვიპრიანე გულმოდგინედ ზრუნავდა საეკლესიო საქმეების მოწესრიგებაზე. თუმცა, მოგვიანებით, იმპერატორ ვალერიანეს თავისი კეთილგანწყობა ქრისტიანთა მიმართ, მისი საყვარელი კარისკაცის - ვალერიანე მაკრინეს წაქეზებით, სიძულვილით შეიცვალა. სწორედ ამან გამოიწვია მაცხოვრის მსასოებელთა დევნის განახლება.

კართაგენის პროკონსულმა პატერნემ მღვდელმთავარ კვიპრიანეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. წმიდანმა უარი განაცხადა როგორც ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ისე კართაგენელ მღვდელმსახურთა სახელებისა და ადგილსამყოფელის გაცხადებაზე. ამისათვის ნეტარი მამა ზღვისპირა ქალაქ კურუბისში გადაასახლეს. დიაკონი პონტიუსი ნებით გაჰყვა მას თან.

იმ დღეს, როცა წმიდა ეპისკოპოსი გადასახლების ადგილზე ჩავიდა, უფალმა სიზმრისეული ჩვენებით აუწყა, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოწამეობრივად აღესრულებოდა. დევნილობისას წმიდანმა ბევრი ეპისტოლე და წიგნი დაწერა.

დაახლოებით 258 წელს ნეტარი მამა კურუბისიდან გაიწვიეს და სამსჯავროზე წარადგინეს. პროკონსულის ავადმყოფობის გამო სხდომა ერთი დღით გადაიდო. ის ღამე ნეტარმა ერთ-ერთი წარმართის სახლში გაატარა. ქალაქში ცნობილი გახდა მისი ადგილსამყოფელი და ამ სახლის სიახლოვეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი.

დილით მსაჯულმა კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა ნეტარს და როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღო, მახვილით თავის მოკვეთა მიუსაჯა. განაჩენი რომ მოისმინა, ქრისტეს ტარიგმა ღაღადჰყო: „დიდება უფალს!“ ხალხმა კი იხუვლა: „ჩვენც მასთან ერთად გვსურს სიკვდილი!“

სიკვდილით დასჯის ადგილს რომ მიაღწიეს, კვიპრიანემ აკურთხა ყველა და განკარგულება გასცა, მისი სახელით 25 ოქროს მონეტა ებოძებინათ ჯალათისათვის. შემდეგ საკუთარი ხელით აიკრა თვალები, ხელები იქვე მდგარ ხუცესსა და იპოდიაკონს შეაბორკვინა და ქედი მოუდრიკა მახვილს.

ნეტარი მამა 258 წელს აღესრულა მოწამეობრივად. მისი წმიდა ცხედარი ღამით წაასვენეს და პატივით დაფლეს პროკურატორ მაკრობიუს კანდიდიანეს კერძო საძვალეში. მოგვიანებით, კარლოს დიდის მმართველობის (771-814 წწ.) დროს მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს საფრანგეთში.

კვირიანე კართაგენელმა დაგვიტოვა ღვთივსულიერი თხზულებები და 80 ეპისტოლე. ისინი მიღებულ იქნა, როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიმუშები და მსოფლიო კრებებზე (ეფესოს III და ქალკედონის IV) იკითხებოდა.