მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა
#წმინდათა ცხოვრება

დადება პატიოსნისა სარტყლისა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში აღესრულა იმპერატორ არკადიუსის მმართველობის (395-408 წწ.) დროს.

ეს დიდი სიწმიდე, გადმოცემით, თავად ღვთისმშობელს ჩაუბარებია თომა მოციქულისათვის, შემდეგ კი მემკვიდრეობით გადაეცემოდა კეთილმსახურ ქრისტიანებს. მრავალი წლის შემდეგ, ლეონ ბრძენის (886-912 წწ.) ზეობისას, ღვთისმშობლის სარტყელმა სასწაულებრივად განკურნა ბოროტი სულით შეყრობილი იმპერატორის მეუღლე ზოია.

დედოფალს გამოცხადებით ეუწყა, რომ სნეულებისაგან ღვთისმშობლის სარტყლის შეხებით განიკურნებოდა. იმპერატორმა პატრიარქს დახმარება სთხოვა. მღვდელთმავარმა გახსნა დაბეჭდილი კიდობანი, რომელშიც სიწმიდე ინახებოდა, სნეულ დედოფალს შეახო და იგი მაშინვე განიკურნა. სამადლობლად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პარაკლისი ილოცეს, შემდეგ კი სიწმიდე კვლავ კიდობანში ჩააბრძანეს.

ამ აღსრულებული სასწაულის აღსანიშნავად დაწესდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სარტყლის დადების დღესასწაული.